მოწმის დაკითხვა გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა ნებაყოფლობითი გახდეს

მოწმის დაკითხვა გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა ნებაყოფლობითი გახდეს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელების შემდეგ, შესაძლოა მოწმის დაკითხვა გამოძიების მიმდინარეობისას ნებაყოფლობითი გახდეს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, თუ მოწმე უარს იტყვის გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე, ის ვალდებული იქნება ჩვენება სასამართლოზე მისცეს.

„ეს რეფორმა გულისხმობს იმას, რომ ჩვენს გამომძიებლებს და პოლიციელებს არ დაეკარგოთ ბერკეტი იმისთვის, რომ მაგალითად, ეფექტურად ებრძოლონ ისეთ დანაშაულებებს, როგორიცაა ტერორიზმი, განზრახ მკვლელობა, ასევე თუნდაც ყაჩაღობა და სხვა. მეორეს მხრივ, ჩვენ ვთავაზობთ, რომ შეიცვალოს მოწმის დაკითხვის წესი და ის იყოს ნებაყოფლობითი. თუმცა, თუკი მოწმე არ მისცემს ჩვენებას გამოძიებას, მაშინ ის წარდგენილი იქნება სასამართლოზე, სადაც სავალდებულო იქნება ჩვენების მიცემა. ამ რეფორმას ორი მიზანი აქვს, რომელიც ოთხმა უწყებამ ერთად შევიმუშავეთ, რომ გამომძიებელი დარჩეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში ეფექტურ ფიგურად და დაცული იყოს მოწმის უფლებები“, - განაცხადა წულუკიანმა.

მთავრობის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.