ირაკლი კაკაბაძე, "ლიბერალი"
გენიალური ხელოვანი სწორედ იმითაა გენიალური, რომ მის ნამუშევარს დრო რელევანტობას ვერ უკარგავს. საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მიერ გათამაშებული სცენების ნახვის მერე ძალაუნებურად თვალწინ უილიამ შექსპირის „მაკბეტი" წარმომიდგა.
მაკბეტი შოტლანდიის მეფე დუნკანის ყველაზე ნიჭიერი და მამაცი გენერალი იყო. პიესაში სწორედ ის დაამარცხებს ნორვეგიელ ვიკინგებს, რომლებთანაც დუნკანი ვერაფერს ხდება. და ამ დროს მას კუდიანები უწინასწარმეტყველებენ რომ მეფე უნდა გახდეს. მისი ცოლი, ლედი მაკბეტი არწმუნებს, რომ დუნკანის მოკვლა მისთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. თვით მაკბეტი თითქოს ეწინააღმდეგება გარემოცვის სურვილს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს ისე ასრულებს, როგორც ეს „დაახლოებულ დამნაშავეებს" უნდათ. აქედან იწყება მისი ძალაუფლებით თრობა და სისხლის გუბეებში ცურაობა. იწყებს ყველას თავიდან მოშორებას, ვინც საეჭვოდ მიაჩნია. ის კი არადა, შოტლანდიის ერთ-ერთი თავადის, მაკდაფის ცოლ-შვილსაც ამოწყვეტს, როდესაც თვით ეს თავადი ქვეყნიდან გაიქცევა. ბოლოს, ცხადია დუნკანის შვილი მალკოლმი გაქცეულ შოტლანდიელ თავადებთან და ათი ათას ინგლისელ ჯარისკაცთან ერთად ბრუნდება შურის საძიებლად. მაკბეტის ამბავი დაახლოებით 17 წლის ინტერვალით არის გაწელილი. მაკბეტი დუნკანს 1040 წელს კლავს და მისი მეფობა 1057 წლამდე გრძელდება. თუმცა, თავისი მეფობის ბოლოსათვის მაკბეტი სულ უფრო და უფრო იზოლირებული ხდება საკუთარი ხალხისგან. მისი ცოლი გიჟდება და მუდმივად ბოდავს. მაკბეტი კი ძირითადად კუდიანებთან გადის კონსულტაციებს - ისინიც ურჩევენ, რომ მისი მძლეველი არავინაა, ვინც ქალის საშოდან დაიბადა. მაკბეტის მიერ აყვანილი „საკონსულტაციო და პიარ კომპანია" მუდმივად ამყოფებს იმ განცდის ქვეშ, რომ უძლეველია. ცხადია, ადრე თუ გვიან ყველა „წარმატებას" ბოლო აქვს და „მჯობნის მჯობნი არასდროს დაილევა" და როდესაც მეფე დუნკანის შვილი მაკლოლმი წამოიზრდება და ინგლისელები საკმაოდ დიდ ჯარსაც დაახმარებენ, ცხადი ხდება რომ მაკბეტი მათ ვერ გაუმკლავდება. მაგრამ თვით მაკბეტს ამის დაჯერება არ უნდა და არც შეუძლია. ცოლის სიკვდილი და მტრის ჯარის მოახლოვება დაახლეობით ერთ დროს ხდება და მაკბეტი ერთხანს ამ მძიმე სიმართლის გაგონებაზე უარსაც ამბობს. მას არ უნდა დაიჯეროს რომ შეიძლება მტერთან და სიკვდილთან დამარცხდეს. ამაში მაკბეტს მისი „კონსულტანტი" კუდიანებიც ეხმარებიან.
რაღა თქმა უნდა, „ბუნებითი კანონი" ბოლოს მაინც თავისას იზამს. მაკბეტის დასნეულებულ ცოლს, რომელიც მისი დანაშაულების თანამონაწილე იყო, მიქელ გაბრიელი წაიყვანს და მალკოლმისა და მაკდაფის არმია იოლად სძლევს. მაკბეტს კი ბოლომდე მაინც არ სჯერა, რომ ვინმე ისეთი დაამარცხებს, რომელიც ქალმა შობა. და ბოლო ორთაბრძოლაშიც მაკდაფი თავს ისე მოაჭრის, რომ ეს უნიჭიერესი გენერალი და მეფე თავის დამარცხებას „საკონსულტაციო კომპანიას" ანუ კუდიანებს აბრალებს. აღმოჩნდება, რომ მაკდაფი დროზე ადრე დაბადებულა.
ტირანს უჭირს, რამე საკუთარ თავს დააბრალოს. ყველაფერი „კუდიანების" ბრალია. მაგრამ როდესაც სასტიკად ხოცავს მოწინააღმდეგეებს და პატარა შვილებსაც,რაღა თქმა უნდა ეს მიუღებელი არ არის. პირიქით, ის სიამოვნებით ითვალისწინებს კუდიანების „პიარ კომპანიის" რჩევებს. მაკბეტი უმოწყალოდ ხოცავს ყველას, ვინც მისი ძალაუფლებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
ძალიან საინტერესოა მაკბეტის დღევანდელი ინტერპრეტაცია საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო გამოსვლის და მისი ზოგიერთი „გაწონასწორებული" პასუხის შემდეგ სწორედ მაკბეტი გამახსენდა. ის ეპიზოდი, როდესაც ტირანი ცოლის ექიმს და თავის მსახურს სთხოვს, რომ სიმართლე არ უთხრან, ცუდი ამბავი არ მოიტანონ. ის ყველანაირად ცდილობს შეეწინააღმდეგოს ბუნების კანონს - იმას, რომ სიცოცხლეს მოყვება სიკვდილი და ყველაფერს, რასაც დასაწყისი აქვს დასასრულიც გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისათვის ნამდვილად ახალგაზრდა კაცია და ბუნებრივია, აქ მის პოლიტიკურ „გარდაცვალებაზე" ან დროებით მაინც „დასასვენებლად წასვლაზეა" ლაპარაკი. მაგრამ მაკბეტის არ იყოს, ის ჯიუტად იმეორებს, რომ არავის დაუთმობს ძალაუფლებას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უბრალოდ, ფაქტები შეახსენეს და ამან სააკაშვილი მწყობრიდან სრულად გამოიყვანა. ქართველი მაკბეტისათვის შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ შევარდნაძის ნეოლიბერალური რეჟიმისაგან მისი სისტემაც არ არის დიდად განსხვავებული. როგორც ის სდებდა ბრალს თავის მასწავლებელს ნათესავების და მისი კლანის პატრონობაში და გამდიდრებაში, მასაც ასევე უტყუარი ფაქტები დაუდეს წინ. ის, რომ ახლო ნათესავები და თანაპარტიელები დღეს საქართველოში დიდი ოლიგარქები არიან სააკაშვილის გარდა არავისთვისაა საიდუმლო. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ მან ეს კარგად არ იცოდეს - იმიტომ კი არა, რომ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება. არა, მას რა თქმა, უნდა შეუძლია გაიგოს როგორ სასახლეში ცხოვრობს ვანო მერაბიშვილი ან რომელ უნივერსიტეტებს ფლობს საკუთარი დედა - მაგრამ მაკბეტის მსგავსად მას აღარ უნდა ამის მოსმენა. უკვე დაიჭირა მტრები, მოკლა თანამებრძოლები და ახლა თავისი კარიერის ამ ეტაპზე აღარ უნდა აუტკივარი თავის ატკივება. ამისათვისაც ჰყავს ისეთი „კონსულტანტები" რომლებიც შექსპირის კუდიანების არ იყოს, მხოლოდ კარგ ამბებს გადმოცემენ. „იმედი", „რუსთავი 2" და საზოგადოებრივი ტელევიზია ხომ სწორედ ისეთ სურათს აჩვენებს, რომ მაკბეტის კუდიანებს ნამდვილად შეშურდებოდათ. მიშა სააკაშვილიც თავს იმშვიდებს იმით, რომ საქართველო ყველაზე წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში.
თავისთავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილი პარლამენტის ტრიბუნაზე მყოფ ოპოზიციის წარმომადგენელს ასე დაემუქრა, ძალიან სერიოზულ საშიშროებაზე ლაპარაკობს, რომელიც დღეს საქართველოშია. ამ მუქარით სააკაშვილმა საკუთარი ტირანიის სახე აჩვენა. აქამდე ასეთ ამბებს მხოლოდ გადმოცემით თუ ვიგებდით - ახლა კი პირდაპირ ეთერში ნახა მთელმა ქვეყანამ გაბოროტებული მიშას ნამდვილი სახე. პირდაპირ გეტყვით, ამ სახის დანახვაზე მაკბეტი გამახსენდა. ეს იყო დაუნდობელი, ცივსისხლიანი ტირანი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მან საჯაროდ მოიხადა ნიღაბი და ოპონენტს პირდაპირ ეთერში წამებით და შეურაცხყოფით დაემუქრა.
ძალიან საინტერესოა, რას აკეთებდა სააკაშვილი, როდესაც ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, ალბათ გავარდა ცალკე ოთახში და ერთ-ერთ მშობელს მაინც დაურეკა: "რა დღეში მაგდებთ, ვერ ხედავთ ჯონდი რას ამბობსო?!" ამაზე ის ერთ-ერთი მშობელი უპასუხებდა: „მიშიკო, ნუ ნერვიულობ, ეს ხომ ოპოზიცია ლაპარაკობს, შეხედე შენს „კუდიან" ტელევიზიებს - შენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და წარმატებული პოლიტიკოსი ხარო. ოღონდ ახლა დაგვიჯერე, ჭკვიანად მოიქეცი და დაბრუნდი შენს მერხზე - არ არის სწორი დარბაზიდან გამოქცევაო".
სააკაშვილი, მაკბეტის არ იყოს, ნიჭიერი პოლიტიკოსია. მაკბეტისგან განსხვავებით ის ნიჭიერი სამხედრო გენერალი არ არის, თუმცა პიარის საკითხებში ნამდვილად ყველას სჯობნიდა აქამდე. ეს მისი ერთ-ერთი პირველი წაბორძიკებაა ამ საბრძოლო მოედანზე. მაკბეტის არ იყოს, სააკაშვილიც უარს ამბობს უსიამოვნო სიმართლის გაგონებაზე და საკუთარ ოპონენტებს ემუქრება.
მაგრამ, მაინც არის ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა - მაკბეტს არ ჰყავდა საკუთარი კორუფციული სისტემით გამდიდრებული მშობლები, რომლებიც საჭირო დროს მას უკან „მერხზე დაჯდომას" ასწავლიდნენ. ვნახოთ, როგორ გამოადგება სააკაშვილს ახლად გამდიდრებული დედ-მამა.
1289
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85