საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ ტერორიზმის საფრთხეზე საუბრისას განუცხადა.
"პარიზში განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე ლიბანში, ანკარაში, სინაის მთაზე მომხდარმა ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ჩვენს მთავრობებს მართებს წინდახედულობა. ტრანსნაციონალური საფრთხე არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშეც დგას. საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობას მართებს საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა", - განაცხადა იან კელიმ და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოსთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.