ევროპალატის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა

ევროპალატის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა

საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო ირაკლი ღარიბაშვილისა და რიჩარდ ვებერის შეხვედრის მთავარი თემები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროპალატის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით გადაიდგა და ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

ევროპალატის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო.

ცნობისთვის, ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს და 45 პალატას აერთიანებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია 2000 წლიდან. წევრი პალატების ხაზით, ევროპალატა 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას მოიცავს.