პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებაზე გააკეთა და როგორც ექსპერტები ამბობენ, განსაკუთრებული შეცდომებიც აქ დაუშვა. ეკონომიკური დარგის სპეციალისტებს სააკაშვილის მიამიტური ინიციატივებისა არ სჯერათ.
„საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო „ნაციონალურ“ რეჟიმს და ეს არის ყველაზე მთავარი გამოცდა. ეკონომიკა არ დანგრეულა, პირიქით, არის პოზიტიური ძვრები“, - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ. მისი აზრით, რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივაში პოლიტიკურისგან განსხვავებით, ეკონომიკურ კომპონენტში სიახლე არ არის. „ის, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსულ კაპიტალს, შემოვიდეს საქართველოში, ახალი არ არის. ვარდების რევოლუციის შემდეგ ფართოდ არის გახსნილი კარი რუსული კაპიტალისთვის, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის“, - მიაჩნია პაპავას.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დასაქმებაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებისთვის ახალი არაფერი შეუთავაზებია. მას არ ესმის, რატომ არის მიზანშეწონილი წარუმატებელი პროექტის რეგიონებში განხორციელება, რომელიც მსურველთათვის კომპიუტერისა და ინგლისურის შესწავლას გულისხმობს. გარდა ამისა, პრეზიდენტის მიერ სტუდენტების დასაქმებაზე საუბარი საარჩევნო პერიოდს უკავშირდება იმიტომ, რომ „საჭიროა მათი ხმების მოსყიდვა“, - აღნიშნა პაპავამ.
პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ოჯახი ყოველ მესამე ბავშვზე 1000 ლარს მიიღებს, ყოველ მომდევნოზე კი - 2000 ლარს, კომპლექსურობა და გააზრებულობა აკლია.
„ერთი რამ, რაც გამაღიზიანებელი იყო, არის ის, რომ საქართველოს პატრიარქს პრეზიდენტი წილში ჩაუჯდა, როცა თქვა, რომ ამ ინიციატივით გამრავლებაზე ზრუნვის პროცესს გავაძლიერებთო“, - განაცხადა პაპავამ.
მას ასევე აინტერესებს, რა დაემართა მთავრობის 10-პუქტიან გეგმას. „პრეზიდენტმა თქვა, რომ გეგმა 5-პუქტიანია, მაშინვე ჩნდება კითხვა - რამდენიმე თვის წინათ იყო 10-პუქტიანია, ახლა შეიკვეცა, რეცხვის შემდეგ შემცირდა თუ რა მოუვიდა? თუმცა, მას სიტყვით გამოსვლისას 5 პუქტიც არ ჩამოუთვლია, ისაუბრა მხოლოდ დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობაზე და ჯანდაცვაზე“, - აღნიშნა პაპავამ.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, მიამიტურს უწოდებს.
„გამომდინარე იქიდან თუ რა ურთიერთობაა ქვეყნებს შორის, როგორ შეიძლება სავიზო რეჟიმი ეკონომიკური აქტივობის საფუძველი გახდეს. ჩემი აზრით, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული ნაბიჯი და მეტი არაფერი! სამწუხაროდ, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური შედეგი ამას არ მოჰყვება. თუმცა, ასეთი ინიციატივა კითხვებს აჩენს.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროკავშირის ორიენტირზე და ეს ინიციატივა გამოდის თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ არ ვაუქმებთ ცალმხრივად ევროკავშირთან სავიზო რეჟიმს? რა, ლამაზი თვალების გულისთვის გამოვდივართ ასეთი ინიციატივით რუსეთთან მიმართებაში? თუ ვლაპარაკობთ საინვესტიციო აქტივობის გაზრდაზე, მაშინ, პირველ რიგში, ევროპელებთან მოვსინჯოთ, რაღა რუსებს ვეფერებით. ეს რატომ არ კეთდება? ძალიან მარტივი კითხვაა და ამ კითხვაზე აქვს ხელისუფლებას პასუხი?
თუ გვინდა რამის ცალმხრივად გაუქმება, პირველ რიგში, ევროკავშირთან უნდა გავაუქმოთ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის ფონზე, რუსეთთან ეს ინიციტივები ძალიან უცნაურად ჟღერს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს თუ უნდა საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია, ამას ყოველგავრი სავიზო რეჟიმის გარეშეც კარგად ახერხებს.
„იმიტომ, რომ ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი ძალიან დიდი ალბათობით ისედაც რუსეთის ხელშია. როდესაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებზაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი ისევ კრემლია, ანუ რუსული სახელმწიფო კომპანიები“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივ გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა განსაკუთრებულს არაფერს შეცვლის და ეს წინადადება მხოლოდ დასავლეთისკენ არის მიმართული. რუსეთის მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება და ამ თემის სრული იგნორირება მოხდება.
გარდა ამისა, არეშიძის თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად იმის გათვალისწინებითაც არ შეიცვლება, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე და ვიზის მიღებაზე არც აქამდე ექმნებოდათ პრობლემები. „მგონია, რომ ეს მიდგომა გათვლილია არა შიდა მოხმარებაზე ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე არამედ მხოლოდ დასავლეთისკენ არის მიმართული. საქართველოს ხელისუფლებას ექნება სათქმელი - თქვენ რომ გვაძლევდით რეკომენდაციას რუსეთთან დიალოგი დაგვეწყო და ურთიერთობები დაგველაგებინა, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით“, - აცხადებს არეშიძე.
ექსპერტმა ყურადღება პრეზიდენტის იმ ინიციატივებზეც გაამახვილა, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას ეხება. მისი თქმით, პროექტები დაკავშირებულია არჩევნებთან და არა სოციალური მდგომარეობის გამოსწორების რეალურ სურვილებთან. „გუშინდელ გამოსვლაში უფრო მეტი პოპულიზმი დავინახე, ვიდრე ზრუნვა. „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, თუმცა თუ ხელისუფლებას ხალხის ინტერესების დაცვა სურდა, შეეძლოთ ეს არჩევნების მოახლოებამდეც გაეკეთებინათ“, - აღნიშნავს არეშიძე.