1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა იმ ამბავს, რომ ხელისუფლება აშშ-ში ერთ-ერთ კონგრესმენს წელიწადში 180 ათას დოლარს უხდიდა იმისთვის, რომ იგი საქართველოს ოფიციალური ლობი ყოფილიყო. მაშინ ქართველების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამას ხელისუფლება ჩუმად აკეთებდა და ამის შესახებ ინფორმაცია შემთხვევით გაჟღერდა. სხვა საკითხია, რამდენად შედეგიანი იყო საქართველოს ლობის საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად კანონიერად ხდებოდა.
დასავლეთში ლობისტურ საქმიანობას კანონმდებლობა არეგულირებს და საკმაოდ წარმატებულ პრაქტიკადაც კი ითვლება. ლობისტური საქმიანობა ხორციელდება მართვის ყველა დონეზე, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საქმიანობაში.
საინტერესო კი ის არის, რომ ლობისტური საქმიანობის შესახებ კანონი საქართველოშიც არსებობს, მაგრამ ამ კანონის არსებობის შესახებ პარლამენტშიც კი არაფერი იციან.
„ბიზნეს-პრესა“ დაინტერესდა, რამდენმა დეპუტატმა იცის საერთოდ ამ კანონის შესახებ და როგორც აღმოჩნდა, რომ ინფორმაციას არცერთი პარლამენტარი არ ფლობს, არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან. ერთადერთი გამონაკლისი მხოლოდ მთავრობის საპარლამენტო მდივანი აღმოჩნდა, რომელმაც გაიხსენა, რომ ასეთი კანონი არსებობს, მაგრამ ამ კანონში რა წერია, ვერც ხუროშვილმა გაიხსენა.
არადა, ეს კანონი, ექსპერტთა შეფასებით, საკმაოდ ნორმალურ კანონად ითვლება. აქ განსაზღვრულია წესები, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ლობისტური საქმიანობა, ვის შეუძლია, გასწიოს ეს მომსახურება და ვის - არა. ასევე, ვის უნდა მიმართოს პირმა, რომელიც საკითხის ლობირებას გადაწყვეტს და ამისთვის რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევს.
რაც მთავარია, ოფიციალურ ლობს, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე (გარდა მათი, ვინც ნასამართლევია ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის) შეუძლია დაესწროს საკითხის ნებისმიერი ფორმატით განხილვას და მათ შორის დახურულ შეხვედრასაც კი. ასევე შეუძლია, გამოვიდეს სიტყვით ყველა შეხვედრაზე, გარდა საპარლამენტო სესიისა.
ეს კანონი მიღებულია 1998 წელს და როგორც ჩანს, მიღების დღიდან იგი აღარვის გადაუშლია, არათუ არვის არ გამოუყენებია. აქედან გამომდინარე, ალბათ, ერთადერთი კანონიცაა, სადაც არანაირი ცვლილება არ არის შესული.
ეს კი საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის საკმაოდ უცნაურ მოვლენას წარმოადგენს. ნებისმიერი საკითხის განხილვისას არსებობს ეჭვები თუ ინფორმაცია, ამ საკითხს ხელისუფლებიდან ვინ ლობირებს და ვის ინტერესში შედის მისი მიღება.
„საქართველოში ყველა ლობისტური პრინციპით მუშაობს და კანონი სულ არ სჭირდებათ. როგორც ეტყობა, კანონის ფარგლებში ლობისტობა იმის ფონზე, რაც უკანონოდ ხდება, არ არის მომგებიანი და ამიტომაც არ მუშაობს“, - აცხადებს „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების პირადი ინტერესებით არის განპირობებული.
„აშშ-ში ადამიანი გაცნობისთანავე გაძლევს სავიზიტო ბარათს, სადაც მის სხვა საქმიანობასთან ერთად, აღნიშნულია ისიც, რომ არის ლობი. ეს დასავლეთში საკმაოდ კარგად აპრობირებული პრაქტიკაა. საქართველოში კი კარგა ხანს ეგონათ, რომ ლობისტობა დანაშაულებრივი ქმედება იყო.
საქმე ის არის, რომ ლობისტურ საქმიანობას პროტექციონიზმად აღიქვამდნენ. პროტექციონიზმთან ბრძოლის ფორმები კი სისხლის სამართლის კოდექსით იყო განსაზღვრული. ამიტომაც ლობისტური საქმიანობა ითვლებოდა არაგამჭირვალე რეკომენდაციულ საქმიანობად.
მაგრამ ლობი არის დასავლეთში ძალიან კარგად აპრობირებული პრაქტიკა და ამას არათუ კანონთან აქვს რაიმე საწინააღმდეგო, არამედ სწორედ კანონმდებლობით რეგულირდება. აქ, პრაქტიკულად, ნაგვის მანქანაზე მოწყობასაც ვერ მოახერხებ, თუკი ლობი არ გყავს. ჩვენთან ეს ძალიან მახინჯ ფორმებს იღებს გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მოქმედებს არა დაქირავებული ლობისტების საშუალებით, არამედ თავად წყვეტს ამ საკითხს მაღალ ეშელონებში მსხდომთა კაბინეტებში“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არსებული კანონი საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ ამ კანონის გამოყენება იმიტომ არ ხდება, რომ ხელისუფლებას არ აწყობს.
„კანონი ცივილიზებულია, ყოველ შემთხვევაში, ამ კანონის ბრალი ნამდვილად არ არის, რომ ამ საქმიანობამ ასეთი მახინჯი ფორმები მიიღო. დღესდღეობით ლობისტური საქმიანობის ნაცვლად, ხელში ელიტური კორუფცია შეგვრჩა. საქმიანობა რატომ უნდა იყოს გამჭვირვალე, როდესაც არაგამჭვირვალე პირობებში უფრო მეტი მოგებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და რატომ უნდა ჩაიყენონ შუამავლად ვინმე?
ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და საკუთარი თვალსაწიერიდან დანახული ადამიანთა წრის მეშვეობით აწარმოებენ ყველანაირ საქმიანობას. ამიტომაც არ აწყობთ, რომ ოფიციალურად არსებობდეს ეს ინსტიტუტი. ქართული ლობიზმი არსებობს მხოლოდ მაღალ ეშელონებში სწორედ ელიტური კორუფციის სახით. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ეს კანონი არავის ახსოვს ან უბრალოდ არ უნდათ, რომ გაიხსენონ, რადგან არ აწყობთ“, - აცხადებს ცისკარიშვილი.