თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე, უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ არ უმსჯელიათ.
როგორც ხიდაშელმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ როდის დაინიშნება უშიშროების საბჭოს სხდომა.
"არ მიგვიღია არანაირი კონკრეტული ინფორმაცია უშიშროების საბჭოს გეგმებთან დაკავშირებით. თარიღის შესახებაც ინფორმაციას არ ვფლობ. შეხმიანება იყო უშიშროების საბჭოდან სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით, მოგვაწოდეთ თქვენი კალენდრებიო, მაგრამ ჩანიშნული რომაა თვის ბოლოს, ეს არ ვიცი", - განაცხადა ხიდაშელმა.
კითხვაზე, რამდენად უნდა იყოს პრეზიდენტი საქმის კურსში ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ხიდაშელი აცხადებს, რომ არა მარტო პრეზიდენტი, საქმის კურსში პარლამენტი და ჟურნალისტებიც უნდა იყვნენ.
"ამაზე საუბარი საბჭოს სხდომაზე არ ყოფილა. პარლამენტიც საქმის კურსში უნდა იყოს, პრეზიდენტიც და იმ დოზით, რაც უნდა იცოდეთ, ჟურნალისტებიც საქმის კურსში უნდა იყვნენ. ეს მგონი ჩვეულებრივი ამბავია. ამაზე არ გვისაუბრია", - აღნიშნა მინისტრმა.