„ქამრების შემოჭერის“ ფონზე სახელფასო ხარჯები მუდმივად იზრდება

„ქამრების შემოჭერის“ ფონზე სახელფასო ხარჯები მუდმივად იზრდება

[ლელა კობერიძე]

 

მთავრობის გაზრდილი ფინანსური მადის შემდეგ, საზოგადოებაში დისკუსიის საგანი გახდა ხელისუფლებამ მართლა დაიწყო „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა თუ ესეც  მორიგი ფანდია. თუ 2009-10-11 წლების ბიუჯეტის კანონებს გადავხედავთ, მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა არც არასდროს განუხორციელებია.

 

დავიწყოთ ხელფასებზე გაწეული ხარჯით, 2009 წელს ბიუჯეტში შრომის ანაზღაურებისთვის გაწეულმა ხარჯმა 941,632 მილიონი ლარი შეადგინა, 2010 წელს - 1,043 მილიარდი ლარი, 2011 წელს ეს მაჩვნებელი კიდევ იზრდება და 1,085 მილიარდ ლარს აღწევს.

 

ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებით, საქართველოში „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა არც არასდროს განხორციელებულა. მაგალითად, წელს წინასაარჩევნოდ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გათვალისწინებულმა თანხებმა, შარშანდელთან შედარებით, 34%-ით მოიმატა. საგრძნობლად გაიზარდა ადგილობრივ გამგეობებსა და რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობაც. ამიტომაც იზრდება სახელფასო ფონდებიც.

 

სხვათა შორის, წელს საგრძნობლად გაიზარდა თბილისის მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხოვნობა და მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა. მაგალითად, თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 410-ით გაიზარდა, ხოლო სახელფასო ფონდს 5.5 მილიონი ლარი შეემატა. ბუნებრივია, ამგვარი ტენდენცია წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ეგრეთ წოდებულ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასთან.

 

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 836.9 მილიონი ლარი გამოიყო ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ტრანსფერების სახით, რაც 2009 წელთან შედარებით 34%-ით მეტია. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფონზე მთავრობამ აღნიშნული გაზრდილი ხარჯები იმით ახსნა, რომ რეგიონები განვითარებას საჭიროებენ და დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად ამგვარი ხარჯების დაფინანსება აუცილებელია. ვინაიდან გაისად არჩევნები აღარ იქნება, მთავრობამ გადაწყვიტა თვითმმართველობებისთვის მისაცემი ტრანსფერების რაოდენობა 787 მილიონ ლარამდე შეემცირებინა.

 

„შარშან „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკამ შეგვაძლებინა,რომ ყველა სახელმწიფო პროგრამა დავაფინანსეთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა. მისი თქმით, ამ პოლიტიკით ბიუჯეტში 350 მილიონი ლარი დაიზოგა.

 

ბიუჯეტის მონიტორინგით დაკავებული ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის დასკვნით კი, თავად ბიუჯეტში დაზოგილი 350 მილიონი ლარი არსად ჩანს. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ექსპერტ დავით ნარმანიას განცხადებით, რეალურად მხოლოდ 100 მილიონ ლარამდე დანაზოგი ჩანს. ამასთან, ნარმანიას თქმით, შარშან საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ხარჯების რეალურად დაზოგვა მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყეს, როდესაც ბიუჯეტში შემოსავლების პრობლემა დადგა.

 

ნარმანიას თქმით, ბიუჯეტი დღემდე ოპტიმისტურია და ბევრ ისეთ ხარჯს ითვალისწინებს, რომელთა დაფინანსებაც საბიუჯეტო შემოსავლების დეფიციტის გამო ვერ მოხერხდება. ამიტომ მთავრობა იძულებულია, კიდევ უფრო გაზარდოს ვალის მოცულობა. კერძოდ წელს 1,2 მილიარდი ლარი ვისესხეთ, გაისად კი ეს მაჩვენებელი კიდევ 1 მილიარდამდე ლარით გაიზრდება. სულ, ჯამში, ქვეყანას 10 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გასასტუმრებელი.

 

ნარმანიას ინფორმაციით, თუ ხარჯების მონიტორინგს ჩავატარებთ, ცხადი გახდება, რომ ზოგიერთმა დაწესებულებამ შემცირების ნაცვლად, ხარჯები გაზარდა კიდეც. მაგალითად, ხარჯები გაზარდა ფინანსთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

 

„ნაცვლად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შეეზღუდა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების, დანამატების და დახმარებების გაცემა, პირიქით მოხდა და „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის პირობებში „მწვანე შუქი“ მისცა დაწესებულებებს ადმინისტრაციული ხარჯების გასაწევად“, - ამბობს დავით ნარმანია.

 

ექსპერტების შეფასებით, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფონზე მთავრობა არაეფექტურ ხარჯებსაც ეწევა. კერძოდ, ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის მინიჭებისათვის გაწეულმა ხარჯმა 400 ათასი ლარი შეადგინა. სხვადასხვა სამინისტროების მიერ გაწეულია ტელე და სხვა სარეკლამო ხარჯები, რომელთა ნაწილი არ ითვლება, როგორც სოციალური სახის რეკლამა.