გილერმო მონტანომ მთელი ბაზარი მარტომ შექმნა

გილერმო მონტანომ მთელი ბაზარი მარტომ შექმნა


კომპანია Transactel-ის და მისი დამაარსებლის გილერმო მონტანოს ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოქნილი გონებისა და კარგი ბიზნეს-ალღოს მქონე ადამიანმა არა მარტო წარმატებული კომპანია, არამედ, თავის ქვეყანაში სრულიად ახალი დარგი, ახალი ბაზარი შექმნას, შემდეგ კი, თავისი ბიზნესით ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლაც შეძლოს.

გვატემალაში ქოლ-ცენტრების ქსელის შექმნის იდეა მონტანოს 2004 წელს ეწვია. ძალიან ცოტას თუ სჯეროდა, რომ მას რამე გამოუვიდოდა. უმეტესობა თვლიდა, რომ ცენტრალური ამერიკის პატარა, განუვითარებელ ქვეყანაში, სადაც 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ასეთი ბიზნესი ვერ გაამართლებდა. გვატემელა ხომ ფილიპინები, ან ინდოეთი არ არის, სადაც ქოლ-ცენტრების ბიზნესი ყვავის, ეუბნებოდნენ გილერმოს. სხვა რომ არაფერი, იგი გვატემელაში ვერავისგან ვერაფერს ისწავლიდა. 

“კომპანიას თითქოს უდაბნოში ვაშენებდით, რადგან ქვეყანაში ერთადერთი ქოლ-ცენტრი ვიყავით, - იხსენებს მონტანო, - მაგრამ დიდი უპირატესობა ის იყო, რომ ახლადშექმნილ სფეროს ჩვენი სტანდარტებით ვქმნიდით. ასეთ დროს შესაძლებელია ბიზნესის სხვა ქვეყნებში აპრობირებული კონცეფციების გამოყენება, მაგრამ მათი რეალობაში განხორციელება რთულია, რადგან არავინ იცის ეს როგორ გააკეთოს.”

დღეს ქოლ-ცენტრები გვატემალური ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ნიშაა. ამ სფეროში 9 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ბაზარზე ერთმანეთს კონკურენციას უწევს ათამდე ოპერატორი. მათ შორისაა ამერიკული NCO და Genpact, ფრანგული Capgemini და ინდური 24/7 Customer. ანუ, გილერმოს გაკვალულ გზას ბევრი დაადგა. მეტიც, ბევრი ჩრდილოამერიკული კომპანია, ადრე რომ აზიურ ბაზრებს ეტანებოდა, ახლა ყურადღებას გვატემალასა და ცენტრალურ ამერიკაზე ამახვილებს. 

მაგრამ სფეროს უპირობო ლიდერი Transactel გახლავთ. კომპანიაში გვატემელაში 4 ათასი, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში კი კიდევ 3 ათასამდე ადამიანი მუშაობს. მართალია, კომპანია ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი წლიური შემოსავალი 200-300 მილიონი დოლარია. 

სანამ საკუთარ საქმეს წამოიწყებდა, მონტანომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივ ფილიალში იმუშავა და ყოველთვის ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. შემდეგ, რამდენიმე მეგობართან ერთად პატარა ფირმა დააარსა და ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანია Bell South-ს დავალიანებების ამოღებაში ეხმარებოდა. მალე Bell South-მა მათ კლიენტებისათვის მთელი რიგი მომსახურების გაწევა შესთავაზა და მეგობრები მიხვდნენ, რომ ამერიკულ კომპანიაზე მუშაობა გვატემელაში მართლაც რომ მოსახერხებელი იყო.

გვატემელას ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ ცენტრალური სტანდარტული დროით ცხოვრობს, როგორც აშშ-ს დიდი ნაწილი. ეს კი ტოპ-მენეჯერებს საქმეს უადვილებს. მოსახერხებელია ისიც, რომ გვატემელადან შტატებამდე ფრენას ცოტა დრო სჭირდება და დღეში ორ ქვეყანას შორის 20 რეისამდე სრულდება. თანაც, 2 მილიონამდე გვატემალელი ამერიკაში ცხოვრობს და შტატების გავლენა გვატემელაში ძალიან დიდია.  

თავისი ბიზნეს-იდეის განხორციელებისათვის მონტანომ რომ ვერც ერთი ადგილობრივი ბანკიდან კრედიტი ვერ მიიღო, გვატემალაში მომუშავე ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Caoba Capital-ს მიმართა. მისგან საჭირო თანხა აქციების 25 პროცენტის სანაცვლოდ მიიღო, რომლებიც შემდგომში გამოისყიდა. საერთოდ, ლათინოამერიკელი ბიზნესმენები წილის უცხოელი ინვესტორებისათვის მიყიდვას ერიდებიან. მაგრამ მონტანო ამ საკითხს სხვაგვარად, ბევრად ცივილურად უყურებდა. 

მონტანომ Transactel-ში მართლაც რომ დასავლური სტილის ბიზნეს-გარემო შექმნა, რითაც ძალიან ცოტა გვატემალური კომპანია თუ დაიკვეხნის. როგორც ზემოთ ვთქვით, Transactel-მა მონტანოს მიერ ქვეყანაში შექმნილი ბაზარი მალე აითვისა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზეც გავიდა.