სიმინდი და კარტოფილი სანთლით საძებარი გახდა

სიმინდი და კარტოფილი სანთლით საძებარი გახდა

ბოლო წლებში ადგილობრივი წარმოება 100%-ით მხოლოდ ორი სახის პროდუქციით უზრურველყოფდა სამომხმარებლო ბაზარს - სიმინდით და კარტოფილით. წლევანდელმა მოუსავლიანობამ საქმე იქითკენ წაიყვანა, რომ ორივე სახის პროდუქტი ლამის სანთლით საძებარი გახდა. შარშანდელთან შედარებით, ჭირნახულის რაოდენობა გამესამედებულია. შარშან სიმინდის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 98 პროცენტი შეადგინა. სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტები კი წლეულს მოსავლის 40 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობენ. ესეც, რა თქმა უნდა, „უკეთეს შემთხვევაში“, რადგან სიმინდის დიდი ნაწილი გარდა გვალვებისა, მავნებლებმაც გაანადგურა.

 

ექსპერტი თამაზ კუნჭულია აცხადებს, რომ მოუსავლიანობის გამო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გურია აღმოჩნდება, სადაც სიმინდი და ლობიო მოსახლეობის ძირითადი საკვებია. მისი განმარტებით, მოსავლის დიდი დეფიციტი შიმშილობას გამოიწვევს, რადგან ხალხს ფულადი შემოსავალი ამ რეგიონში არ აქვს და ძალიან ბევრი ოჯახი სურსათის ყიდვას ვერ მოახერხებს.

 

„დიდი შიმშილის გადატანა მოუწევს გურიას, რადგან უშემოსავლო წელია და ხალხს ფულიც არ აქვს პროდუქტის შესაძენად. ციტრუსიც ყველგან არ არის, სხვა მოსავალი კი გურიაში არც მოდის. ფაქტობრივად, გურულებს ფულადი შემოსავალი არ აქვთ.

ანალოგიური მდგომარეობაა სხვაგან, განსაკუთრებით სამეგრელოში. სიმინდი, ძირითადად, კოლხეთის დაბლობზე ითესება. გვალვა იმ შემთხვევაშია კარგი და სიმინდი ადვილად იტანს, როცა ჭაობიან ადგილზეა დათესილი. თუმცა, წელს იმდენად მაღალი ტემპერატურა იყო, რომ მოსავალი განადგურებამდე მიიყვანა“, -ამბობს კუნჭულია.

 

სიმინდს აღმოსავლეთ საქართველოშიც თესენ, მაგრამ იქ ისეთი გვალვები დაიჭირა, რომ მისი მოყვანა წარმოუდგენელი გახდა. ჩვეულებრივ პირობებში მოჰყავთ მოსავალი, მაგრამ აღმოსავლეთის გვალვებს სიმინდი ვერ უძლებს.

 

„პრობლემას ქმნის ისიც, რომ არ ხდება ტექნოლოგიების დაცვა. თავის დროზე რომ დაითესოს, დაიხნას და სასუქი გაუკეთდეს, მოსავალი უფრო მეტად შენარჩუნდებოდა. რაც შეეხებს თესლს, გლეხი მას თვითონ არჩევს, რასაც ხალხურ სელექცის ვეძახით“, - აცხადებს კუნჭულია.

 

ცხადია, პროდუქციის დეფიციტი ფასების ზრდასაც გამოიწვევს, რაც ქართულ ბაზარს უკვე დაეტყო. ამ ეტაპზე 1 კგ სიმინდის ფქვილი ფასი 1,70 ლარის ფარგლებშია. კერძო წისქვილებში კი მას უკვე გაზრდილი ფასით - 2 ლარად ყიდიან. სავარაუდოდ, სიმინდის ფქვილის ფასი 2,50-3 ლარამდე გაიზრდება.

 

ბოლო წლებში სიმინდის გარდა თვითუზრუნველყოფის თითქმის 100%-იანი მაჩვენებლით გამოირჩედა კარტოფილის მოსავალი, მაგრამ ბუნებამ გლეხებს ამ შემთხვევაშიც უმუხთლა. საქართველოში კარტოფილის მოსავალი კატასტროფულად შემცირდა. „კარტოფილის მწარმოებელთა კავშირის“ ინფორმაციით, კარტოფილის მთელი მოსავალი წელს ქვეყნის მოხმარების მხოლოდ 40%-ს დააკმაყოფილებს. მათივე თქმით, ქვეყანაში მოსავლის 25 პროცენტი გაფუჭდა, დარჩენილი მოსავლის უმეტესობის ხარისხი კი დაეცა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო კარტოფილის მოსავლის კატასტროფულად შემცირებას კატეგორიულად უარყოფს. სამინისტროს ინფორმაციით, წელს ბოლნისში კარტოფილის საუკეთესო მოსავალი მოვიდა, რამაც ახალციხისა და ახალქალაქის ცუდი მოსავალი დააბალანსა. როგორც ჩანს, სამინისტროს მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას ფლობს, რადგან მოსავლიანობის მაჩვენებელი ყველაზე კარგ ასახვას ჰპოვებს სამომხმარებლო ბაზრებზე. ამ მხრივ კი საშემოდგომოდ მეტად არასახარბიოლო ვითარებაა. 1 კგ კარტოფილის საცალო ფასი უკვე 1 ლარს აჭარბებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მოსავლიანობა მკვეთრად შემცირებულია.