აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის განხილვა სენატში სექტემბრისთვის გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატურის წინააღმდეგნი არიან გავლენიანი სომხური ლობისტური ორგანიზაციები ამერიკაში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბრაიზას ახლო კავშირები აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ამასთან ანალიტიკოსების თქმით, სენატში მას აუცილებლად დაუსვამენ კითხვას – რას აკეთებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რომელიც როგორც კრიტიკოსებს მიაჩნიათ, მიხეილ სააკაშვილის მცდარი რწმენით იყო პროვოცირებული, რომ აშშ მოვლენებში ჩაერეოდა.
„მეთიუ ბრაიზა მაღალი კლასის დიპლომატია“, – ამის შესახებ სენატორმა, რიჩარდ ლუგარმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან და სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ს ელჩობის კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა. „მეთიუ ბრაიზა მაღალი კლასის დიპლომატია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, – აღნიშნა ლუგარმა.
საგარეო საქმეთა კომიტეტმა მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩად დანიშვნის შესახებ კენჭისყრა სექტემბრისთვის გადადო. ბრაიზას კანდიდატურის განხილვა სენატორ ბარბარა ბოკსერის ინიციატივით გადაიდო.
„გთავაზობთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორ ბოქსერთან ერთად გადახედოს ამ საკითხს“, – აცხადებს რიჩარდ ლუგარი. ჟურნალისტების კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ის, რომ აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის პოსტი ერთი წლის განმავლობაში თავისუფალია, რიჩარდ ლუგარმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობაზე შექმნილი სიტუაცია გავლენას მოახდენს, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს ვითარების შესანარჩუნებლად.
ცნობისთვის, მეთიუ ბრაიზამ დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო საქმეთა ბაკალავრის ხარისხით. 1988 წლიდან იმყოფება დიპლომატიურ სამსახურში. 1991-1995 წლებში მუშაობდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტში. 1995-1997 წლებში მოსკოვში არსებულ აშშ-ს საელჩოში ელჩის თანაშემწედ მუშაობდა და რუსეთის დუმასთან, კომუნისტურ პარტიასთან და დაღესტანთან ურთიერთობებს კურირებდა.
1997-1998 ბრაიზა კავკასიასა და შუა აზიაში ეკონომიკური რეფორმების დახმარებას კურირებდა. 2005 წლის ივნისში ბრაიზამ ევროპასა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობაზე იგი კურირებდა კავკასიურ და აღმოსავლეთევროპულ პოლიტიკას. ბრაიზა იყო ხელმძღვანელი ამერიკული სამშვიდობო ღონისძიებებისა აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის (ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-ს მხრიდან) ტერიტორიებზე.
კავკასიის საკითხებზე მუშაობისას, ბრაიზას არაერთგზის გამოუჩენია თავი ანტირუსული მწვავე განცხადებებით. კონკრეტულად კი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების დროს. მეთიუ ბრაიზა თავისუფლად ფლობს – რუსულ, პოლონურ, გერმანულ და ესპანურ ენებს.
„თეთრმა სახლმა“ აზერბაიჯანში თავის ახალ ელჩად დიპლომატ მეთიუ ბრაიზას დანიშვნის შესახებ არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა. ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია „თეთრი სახლის“ საიტზე გამოქვეყნდება. აზერბაიჯანის მთავრობამ ბრაიზას კანდიდატურაზე ოფიციალური თანხმობა უკვე განაცხადა.
მეთიუ ბრაიზა უკვე 22 წელია დიპლომატიურ სამსახურშია, ბოლო დროს ის კავკასიაში ორ სტრატეგიულ ამოცანაზე მუშაობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება და ნავთობისა და გაზის პროექტები, რომელიც ბაქოდან რუსეთის გვერდის ავლით შავ ზღვაზე გადის.
ბრაიზას კანდიდატურა როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ-ის სენატმა სექტემბერში უნდა დაამტკიცოს, სადაც მას ანალიტიკოსების თქმით აუცილებლად დაუსვამენ კითხვას – რას აკეთებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რომელიც როგორც კრიტიკოსებს მიაჩნიათ, მიხეილ სააკაშვილის მცდარი რწმენით იყო პროვოცირებული, რომ აშშ მოვლენებში ჩაერეოდა.
აზერბაიჯანის მთავრობას კი ოფიციალური კომენტარი მეთიუ ბრაიზას დანიშვნის თაობაზე ჯერ არ გაუკეთებია. ეს პოსტი მთელი წლის მანძილზე ვაკანტური იყო, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებაში გაღიზიანებას იწვევდა. ექსპერტთა აზრით, ბრაიზას დანიშვნით აშშ „პოზიტიურ სიგნალს“ უგზავნის აზერბაიჯანს, რომ მასთან ურთიერთობის მოგვარება სურს. ბრაიზას ალიევის ხელისუფლების მთავრობასთან კარგი კონტაქტები აქვს.
ამის გამო სომხური ლობი მეთიუ ბრაიზას განდიდატურას ეწინააღმდეგება. სენატი ბაქოში ელჩად ბრაიზას კანდიდატურას სექტემბერში განიხილავს. ამ საკითხის დაბლოკვის ინიციატივა სენატორ-დემოკრატ ბარბარა ბოქსერს ეკუთვნის, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მეთიუ ბრაიზას კანდიდატურის წინააღმდეგნი არიან გავლენიანი სომხური ლობისტური ორგანიზაციები ამერიკაში - ეს ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ბრაიზას ახლო კავშირები აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, რის გამოც მას ვერ ექნება მიუკერძოებელი პოზიცია რეგიონალურ საკითხებში, მათ შორის - ყარაბახის მოწესრიგების პრობლემის მიმართ.
სომხურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ამერიკელ კანონმდებლებს, რომლებიც სომხეთის მეგობართა ჯგუფში არიან გაერთიანებულნი, ძალიან აშფოთებთ მეთიუ ბრაიზას კავშირები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, აკრიტიკებენ მის საქმიანობას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში და იმითაც უკმაყოფილონი არიან, რომ მისი ცოლი ზეინო ბარანი წარმოშობით თურქია. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის უფროსი ჰრაირ თამრაზიანი ამბობს, რომ სომხურ ლობისტურ ორგანიზაციებს განსაკუთრებით აფიქრებთ ის ფაქტი, რომ ბრაიზა-ბარანის მეჯვარე აზერბაიჯანელი მინისტრი იყო:
„ქორწილზე, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთში გაიმართა, როდესაც ბრაიზა ზეინო ბარანზე დაქორწინდა, მთავარი მეჯვარე იყო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი. სომხები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ მეთიუ ბრაიზა, რომელსაც დიდი სახელი აქვს როგორც დიპლომატს ჩვენს რეგიონში, შეუძლებელია იყოს ობიექტური სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში, ასევე სომხეთ-თურქეთისა და მთიანი ყარაბახის საკითხებში.“
აზერბაიჯანული მხარე კი მეთიუ ბრაიზას მიუკერძოებელ და მაღალი რანგის დიპლომატს უწოდებს, რომელიც თავის საქმიანობაში ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებითა და მითითებებით მოქმედებდა. ვინც მეთიუ ბრაიზას ინტერესთა კონფლიქტში სდებს ბრალს, არაფერი გაეგება ამერიკის დიპლომატიისაო, - უთხრა რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ზარდუშტ ალიზადემ:
„მე მგონი, სომხები უკმაყოფილონი არიან თავიანთი საქმის მსვლელობით და იმით, რომ მათი ოცნება და მიზნები არ სრულდება. და დაიწყეს მიზეზების ძებნა: მეთიუ ბრაიზა ცუდია, მაგრამ აი, თუ მის მაგივრად ვინმე პიტერ ბრატსკი მოვა, ის სომხებს დაეხმარება გეგმების რეალიზებაში. ეს არ იქნება! რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას, ის ერთნარად ეკიდებოდა როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. მე ვფიქრობ, ის არც პროაზერბაიჯანულად და არც პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსი არ არის, ის პროამერიკულად განწყობილი პოლიტიკოსია. როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, იგი ზუსტად ასრულებდა სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციებს.“
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის შეფასებით, სომხური ლობისტური ორგანიზაციები ჯერჯერობით სანახევროდ ზეიმობენ გამარჯვებას – სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხოლოდ სექტემბრამდე გადადო აზერბაიჯანში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი მეთიუ ბრაიზას საკითხის განხილვა. თუმცა, როგორც ჰრაირ თამრაზიანი, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის დირექტორი, ფიქრობს, სომხური ლობისტური ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერი ამერიკელი კანონმდებლები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეთიუ ბრაიზა არ დაინიშნოს ამერიკის ელჩად აზერბაიჯანში:
„მეთიუ ბრაიზასათვის სექტემბერიც ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ნოემბერში შეერთებულ შტატებში არჩევნები იმართება. უნდა აირჩეს კონგრესის მთელი შემადგენლობა და სენატის ერთი მესამედი. ხოლო ბარბარა ბოქსერს, რომელმაც ბრაიზას დანიშვნის პროცესი შეაჩერა, მოუხდება ხელახალი არჩევა საკმაოდ რთულ ბრძოლაში. იგი კალიფორნიიდან არის, რის გამოც მისთვის ძალიან საჭირო იქნება სომეხთა ხმები. ამიტომ, მე ვფიქრობ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან (ბარბარა ბოქსერმა) უარი თქვას საკუთარ განზრახვაზე მეთიუ ბრაიზას დანიშვნასთან დაკავშირებით.“
– სხვათა შორის, უკვე ერთხელ, სომხური ლობისტური ორგანიზაციების გავლენით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2006 წელს ორჯერ ჩააგდო სომხეთში შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე რიჩარდ ჰოგლანდის დანიშვნა. „სომხეთის მეგობართა“ ჯგუფის წევრები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ წამოყენებული კანდიდატი სომეხთა გენოციდის უარყოფის პოზიციას ემხრობოდა.
საბოლოო ჯამში, ბუშის ადმინისტრაციამ ჰოგლანდის კანდიდატურა უკან გაიწვია და მის ნაცვლად ამჟამინდელი ელჩის, მარი იოვანოვიჩის კანდიდატურა წარადგინა. განმეორდება თუ არა იგივე ისტორია მეთიუ ბრაიზას შემთხვევაში, ეს სექტემბერში გამოჩნდება, – აცხადებს რადიო თავისუფლება.