ამერიკული ინდექსები სიტუაციის მიუხედავად იზრდება

ამერიკული ინდექსები სიტუაციის მიუხედავად იზრდება


მთავარი ამერიკული საფონდო ინდექსი Dow Jones ბოლო დროს ზრდის ერთობ მაღალ მაჩვენებელს დემონსტრირებს. მაჩვენებელმა უკვე 13 ათასიან პუნქტს მიაღწია, რაც 2008 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ 2008-2009 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპით იზრდება, ევროპაში მძიმე ვითარებაა და მსხვილ კომპანიებსაც არცთუ თავმოსაწონი მაჩვენებლები აქვთ, ამერიკული ინდექსები მაინც იზრდება და იზრდება.

საფონდო ინდექსი Dow Jones Industrial Average, რომელიც 30 უმსხვლეს ამერიკულ კომპანიას აერთიანებს, სწორედ იმ შედეგებს აჩვენებს, რომელსაც 2008 წლის მაისში დემონსტრირებდა. მაშინ გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე სამი თვე რჩებოდა. არც სხვა ინდექსებია ნაკლებად კარგ მდგომარეობაში და, საერთოდ, უნდა ითქვას, რომ 2012 წლის დასაწყისი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წლის სტარტად შეიძლება ჩაითვალოს. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინდექსების ზრდისათვის არცთუ ხელსაყრელი ვითარებაა. აშშ-ს შიდა პროდუქტის აღდგენა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. 2001-2002 წლის რეცესიის შემდეგ ეკონომიკის ზრდა წლიურ 6-7 პროცენტს აღწევდა, ახლა კი, ეს მაჩვენებელი 3,5 პროცენტს არც ერთხელ არ ასცდენია. თანაც, 2008-2009 წლების ვარდნა გაცილებით ღრმა იყო, ვიდრე 2001-2002 წლებისა. 

არცთუ სახარბიელო ვითარებაა უმუშევრობასთან დაკავშირებით. მისი დონე ბოლო პერიოდში სარეკორდო 10 პროცენტიდან ასე თუ ისე მისაღებ 8,3 პროცენტამდე დაეცა. თუმცა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ბევრმა ამერიკელმა სამუშაოს შოვნის იმედი საბოლოოდ დაკარგა, სააგენტოებს აღარ მიმართავს და სტატისტიკიდან ამოვარდნენ. ძალიან ბევრი ამერიკელი უმუშევარი, რომელიც უმუშევრობისათვის დახმარებას იღებს, ამის მიზეზად ფსიქიკურ დაავადებას ასახელებს. ცხადია, დიდწილად ეს მოტყუებაა, თუმცა, გვარიანი დეპრესიაც რომ არსებობს, ფაქტია. 

როგორც წესი, ამერიკულ ინდექსებზე დიდ გავლენას ახდენს კომპანიების შემოსავლიანობა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ Apple-ის გარდა, რომელიც აშკარა გამონაკლისია, ვერც ერთი ამერიკული კომპანია მაღალი შემოსავლებით ვერ დაიკვეხნის. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ამერიკული საფონდო ბაზრის დაღმასვლა უნდა გამოეწვია, ნავთობზე არსებული საკმაოდ მაღალი ფასია. თანაც, თუ გავითვალისწინებთ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და საკმაოდ დაძაბულ ვითარებას, პერსპექტივაც დამაიმედებლად ვერ ჩაითვლება. ცხადია, ამ სიტუაციაში ამერიკული ნავთობკომპანიები მომგებიან მდგომარეობაში არიან, მაგრამ დანარჩენი ეკონომიკისათვის არსებული კონიუქტურა ხელსაყრელი სულაც არ არის. 

და მაინც, რა განაპირობებს ამერიკული საფონდო ინდექსების ზრდას? ანალიტიკოსთა აზრით, ამისათვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი არსებობს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ფედერალური სარეზერვო ფონდის მოქმედება. მან სხვა ცენტრალურ ბანკებზე ადრე და აქტიურად გაატარა “რაოდენობრივი შერბილების” პოლიტიკა, ანუ, დამატებით დაბეჭდა დოლარების მასა. რეალურ სექტორამდე ეს ტრილიონები ვერ აღწევს, მაგრამ საფონდო ბაზარზე კი გავლენას ახდენს. 

შემდგომ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკას სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროპასთან შედარებისას არის თვალში საცემი. ამიტომაც, ინვესტორები უფრო საიმედო ამერიკული აქტივებისაკენ მიისწრაფვიან. 

ასე რომ, გასაკვირი არც ის იქნება, რომ ამერიკული საფონდო ბაზრის ზრდა შემდგომშიც გაგრძელდეს. მსოფლიოს ეკონომიკაში ხომ ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ ნებისმიერი მცირე დადებითი მომენტი აღსანიშნი და დამაიმედებელი ხდება.