"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"უმნიშვნელოვანესი კითხვის უპასუხოდ დატოვება კარგი არ არის. მას პასუხი არ აქვს, რაც ერთმნიშვნელოვნად მისი სისუსტეა. მას რომ ეთქვა - მე ვიქნები პრემიერი, მე ვიქნები პარლამენტის თავმჯდომარე, მე ასე მინდაო - ეს პასუხი იქნებოდა. მაგრამ არ თქვა. მან ეს საუბარი გადაიტანა პარტიაზე, საავადმყოფოებზე, ტრაქტორზე - პასუხს თავი აარიდა. ტყუილად ეჩვენება ვინმეს, რომ ის დამაჯერებელი, წელგამაგრებული, ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკე ქვეყნის ლიდერი იყო. ეს არის სააკაშვილის სისუსტის მაჩვენებელი. სააკაშვილის პასუხს ამ კითხვაზე ელოდებოდნენ და ელოდებიან, ვიმეორებ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ძალიან კრიტიკულად ელოდებიან ქვეყნის გარეთ", - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა კაციტაძე: "სააკაშვილს წასვლა მაინც მოუწევს!".
"ჩემთვის მნიშვნელოვან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე - როცა გამოსვლას საანგარიშო ჰქვია, ბუნებრივია, აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა ისაუბრო. იყო თემები, რომელიც მას საერთოდ გამორჩა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი... პრეზიდენტის, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირია, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა უნდა პასუხობდეს უმთავრეს პოლიტიკურ გამოწვევებს ქვეყანაში. შეიძლება მან ისაუბროს ვეტერინარებზე, პესტიციდებზე, საირიგაციო სისტემებზე, მაგრამ მან, უპირველეს ყოვლისა პასუხი უნდა გასცეს მთავარ პოლიტიკურ გამოწვევას, რაც უპასუხოდ დარჩა. ეს უპასუხობა არ არის მისი ლავირების, მისი სიძლიერის მაჩვენებელი, თუნდაც პრობლემის გადავადების მაჩვენებელი - ესაა მისი უპოზიციობისა და სისუსტის მაჩვენებელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა კაციტაძე.
"თუ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, მაშინ ხომ სისუსტეა, თუ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მაგრამ ვერ ამბობს და "ამირან გულში მღეროდას" პრინციპით მოქმედებს, ეს კიდევ უფრო მეტი სისუსტეა, იმიტომ რომ ამის თავი და გამბედაობა არ აქვს. იმ პრობლემის გადალახვის თავი არ აქვს, რომელიც ამ გადაწყვეტილების გახმიანების შემთხვევაში მას დაუპირისპირდება. თუნდაც გადაწყვეტილება ჰქონდეს მიღებული, რომ ის მიდის და არ აპირებს არც ერთ პოზიციაზე დარჩენას, მაშინ მას საკუთარ გუნდთან ექმნება პრობლემა, რომელიც დაპირისპირებას, გახლეჩას უკავშირდება. სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხზე ვერც ერთ შემთხვევაში პოლიტიკური მოქნილობის მადემონსტრირებელ ხერხად ვერ ჩაითვლება", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "სააკაშვილმა "გუდიან" ჰილარი კლინტონზე გააკეთა აქცენტი, რომ ასეთი წარმოდგენა აქვს ოპოზიციას, თუ როგორ წაიყვანენ მას ამერიკელები..." - პასუხობს:
"სააკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლობა სხვადასხვა რაღაცით შეფუთა - რომ მშენებლობას განაგრძობს, რომ ააგებს ლაზიკას, განაგრძობს სოციალური ყოფის გაუმჯობესებისთვის ზრუნვას. მათ შორის, შესაფუთად გამოიყენა "გუდიანი" ქალებისა და კაცების თემა - ეს ყველაფერი შესაფუთი მასალა იყო. მთავარია, რა არის შესაფუთი ობიექტი. შესაფუთი ობიექტი არის სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს ან თუ არსებობს, უხერხემლოა, გაუმჟღავნებელია, დაფარულია, კიდევ უფრო მეტი საფუთი სჭირდება ამისთვის. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ცალკე უნდა ყოფილიყო გამოყოფილი და ცალკე უნდა გამახვილდეს მასზე ყურადღება... სააკაშვილს ყველა მიმართულებით აქვს გზა ხსნილი - ეს ადამიანი საკმაოდ მრავალწახნაგოვანია, ვერ ვიტყვით რომ პრიმიტიულია, შეუძლია საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს. მე ვერ გამოვდგები მრჩევლად, ან ვენახში შევიდეს, ან კათედრაზე ავიდეს და ლექციები იკითხოს, ან კალამი აიღოს და მემუარები წეროს. ეს მისი არჩევანია, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ელოდება, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ვადის ამოწურვის შემდეგ ეს პირი, სახელგადარქმეული თუ სახეშეცვლილი, მისი ჩრდილოელი კოლეგასავით არ უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში, ეს ცხადია".
678
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85