კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექივასა და იმაზე, თუ როგორ აისახება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კრემლის სამხრეთ კავკასიისადმი წარმებულ პოლიტიკაზე, "ინტერპრესნიუსი" მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ალექსანდრ კრილოვს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებული დიპლომატიური "ფლირტი"? მხედველობაში მაქვს პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ, შემდეგ ამ ინიციატივაზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხი - თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადება და ამის შემდეგ ოფიციალური თბილისის განცხადება, რომ თბილისის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის მზადაა, თუ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებას უკან გაიწვევს . . .
- არა მგონია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში სწრაფი ცვლილებები მოსალოდნელი იყოს. ამას ხელს უშლის რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელზეც მოსკოვი უახლოეს მომავალში უარს ვერ იტყვის. გარდა ამისა, საქართველოს მიღებული აქვს კანონები, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფი, სამართლებრივად შეიძლება დაისაჯონ. ასეთ ვითარებაში მხოლოდ სავიზო რეჟიმის გაუქმება პრაქტიკულად არაფერს არ ცვლის.
ჩვენს ქვეყნებს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები და ორმხრივი ურთიერთობები წარმოუდგენლად ცუდია. რაც ახლა ხდება, შეიძლება აღვიქვათ მინიშნებად, რომ ვითარება შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს და დაიწყოს ორმხრივი ურთიერთობების მოწესრიგება, გაჭიანურებული და ძნელი პროცესი. ამ მხრივ რაც ახლა ხდება, გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
- რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას საზოგადოებაში რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნაში ადანაშაულებს, არადა, თავად კრემლის პროპაგანდისტული მანქანის შედეგად რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთის მტრად, აშშ-ის შემდეგ, სწორედ საქართველოს მიიჩნევს. არც ის არის საიდუმლო, რომ პუტინის და პრეზიდენტობის თითქმის ყველა კანდიდატის ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებები, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც, საქართველოს ეხება . . .
- არ დაგეთანხმებით, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატის რიტორიკა ანტიქართულია. პროხოროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გზით მოაგვარებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პროპაგანდისტული ომია. ეს კი, პირველ რიგში იმ პოზიციებზე აისახება, რომლებშიც მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ცხადია, რომ უახლოეს ხანებში ამ პოზიციებში ცვლილებები არ მოხდება.
ჩემი აზრით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსკოვი წინა წლებისაგან განსხვავებით, აღარ აცხადებს, რომ სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა. ამგვარი რიტორიკა რუსეთის ხელისუფლების გამოსვლებში პრაქტიკულად გაქრა. მოსკოვ-თბილისის დაუსწრებელი დიალოგი იმას ნიშნავს, რომ კრემლისთვის სააკაშვილი მიუღებელი ლიდერი აღარ არის. ეს კი, არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე, არამედ იმაზეც მიუთითებს, რომ კრემლი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენას იმ შემთხვევაშიც არ გამორიცხავს, თუ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში 2013 წლის შემდეგაც დარჩება.
- ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პუტინის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად ჩატარდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები? საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდება . . .
- ვფიქრობ, რომ არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარდება. არჩევნების დღეს მასობრივ აქციებს არ ველოდები. არც ის მგონია, რომ არჩევნებზე ძალიან ბევრი დარღვევაა მოსალოდნელი. საზოგადოება ძალიან მკაცრად გააკონტროლებს საარჩევნო პროცესს. ასეთ ვითარებაში, არა მგონია საარჩევნო უბნებზე აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც შედეგების სერიოზულ დარღვევებზე წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს დარღვევების ჩასადენად ბრძანებას ზევიდან არავინ მისცემს.
- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები არჩევნების შემდეგ? მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ აქციების ჩატარებისთვის ემზადებიან, როგორც პუტინის მომხრეები, ისე - მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ძალები. არავინ უარყოფს, რომ პუტინს მხარს არც ისეთი დიდი მხარდაჭერა აქვს, როგორც ამის შესახებ ოფიციალური პროპაგანდა იტყობინება . . .
- არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასობრივ არეულობებსა და ვითარების დესტაბილიზაციას არ ველოდები. ახლა ქვეყანაში ამისათვის არ არის ისეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში რუსეთში საკმაოდ სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. თუმცა, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ საპროტესო განწყობები სულ უფრო მატულობს. თუ ახლა პუტინი იქნა არჩეული და მისი პრეზიდენტობის ვადაში რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა, შემდეგი არჩევნები ყველასათვის მოულოდნელი შედეგებით დასრულდება.
- მართალია, ხელისუფლებამ ოპოზიციას ქუჩაში მხარდამჭერთა მობილიზების მხრივ ბრძოლა მოუგო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსულ საზოგადოებაში პუტინისადმი პროტესტის გამოხატვა ერთგვარ მოდად და კარგ ტონად იქცა. რამდენად სახიფათოა ხელისუფლებისთვის საზოგადოებაში არსებული საპროტესო განწყობები?
- საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნებიან ცხოვრების დონითა და პირობებით უკმაყოფილო ადამიანები. თუ საპროტესტო მოძრაობამ მასობრივი ხასიათი მიიღო არა მარტო დიდ, არამედ პატარა ქალაქებში, ამან შესაძლოა, ქვეყანაში უმართავი პროცესები და ხელისუფლების ცვლაც კი გამოიწვიოს.
ახლა ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად რადიკალური იქნება პუტინი მთავრობის დაკომპლექტებისას; მოიყვანს თუ არა იგი მთავრობაში ისეთ ხალხს, რომელთა საქმიანობა, წინანდელი მთავრობის წევრთაგან განსხვავებით, ეფექტური იქნება.
- აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პუტინი კრემლში დაბრუნდება. გასაგებია, რომ პუტინის საგარეო პოლიტიკა გამოკვეთილად ანტიდასავლური და ანტიამერიკული იქნება, მაგრამ თქვენი აზრით, როგორი იქნება პუტინის საშინაო პოლიტიკა და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისადმი დამოკიდებულება?
- სამხრეთ კავკასიისადმი პოლიტიკაში რადიკალურ ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და აღებული კურსი გაგრძელდება. გასაგებია, რომ მოსკოვის პოლიტიკა სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანისადმი განსხვავებული იქნება. ირანში ვითარების გართულების ფონზე, მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების დაძაბვა შეინიშნება. ირანში დაძაბულობის ზრდა სამხრეთ კავკასიისათვის კარგს არაფერს მოასწავებს.
რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება პუტინის საშინაო პოლიტიკა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ მსოფლიოში ნავთობსა და გაზზე ფასები საკმაოდ მაღალია, რუსეთი საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. მაგრამ, ყველას ესმის, რომ ასე დიდხანს და მითუმეტეს ყოველთვის, ასე არ იქნება. რუსეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიღოს კურსი მოდერნიზაციასა და პოლიტიკური სისტემის სრულყოფაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს პუტინი საშინაო პოლიტიკაში წარმატებული. თუ კრემლში დაბრუნებულმა პუტინმა ამგვარი პოლიტიკა არ გაატარა, მაშინ რუსეთი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
იმედს ვიტოვებ, რომ მასობრივი აქციები, რომლებსაც რუსეთში სათათბიროს არჩევნების შემდეგ ადგილი ჰქონდა მოსკოვსა და სხვა ქალაქებში, გავლენას იქონიებს რუსეთის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე. იმედია, კრემლში დაბრუნების შემდეგ, პუტინი აქტიურად დაიწყებს ქვეყანაში როგორც მოდერნიზაციის პოლიტიკის გატარებას, ისე რუსეთის პოლიტიკური სისტემის რეფორმას.
555
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85