შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური ვითარებაა - უსაფრთხოების სამსახურები ფლობენ და აკონტროლებენ სიტუაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს პარლამენტში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს შეხვდა.
დახურული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარ თემა ტერორიზმის საფრთხეები იყო.
"იყო საუბარი ტერორიზმზეც. თავისთავად ცხადია, პარიზში განხორციელებული ტერაქტის ფონზე, ზოგადად მსოფლიოში, ყველგან, ყველა ქვეყანაში ისმება კითხვა, რა მდგომარეობაა და რამდენად შეუძლია სახელმწიფოს მოახდინოს ტერორიზმის პრევენცია. ეს კითხვა ჩვენს დარბაზშიც დაისვა. მე შევძელი მხოლოდ ზოგადი პასუხი გამეცა, რამდენადაც არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისაუბრო. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. შესაბამისად, განვიხილეთ ყველა არსებული ვითარება. პრემიერმა, უსაფრთხოების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაქსიმალურად გავამკაცროთ შესაბამისი რეჟიმები იმისთვის, რომ მოვახდონოთ მოქალაქეების დაცვა. ასევე, ზოგადად გავეცანით არსებულ მდგომარეობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური ვითარებაა. უსაფრთხოების სამსახურები ფლობენ და აკონტროლებენ სიტუაციას, მაქსიმალურად არიან დაკვირვების ქვეშ მოწყვლადი ჯგუფები. ასევე გაძლიერებულ რეჟიმში ხდება საზღვრის დაცვა. ვფიქრობ, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე, დავგეგმეთ, რომ რიგი მიმართულებებით დამატებით შემოვიტანოთ ტექნიკური საშუალებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი მოქალაქეების დაცვას მოხმარდება", - განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატის ცნობით, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო ატაშეებთან შეხვედრისას, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ აქცენტი გააკეთა იმის თაობაზე, რომ კომიტეტს სჭირდება მეტი რესურსი, რათა საპარლამენტო კონტროლი უკეთ განახორციელოს.
"მხედველობაში ჰქონდა თანამშრომლები, ფინანსური შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას კომიტეტს არ ჰქონდეს შემაფერხებელი ფაქტორები", - აღნიშნა სესიაშვილმა.