კრემლი სოხუმელი და ცხინვალელი მარიონეტების „აღიარების“ მოპოვებისთვის
მცდელობას არ აკლებს. ლუკაშენკოსთან უშედეგო ფლირტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ალჟირის მოსყიდვას ცდილობს. ანალიტიკოსები მოსკოვის მცდელობებს „უდღეურს“ უწოდებენ.
„რუსულ-ქართული პოლიტიკური საფარი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა „Eurasianet.org“ . სტატიის ავტორი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ალჟირშია, სადაც ინვესტიციებზე, ენერგეტიკასა და მობილურ ტექნოლოგიებზე საუბრის გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდება.
„ერთ კვირაზე მეტია, საჰარის არაბული დემოკრატიული რესპუბლიკის (რომელიც თავად იბრძვის დამოუკიდებლობისთვის), წარმომადგენელმა, ალჟირში განაცხადა, რომ ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს და რუსეთის მსგავსად სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს.
მოსკოვმა ხელი შეუწყო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლის გამგზავრებას საერთაშორისო შეხვედრაზე, სადაც განცხადებაც გაკეთდა. ამის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აფრიკული ქვეყნებისგან შემდგომ აღიარებებს ელიან. რუსი კომენტატორების ვარაუდით, შესაძლოა შემდეგი ალჟირი იყოს“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ საქართველოც ცდილობს მოსკოვს ქვეყნებზე ნადირობაში მიბაძოს.
„გასაოცარი გადაწყვეტილება მიიღო თბილისმა და დახმარებას დაჰპირდა წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ტუვალუს, ნაურუს მეზობელს, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეთნიკურ ქართველთა აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში დაბრუნების შესახებ გაერო-ს მხარდამჭერ რეზოლუციას. დღეს საქართველომაც მიაპყრო ყურადღება აფრიკას. სექტემბრის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენეგალის ლიდერს აბდულაი ვადს შეხვდა და საქართველოში მიიწვია“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ სენეგალი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც გაერო-ს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.
„დამოუკიდებელი“ ფრონტი აქვთ გახსნილი აფხაზ და ოს სეპარატისტებს. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. როგორც ღმოჩნდა, მედვედევის და ალჟირის თემასაც თავისი წანამძღვრები აქვს.
სიმონ კილაძე, „ექსპერტთა კლუბის“ ანალიტიკოსი: „ოსი და აფხაზი ავანტიურისტების ლათინურამერიკული ტურნეს შემდეგ, როცა საგარეოპოლიტიკურ ფრონტზე მათთვის სასურველი რადიკალური გარღვევა არ მოხდა, დიპლომატიით დამაშვრალმა სოხუმმა და ცხინვალმა შესვენებისათვის ტაიმ-აუტი აიღეს: მივიხედ-მოვიხედავთ, ახალი ვექტორებით ვიმუშავებთ, ეგებ ვინმე ვიპოვოთ, ჩვენი წარმატებებით მოვხიბლოთ და იქნებ დამოუკიდებლად გვაღიაროსო.
ტაიმ-აუტის დროს სეპარატისტული ტყუპების ქცევაში საინტერესო ტრანსფორმაცია მოხდა – ედუარდ კოკოითის გარემოცვამ სოხუმისაგან განსხვავებული მიმართულება აიღო და იმედის მზერა აფრიკას მიაპყრო. „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ თანაშემწე კონსტანტინე კოჩიევი ერთ-ერთ „ჭ“ კლასის კონფერენციაზე დასასწრებად ალჟირში ჩავიდა, იქ დასავლეთ საჰარის - მაროკოს სეპარატისტული ტერიტორიის წარმომადგენელს შეხვდა და „სამხრეთ ოსეთის“ დიპლომატიური გასაჭირი აუხსნა: აღიარებაში ბედი არ გვწყალობს და იქნებ აფრიკაში პირველი მერცხალი შენ იყოო.
ალბათ, აუცილებელია განვმარტოთ, რომ მაროკოს სეპარატისტული რეგიონის - დასავლეთ საჰარის ავანტიურისტი ლიდერები (ე.წ. „პოლისარიოს“ - პროსოციალისტური მოძრაობის ხელმძღვანელები) ალჟირში არიან გაქცეულები და იქიდან იქნევენ მუშტებს, თან საკუთარ თავს ე.წ.საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებად მიიჩნევენ.
სხვათაშორის, დასავლეთ საჰარაში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, ეკონომიკა თითქმის არ არსებობს, ამ ტერიტორიის მოსახლეობის უმეტესობას მომთაბარე არაბები (ბედუინები) შეადგენენ. ირგვლივ მხოლოდ ქვიშებია, შიგადაშიგ ორიოდე ჭას და ოაზისს თუ ნახავს კაცი. მოკლედ, იმ საჰარის უდაბნოს დასავლეთი ნაწილია, რომელიც სკოლაშიც გვაქვს ნასწავლი.
ჰოდა, ჩვენებური სეპარატისტი სწორედ ასეთი ტერიტორიიდან გაქცეული „ხელისუფლების“ ერთ რომელიღაც „მინისტრს“ იასლემ ბეისლათს შეხვედრია, გულთბილად ულაპარაკნია, დახმარება უთხოვია და ბოლოს ალჟირის წარმომადგენლებთანაც უსაუბრია. რადგანაც ალჟირელი არაბები მაროკოელ სეპარატისტებს პატრონობენ, მფარველობენ და აღიარებენ (ისევე როგორც რუსეთი ცხინვალს და სოხუმს), ისინიც დაყაბულებულან.
ასე გამოცხვა „სამხრეთ ოსეთისათვის“ კიდევ ერთი ყბადაღებული „აღიარება“ საჰარელი ბედუინებისაგან, თუმცაღა არაფრისმთქმელი დე-ფაქტო სტატუსით.
ამაზე იტყვიან, „მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო“.
მართალია, დასავლეთ საჰარის დამოუკიდებლობის აღიარება გასული საუკუნის 70-იან წლებში ვიღაც-ვიღაცეებს უკვე მოუსწრიათ (ლიბია, ეთიოპია, ნიგერი, სენეგალი - ძირითადად სოციალისტური ორიენტაციის გზაზე მდგარ აფრიკელებს და საბჭოთა კავშირის ყოფილ მეგობრებს), მაგრამ ბევრმა ბოლო წლებში თავიანთი სიტყვა ისევ უკან წაიღო (ინდოეთმა, პერუმ, ავღანეთმა, კოლუმბიამ - დაახლოებით 15-მდე სახელმწიფომ) - შეცდომა დავუშვით და მეტად აღარ გავიმეორებთო“.
ექსპერტები უდღეური „სახელმწიფოების“ სამომავლო პერსპექტივებაც შესაბამისად აფასებენ:
„დიპლომატიის ისტორიამ ოკუპაციის დროს შექმნილი და აღიარებული უდღეური სახელმწიფოების არსებობის საკმაო ფაქტები შემოგვინახა: მაგალითად, 1941 წელს, ფაშისტური მესამე რეიხის ჯარების იუგოსლავიის სამეფოში შეჭრისა და მისი ოკუპაციის დროს, გერმანელმა ოკუპანტებმა ხელი შეუწყვეს უსტაშური ხორვატიის სახელმწიფოს შექმნასა და მის „საერთაშორისო სამართალსუბიექტად“ აღიარებას. გერმანიამ აიძულა თავისი სატელიტები - იტალია, იაპონია და სხვები, რომ მათ იუგოსლავიის ოკუპირებულ და ვითომ დამოუკიდებელ ნაწილთან „დიპლომატიური ურთიერთობა“ დაემყარებინათ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ოთხ წელს გაგრძელდა.
დაახლოებით იგივე სიტუაცია განმეორდა ჩინეთის პროვინცია მანჯურიაშიც, როცა 1933 წელს იაპონიამ მისი ოკუპაცია მოახდინა და „დამოუკიდებელი სახელმწიფო მანჯოუ-გო“ შექმნა. საინტერესო ფაქტია, რომ მანჯოუ-გო იმდროინდელი მსოფლიოს 80 სახელმწიფოდან 23-მა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, მათ შორის – საბჭოთა კავშირმაც. არადა, მიუხედავად ამღიარებელთა საკმაოდ სოლიდური რაოდენობისა, მანჯოუ-გო 1945 წელს მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრა - მანჯურია ჩინეთს დაუბრუნდა.
გავიხსენოთ კვიპროსის პრეცედენტიც, როცა 1974 წელს თურქეთმა, საკუთარი თანამემამულეების ბერძნებისაგან დაცვის მოტივით, ჯარები გადასხა კუნძულზე, მოახდინა მისი ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია, შემდეგ კი ხელი შეუწყო ჯერ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1983 წელს კი - მასთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა.
დღეს ანკარაში „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ საელჩო და საკონსულოა გახსნილი, ლაფკოსიაში (ნიქოზიაში, კვიპროსის დედაქალაქის თურქულ ნაწილში) კი - თურქეთის საელჩო, პლიუს – სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული თურქეთის საოკუპაციო ჯარების მრავალათასიანი კონტინგენტი. თურქეთის მესვეურების მიერ 1983 წელს დაშვებული შეცდომა ანკარას დღესაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის - რეჯებ ერდოგანს საკმაოდ ხშირად შეახსენებენ ხოლმე, რომ მისი ხელისუფლება ჩრდ. კვიპროსელ სეპარატისტებს უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით უჭერს მხარს.
ზემოთ ჩამოთვლილ-განხილული მაგალითები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოებრიობა, მათი „სამართალსუბიექტობა“ მხოლოდ ეფემერულია და ის, თუ რამდენ ხანს იარსებებენ ისინი, მხოლოდ საერთაშორისო-პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. სამედიცინო ენით რომ ვთქვათ, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების სიცოცხლე, ხელოვნური სუნთქვითა და სხვა მკვებავი ინექციებით, შესაძლოა რამდენიმე წელი კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ მათი ლეტალური დასასრული მაინც გარდაუვალია“, – აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“.