კოკოითმა ოსების გარუსება დააკანონა

კოკოითმა ოსების გარუსება დააკანონა

[ლევან სეფისკვერაძე]
ცხინვალის რეგიონში როგორც იქნა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. რუსული ენა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეორე სახელმწიფო ენა გახდება. თუ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ვერწმუნებით, კოკოითმა ელემენტარულ დამოუკიდებლობაზეც კი უარი თქვა და რუსული ენა დომინანტად აქცია ცხინვალში, სადაც ოსური ისედაც ძალიან ცოტამ იცის.

კოკოითის თქმით, ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოსური ენის განვითარებაზე მუშაობენ და ეს ნორმალურია, რადგან ე.წ. სახელმწიფო ენა ოსურია.

ამავდროულად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა მივანიჭოთ. მთავარია, ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს არ მივცეთ საშუალება, სიტუაცია შეარყიოს და ყოფითი საკითხები სახელმწიფოთაშორისი და ეროვნებათშორისი ურთიერთობის სიბრტყეში გადაიყვანოს. ეს არის ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება, რომ დაგვემართოს, - ამბობს ფსევდოპრეზიდენტი და ყველასთვის ბუნდოვანი რჩება, თუ რატომღა სურდათ საქართველოდან გამოყოფა, თუკი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყველაფერი ოსური რუსეთის ხელით ისედაც ისპობა?!

გიორგი ჯავახიშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “საინტერესოა, ახლა რაღა უნდა თქვან ოსებმა დამოუკიდებლობაზე და თვითგამორკვევაზე?! ამბობენ, ქართველები გვზღუდავდნენ და ძალით გვაქართველებდნენო და ახლა თავად მათ საქციალს რა ჰქვია? ოსების უმეტესობა ისედაც მთლიანად არიან გარუსებულები და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შემდეგ, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც მოხდება. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მადარდებს მათი ბედი. საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს და ახლა სწორედ იმას იმკიან, რაც რუსეთთან “შეტენვით” დათესეს. მე მხოლოდ ის მადარდებს, რომ საქართველოს ამ ძველ მიწაზე, მალე რუსებისა და გარუსებული გაურკვეველი ადამიანების მეტი აღარავინ იქნება”

ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, როგორც ჩანს, ცხინვალში კოკოითს მოწინააღმდეგეებიც გაუჩნდება და სწორედ ამიტომ, არაღიარებული ფსევდოპრეზიდენტი მოვლენებს ასწრებს და საკუთარ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. კოკოითი ამას უკვე ხმამაღლაც აცხადებს და თან მის სიტყვებს მუქარის ტონიც გასდევს.

კოკოითის შეფასებით, დე-ფაქტო მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა მუშაობა ფაქტობრივად, ჩააგდო. დავითხოვთ ასეთ სპეციალისტებს, იმის მიუხედავად, მოწვეულები არიან ისინი თუ ადგილობრივები. მე უკვე მივიღე პრინციპული გადაწყვეტილებები, - განაცხადა კოკოითიმ. მისივე თქმით, ეკონომიკის ხაზით კარგი სპეციალისტების მოძიება უკვე მიმდინარეობს და, შესაძლოა, კადრები რუსეთიდანაც მიიწვიონ. მთავრობაში პრემიერად ვადიმ ბროვცევის და სხვა რიგი ენერგიული და ეფექტური ხელმძღვანელების მოსვლის შემდეგ, ჩვენ თავად შეგვიძლია იმ პრობლემების მოგვარება, რომელთა გადაჭრაც 2 წლის წინ შეუძლებელი იყო

ალბათ გახსოვთ, რომ ედუარდ კოკოითსა და კრემლის კადრს - ე.წ. პრემიერ ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. კოკოითის გუნდის წევრები ბროვცევს აღდგენითი სამუშაოების ჩავარდნაში ადანაშაულებდნენ და მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას აპირებდნენ.

თუმცა ორიოდე თვის წინ მოსკოვში ჯერ ბროვცევის, შემდეგ კი კოკოითის ვიზიტების შემდეგ ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ უკმაყოფილო მხოლოდ ცალკეული მინისტრების საქმიანობით არის, თავად ბროვცევს კი მხარს უჭერს