[გიორგი ბექაური]
იმისათვის, რომ ჩვეულებრივმა ქართულმა 4-სულიანმა ოჯახმა იარსებოს, თვეში მას ხარჯებისთვის ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 386,2 ლარი სჭირდება, აქედან დაახლოებით 140-150 ლარი კომუნალურ გადასახადებს მიაქვს. დარჩენილი თანხით კი ოჯახმა უნდა იკვებოს, უნდა ჩაიცვას და გადაადგილებაც უნდა შეეძლოს.
ჩვენ დავინტერესდით, რეალურად რამდენი ლარი სჭირდება ერთ 4-სულიან ოჯახს თვეში და ელემენტარული არითმეტიკული გათვლებით იმ დასკვნამდე მივედით, რომ ოჯახისთვის არა 386,2 ლარი, არამედ უფრო მეტი, დაახლოებით, 550-600 ლარია აუცილებელია.
მაგალითად, დღეს ოთხსულიან ოჯახს თვეში კომუნალური გადასახადებისთვის (გაზი, შუქი, წყალი, ტელეფონი, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტი) სულ მცირე 140-150 ლარის გადახდა უწევს. ზამთრის სეზონზე ოჯახი ერთ თვეში, დაახლოებით, 50-60 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარს, 25-30 ლარის გადახდა უწევს ელექტროენერგიაზე, წყალი 10 ლარამდე „ჯდება“, ნარჩენების გატანისათვის 5 ლარი უნდა მოიმარაგოს, ხოლო ფიქსირებულ ტელეფონი-ინტერნეტზე გადასახადი, საშუალოდ, 30 ლარით შემოიფარგლება.
მინიმალური პენსია 80 ლარია, მინიმალური ხელფასის მცნება კი ფაქტობრივად, არ არსებობს, ასეთ პირობებში კი ასეთივე რაოდენობით კომუნალური გადასახადების გადახდა თბილისელი ოჯახების დიდი ნაწილისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
მართალია, ვარდების რევოლუციის შემდეგ განცხადებების დონეზე როგორც პრეზიდენტი, ასევე მინისტრები სამუშაო ადგილების შექმნაზე და სიღარიბის დაძლევაზე ხმამაღლა გაჰყვირიან, თუმცა ფაქტები სულ საპირისპიროს მეტყველებენ: ხალხი ისევ გაჭირვებულია და მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ დაუცველია.
ახლა რაც შეეხება არსებობის მეორე მხარეს, ანუ კვებას, ჩაცმას და ა.შ. ოფიციალური მონაცემებით, 2000 წელს სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს ნაწარმზე ერთი ადამიანი თვეში 26,9 ლარს ხარჯავდა, 2001 წელს ეს ციფრი - 27,8 ლარამდე გაიზარდა, 2002 წელს კი - 30,3 ლარი შედაგინა. 2003 წლიდან სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმის მოხმარებამ ერთ სულზე 31,2 ლარი შეადგინა, 2004 წელს - 34,8 ლარი, 2005 წელს - 35,6 ლარი, 2006 წელს - 39 ლარი, 2007 წელს კი - 42,5 ლარი.
რაც შეეხება 2008 წელს, სურსათის, სასმელისა და თამბაქოს მოხმარებაზე ერთი ადამიანი, საშუალოდ, 48,4 ლარს ხარჯავდა. საარსებო კალათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელია, რომელზეც ერთი საშუალო ქართველი საკმაოდ მცირე თანხას ხარჯავს. მაგალითად, თუ 2000 წელს ერთი ადამიანი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე თვეში, საშუალოდ, 3,4 ლარს იმეტებდა, 2008 წელს ეს დანახარჯი მხოლოდ 1,4 ლარით გაიზარდა და 4,8 ლარი შეადგინა. 2001 წელს ერთი ადამიანი ჩაცმაზე თვეში მხოლოდ 3,2 ლარს ხარჯავდა, 2002 წელს ეს ციფრი 3,3 ლარამდე გაიზარდა, 2003 წელს 3,6 ლარამდე, 2004 წელს კი 3,8 ლარი შეადგინა.
ახლა რაც შეეხება არაოფიციალურ ინფორმაციას, ანუ იმას, თუ რამდენი სჭირდება ერთ ოჯახს. ავიღოთ ერთი რიგითი 4-სულიანი ქართული ოჯახი, სადაც 2 ბავშვი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევსკოლის მოსწავლეები არიან და, რომელთაც უმაღლესში სასწავლებლად ათასობით ლარი არ სჭირდებათ.
იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჰქონდეს პური, შაქარი და ცხიმი. 4-სულიანი ოჯახი დღეში, საშუალოდ, 2-3 პურს ყიდულობს, ამისათვის მას ყოველდღიურად 1,5-2 ლარი სჭირდება, თვეში ეს, დაახლოებით, 45-50 ლარია.
ერთ ოჯახს, საშუალოდ, ერთ თვეში 4 ბოთლი ზეთი სჭირდება.ზეთი, საშუალოდ, 3-4 ლარი ღირს, თვეში ცხიმის ეს საშუალება ოჯახს 12 ლარი დაუჯდება. რაც შეეხება კვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს – შაქარს, 4-სულიან ოჯახს ერთი კილოგრამი შაქარი მხოლოდ 3-4 დღე ეყოფა, თვეში კი ამისათვის სულ რაღაც 20-24 ლარის დახარჯვა მოუწევს. საერთო ჯამში, გამოდის, რომ ერთი რიგითი ქართველის ოჯახი შაქრის, პურისა და ზეთისთვის თვეში, დაახლოებით, 80-90 ლარს ხარჯავს.
თუ ოჯახის ერთ-ერთი წევრი თამბაქოსაც მოიხმარს, ამისათვის ამ ოჯახს თვეში დამატებით 60 ლარის ხარჯი აქვს. საერთო ჯამში კი მათი ხარჯები უკვე 150 ლარს აღწევს.
ცხადია, რომ კვების რაციონი მხოლოდ პურის, შაქრისა და ზეთისაგან არ შედგება. ოჯახს, თუ იქ მოზარდები ცხოვრობენ, კარაქი და კვების ისეთი პროდუქტი ესაჭიროებათ, რომელიც ამ ასაკის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, კარაქი და ყველი შეიძლება თვეში, საშუალოდ, 60 ლარი დაჯდეს. ოჯახის ხარჯი კი 200 ლარს სცილდება.
ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბურღულეული -ბრინჯი, წიწიბურა, ასევე მაკარონი, ყველა ერთად კი, ოჯახს სულ მცირე 30-50 ლარი დაუჯდება. კვების რაციონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია კარტოფილი, რომელიც რიგითი ქართველის ოჯახში თითქმის ყოველთვის გამოინახება. 4-სულიან ოჯახს კი თვეში, საშუალოდ, 20 კილოგრამი კარტოფილი სჭირდება, საერთო ჯამში, დაახლოებით, 20-25 ლარის. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ერთად კი უკვე 250-300 ლარამდე აღწევს.
ამას გარდა, ოჯახს კვირაში ერთხელ აუცილებლად სჭირდება ხორცის ნაწარმი, რაც ქართულ ბაზარზე არც ისეთი იაფი ღირს. კვირაში მინიმუმ 1,5 კგ ხორცის გამოყენების შემთხვევაშიც კი თვიური ხარჯი 60 ლარს შეადგენს, საერთო ხარჯი კი უკვე 300 ლარს სცილდება.
ეს არის ის მინიმუმი, რაც ადამიანის კვების რაციონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი სხვა პროდუქტი, რომლის ჩამოთვლაც საჭირო არ არის, თუმცა კვებისთვის აუცილებელია, ისეთი როგორიცაა მარილი, ხილი, ტკბილეული, ბოსტნეული და ა.შ. ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში კი კონკრეტული ციფრის დასახელება იმის გამო, რომ მათზე ფასი სეზონურად იცვლება, ცოტა რთულია, თუმცა ამ ყველაფერში 4-სულიან ოჯახს თვეში, ალბათ, 70-80 ლარის დახარჯვა მაინც უწევს.
ყველა ზემოთჩამოთვლილიდან აშკარაა, რომ ერთ ჩვეულებრივ ქართულ ოჯახს თვეში ნაცვლად 386,2 ლარისა, 550-600 ლარი სჭირდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ მისი წევრები იარსებებენ. სხვა დამატებითი საჭიროებისათვის ოჯახს კიდევ უფრო მეტი დასჭირდება. მათ შორის, ერთ-ერთი აუცილებელი რამ - ჩაცმა, ტრანსპორტის ხარჯები და ა.შ.