საწვავის გაძვირებას ხელს ლარის გამყარება „უშლის“

საწვავის გაძვირებას ხელს ლარის გამყარება „უშლის“

მსფოლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი მცირედით შეიცვალა და საქართველოში უკვე დაიწყეს საუბარი საწვავის გაძვირებაზე. პრინციპში ნავთობიმპორტიორებს ასეთი გადაწყვეტილება უკვე კარგახნის მიღებული ექნებოდათ, მაგრამ მათი „ხელის შემშლელი“ ლარის კურსია. ეროვნული ვალუტა ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში სტაბილურად მყარდება. ამიტომაც მენავთობეები საცალო ქსელში ბენზინსა და დიზელზე ფასი ერთი ხელის მოსმით ვეღარ გაზარდეს. თუმცა, ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე მკაფიო მინიშნებები უკვე კეთდება. ზამთრის პირს მენავთობეები ახალი ფასებით უნდა შეხვდნენ.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, უახლოეს ხანში გამორიცხული არ არის საწვავზე ფასის მომატება, რადგან მსოფლიოში ნავთობი ძვირდება.

 

„საქართველოს ბაზარი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრის ფასებზე და ვალუტის კურსზე. იმ შემთხვევაში, თუ ორივე ფაქტორი სტაბილურია, რა თქმა უნდა, ბაზარზე ფასიც სტაბილურია. მთელი წლის გამავლობაში ნავთობზე ფასი საკმაოდ პროგნოზირებადი იყო და ის 70-80 დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. დღეისათვის ბარელი ნავთობის ფასი 85 დოლარია, ბოლო ათი დღის განმავლობაში ნავთობზე ფასმა მატება დაიწყო, 75 დოლარიდან მოიმატა 84 დოლარამდე. ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ დოლარმა ევროსთან მიმართებაში ვარდნა განიცადა“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

 

წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში საწავავზე ფასი 20-25 თეთრითაა გაზრდილი. ეს მაშინ, როცა ბენზინისა და დიზელის გაძვირების ობიექტური მიზეზი არ არსებობდა. თუმცა, საქმე ისაა, რომ პროდუქციაზე ფასწარმოქმნას მხოლოდ მსოფლიო ფასები არ განსაზღვრავს, დიდი მნიშნველობა აქვს საბაზრო მოთხვონას. ამ მხრივ კი უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საწვავზე მოთხოვნა უზარმაზარი სისწრაფით იზრდება. ამ პირობებში კი ძნელი სავარაუდოა ვინმემ პროდუქციის გაიაფებაზე იზრუნოს.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და საწვავის იმპორტის მოცულობა გაიზარდა. ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, თუ 2005 წელს 414 400 ავტომობილი იყო დარეგისტრირებული, 2009 წელს მათი რაოდენობა 50%-ით, 654 ათასამდე გაიზარდა.

 

რაც შეეხება საწვავს, თუ 2005 წელს ქვეყანაში, დაახლოებით, 600 ათასი ტონა ბენზინი შემოვიდა, 2009 წელს ამ რაოდენობამ 800 ათას ტონას გადააჭარბა, შესაბამისად, იმპორტის მოცულობა 4 წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა. არადა, საქართველოში დაფიქსირებული საწვავის ფასმა ყველაზე მაღალია დსთ-ს მასშტაბით. ის კი არადა, აშშ-ში 1 ლიტრი ბენზინი 50 თეთრით უფრო იაფად იყიდება, ვიდრე ჩვენთან.

 

ბოლო დღეებში აშშ-ში ბენზინის საცალო ფასი გაიზარდა და პირველად 2010 წლის მაისის შუა რიცხვების შემდეგ ერთ გალონზე 2,8 დოლარს გადააჭარბა. 2010 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგულარის ტიპის საავტომობილო ბენზინის საშუალო საცალო ფასმა შეადგინა 2,819 დოლარი–გალონზე (დაახლოებით 74,5ცენტი–ლიტრზე). ლარის კურსზე გადაანგარიშებით, ამერიკაში 1ლიტრი ბენზინი 1,33 ლარი ღირს.