სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე, ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე, ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ახალ ერთობლივ კომუნიკაციას წარმოადგენენ, რომელიც განახლებულ ევროპის სამეზობლო პოლიტიკას შეეხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, კომუნიკაციაში ასახულია ევროკავშირის ახლებური მიდგომა აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე მეზობლების მიმართ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომა არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სოციალურ პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აკადემიასთან ფართო კონსულტაციების შედეგი.

ახალი ერთობლივი კომუნიკაციის წარდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ახალ მიდგომებზე და მომავალ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" ბრიუსელიდან მოაწოდეს პრესრელიზი სახელწოდებით – "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვა: უფრო ძლიერი პარტნიორობა ძლიერი სამეზობლოსთვის", რომლის მიხედვითაც ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი დღეს ისაუბრებენ იმის შესახებ, რომ ევროკავშირის განახლებული მიდგომები მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობლებისადმი ითვალისწინებს კონსულტაციების გაფართოებას წევრ სახელმწიფოებთან, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო და სამეცნიერო საზოგადოებასთან. კერძოდ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ტერორისტული თავდასხმების ფონზე პარიზში, ასევე ლიბანში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ერაყში, სახეზეა სამეზობლოში უფრო ეფექტური და ძლიერი პარტნიორობების გადაუდებელი აუცილებლობა. განახლებული სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორების ჩართვას უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაფართოებაში. ევროპის ახალი სამეზობლო პოლიტიკა თავის მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტად განსაზღვრავს სტაბილიზაციას და დიფერენციაციას.