Swarovski-ის ბრწყინვალებამ ბრილიანტები დაჩრდილა

Swarovski-ის ბრწყინვალებამ ბრილიანტები დაჩრდილა


რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, უბრალო ბროლისაგან დამზადებული Swarovski-ის კრისტალები დღეს ისეთივე პოპულარულია, როგორც მასზე გაცილებით ძვირფასი ბრილიანტი. ეს დანიელ სვაროვსკიმ შეძლო, ადამიანმა, რომელიც არასოდეს მალავდა, რომ მხოლოდ ბრილიანტის იმიტირებას ცდილობდა და არაერთი შარლატანივით არავის მოტყუება აზრადაც არ მოსვლია. 

დანიელ სვაროვსკი 1862 წელს ჩრდილოეთ ბოჰემიაში დაიბადა, რომელიც მაშინ ავსტრო-უნგრეთის იმპერიას ეკუთვნოდა. მისი ოჯახი მინის დამუშავებას ეწეოდა და სახელოსნოც ჰქონდა. ოჯახური ბიზნესით სვაროვსკებს თაობიდან თაობამდე გაჰქონდათ თავი და, ცხადია, დანიელიც მამის კვალს გაჰყვა, თუმცა, სულით და გულით მევიოლინეობაზე ოცნებობდა. 

მევიოლინეობა არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, განათლება პარიზში მიიღო, სადაც დანიელმა ელექტროტექნიკის მსოფლიო გამოფენაზე მინის დასამუშავებლად ელექტროძაბვის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ შეიტყო. ზუსტად ათი წლის შემდეგ, 1891 წელს მან მინის დასამუშავებელი მსოფლიოში პირველი ელექტროდაზგა შექმნა. ცხადია, გამოგონება მაშინვე დააპატენტა და გადაწყვიტა ხელი მეწარმეობისათვის მიეყო. თუმცა, მშობლიურ სოფელში კი არ დაბრუნდა, ავსტრიაში, ტიროლის მახლობლად მდებარე სოფელ ვატენსში დასახლდა და პირველი Swarovski-ის ფაბრიკა გახსნა. ეს 1895 წელს მოხდა. 

სვაროვსკის მიერ გამოშვებულმა პირველივე კრისტალებმა, რომლებიც ძალიან წააგავდა ბრილიანტს, მაგრამ ბევრად დემოკრატიული ფასი ჰქონდა, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. Swarovski-ის პროდუქციაზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კომპანია მოდურ საქონელზე შეკვეთებს ძლივს აუდიოდა. 

ამას, ცხადია, კომპანიის გაფართოება მოჰყვა. დანიელმა საქმეში თავისი სამი შვილი ჩააბა და კომპანია მართლაც რომ ოჯახურ ბიზნესად აქცია. ამასთან, გამუდმებით გამოგონებებზე მუშაობდა და ბროლის დამუშავების ახალი მეთოდების შექმნას ცდილობდა. 

შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და საიუველირო ნაწარმზე მოთხოვნილებამ ევროპაში მნიშვნელოვნად იკლო. Swarovski კი ამერიკულ ბაზარზე ჯერ არ გასულიყო. ბიზნესის გადასარჩენად სვაროვსკიმ შვილობილი კომპანია Tyrolit დააარსა, რომელიც სხვადასხვაგვარი დაზგებისათვის დეტალებს უშვებდა. სხვათა შორის, ეს კომპანია დღემდე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს. 

20-იანი წლების დასაწყისში სიტუაცია გამოსწორდა და Swarovski-იმ პროდუქციის გამოშვება ახალი ტექნოლოგიით დაიწყო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მოთხოვნით სარგებლობდა. დანიელის კომპანია იფურჩქნებოდა, კონკურენტები კი კრახს განიცდიდნენ. მას შემდეგ, რაც ლამაზი თვლები კოკო შანელმა თავის ქმნილებებში გამოიყენა, Swarovski-ის კრისტალები მოდის სამყაროში თითქმის შეუცვლელი ატრიბუტი გახდა. 

სვაროვსკის ნამუშევრები კონკურენტებისას მრავალი პატენტის და საიდუმლო ფორმულის წყალობით სჯობდა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა და რომელიც კომპანიის წარმატების უმთავრესი ფაქტორია. Swarovski-ის კრისტალები გამორჩეულად ბრწყინავს და ბრილიანტისაგან მართლაც რომ ძნელი გასარჩევია. მეტიც, ბევრი, თვლის, რომ Swarovski-ის თვლები თვით ბრილიანტს ჩრდილავს. 

კომპანია მხოლოდ საიუველირო ნაწარმით როდი შემოიფარგლა. 1929 წელს დაარსდა შვილობილი კომპანია Swareflex, რომელიც ავტომობილებისათვის ამრეკლ შუშებს აწარმოებს. გარდა ამისა, საფუძველი ჩაეყარა სხვადახვა სახის ოპტიკის წარმოებას.

მეორე მსოფლიო ომმა კომპანია ნაკლებად დააზარალა, ვიდრე პირველმა, რადგან ამ დროს Swarovski უკვე ამერიკულ ბაზარზე გახლდათ გასული. ამიტომაც, ომის დასრულების შემდეგ კომპანია წელში იოლად გაიმართა. თანაც ამ დროს Swarovski-იმ ინდივიდუალური პროდუქციის გამოშვება დაიწყო. 1956 წელს გარდაიცვალა დანიელ სვაროვსკი. თუმცა, ოჯასური ბიზნესი უკვე იმდენად იდეალურად იყო აწყობილი, რომ ამ დანაკარგს კომპანიის წარმატებით განვითარებისათვის ხელი არ შეუშლია. 

მეტიც, ასორტიმენტი სულ უფრო იზრდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიახლე იყო დანიელის შვილიშვილის მანფრედის მიერ ბროლის იმგვარად დამუშავება, რომ ფერადფერადი კრისტალები მიიღეს. შემდეგ დაიწყეს საკოლექციო ფიგურების გამოშვება. 

Swarovski-ის უნიკალური პროდუქციის საიდუმლო დღემდე ვერავინ ამოხსნა, არადა, მის გაგებას დღემდე უშედეგოდ ცდილობს არაერთი კონკურენტი. შეიძლება, ოდესმე ვინმე მართლაც ჩაწვდეს Swarovski-ის საიდუმლოს, მაგრამ ჯერჯერობით კომპანია ბიჟუტერიის მსოფლიო ბაზრის უპირობო ლიდერია და გამოყენებული ქვების 80 პროცენტს უშვებს.