"ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს"

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, იმ ფონზე, რაც დღეს ევროპაში ხდება, საქართველოს საზღვარზე კონტროლის გამკაცრება პირველი რიგის საჭიროებაა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოზე კონკრეტული გეგმები განიხილეს, სადაც უმთავრესად ყურადღება საზღვრის გამკაცრებაზე გაკეთდა.

"როდესაც ასეთი სხდომა ტარდება, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან კონკრეტული გეგმები უნდა განივიხლოთ და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, უწყებების მიხედვით ავიღოთ პასუხისმგებლობები. ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს სადაზვერვო სამსახურები, ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში და შესაბამისად, ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია. ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ ველოდებით. ბუნებრივია იმ ფონზე, რაც ევროპაში ხდება, პირველ რიგში საზღვრის გამკაცრებაა საჭირო და იმ ღონისძიებების გაკეთება, რომ არ მოხდეს გნებავთ ჯგუფური და ინდივიდუალურად საფრთხის მატარებელი ელემენტები. ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც დღეს არ მოგვიგონია, რა თქმა უნდა, ამოქმედებას იწყებენ იმის მიხედვით, რა ხდება ქვეყანაში და მის გარეთ", - განაცხადა ხიდაშელმა. 

რაც შეეხება საქართველოდან სირიაში საბრძოლველად წამსვლელების კონტროლს, მინისტრის თქმით, ეს საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან ამის საწინააღმდეგოდ ეფექტური და პრევენციული ზომები გატარდა და არავითარი მასობრივი გადინებები არ ხდება.

"საქართველო ერთ-ერთი ბოლოა, საბედნიეროდ, იმ გადინებების სიაში, რასაც მაგალითად ევროპა გვაჩვენებს. ამ მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა რაიმე განსაკუთრებული ხიფათის მატარებელი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ხიდაშელმა.