28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს ცალმხრივად გააუქმებდა. როგორც ცნობილია, მეორე დღესვე საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმი რუსეთთან უკვე გაუქმებულია. პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარის ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება რუს ხალხს არაფერს ერჩის და ყოველთვის მზადაა, მასთან ურთიერთობა მოაგვაროს. პრეზიდენტისვე განცხადებით, სავიზო რეჟიმის არარსებობა ხელს შეუწყოს რუსული კაპიტალის შემოდინებას ქვეყანაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კაპიტალის შემოსვლაში თუკი საქართველოში ბიზნესის ყიდვა იგულისხმება, მაშინ რუსულ კაპიტალს ისედაც დაპყრობილი აქვს ქართული ბაზარი. უფრო მეტიც, საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი სწორედაც რომ იმ რუსული კომპანიების ხელშია, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების საკუთრებად მოიაზრებიან. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ „თელასი“, „თბილილის წყალი“ და ა.შ.
ექსპერტების შეფასებით, სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ ვერაფერ ხეირს საქართველოს ვერ მოუტანს, რადგანაც ეს ფაქტორი წამახალისებელი იქნება არა ინვესტორებისთვის, არამედ მხოლოდ ტურისტებისთვის. „ინვესტორი, რომელსაც ვიზის მღებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, ჯობია თავის ქვეყანაში დარჩეს,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა ამ საკითხის კომეტირებისას და მართლაც, თუკი ინვესტორს ასეთი ტიპის პრობლემა აქვს, მაშინ მისი ქვეყანაში შემოსვლა არავის სჭირდება.
სააკაშვილის ინიციატივის საპასუხოდ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა რუსული მხარე საქართველოს გარკვეულ პირობებს სთავაზობს და ამ შეთავაზებებზე ადეკვატურ რეაგირებასაც ელოდება.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დაინტერესებული ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობების განმტკიცებისა. მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.
მისივე განცხადებით, საქართველოში რუსების „გულითადად დაპატიჟების“ და მათთვის რაც შეიძლება „ხელსაყრელი რეჟიმის“ დაპირების მიუხედავად, სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ საქართველოში მის მიერვე შემოღებული კანონები მოქმედებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი საქართველოში ჩასვლისთანავე სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.
„ეს ეხება მათ, ვინც ბოლო წლებში სტუმრობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. სოჭში დამსვენებელი ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათით იმყოფებოდა რიწის ტბაზე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად“ დამნაშავედ ითვლება და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმის გადახდა ემუქრება. ჩვენმა ზოგიერთმა მოქალაქემ უკვე მიიღო ასეთი სასჯელი“,-ამბობს ლუკაშევიჩი. მისი თქმით, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ქართული მხარის ინიციატივით შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის გამო, რუსეთის შესაძლებლობები საკონსულო და სამართლებრივი კუთხით საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებით შეზღუდულია.
საქართველოში აბსოლუტურად წარმოუდგენლად მიაჩნიათ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია ასეთია - ქართული მხარე რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი იმ გამონაკლისთა შორისაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ფაქტიურად ერთსულოვანია.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით presage.tv ყოფილ დიპლომატს, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის პრეს-სკიპერს, მაია ფანჯიკიძეს ესაუბრება.
მაია ფანჯიკიძე: „თუკი სავიზო რეჟიმი ორმხრივად გაუქმდება, ეს ძალიან გაუადვილებს ჩვენს ხალხს გადაადგილებას და საერთოდ გაუადვილებს ცხოვრებას, რადგანაც ცნობილია, რომ ძალიან ბევრს ჰყავს ნათესავები რუსეთში. თუკი ამ ადამიანებს ერთმანეთთან სიარული და ურთიერთობა გაუადვილდებათ, ეს ნადმვილად არ იქნება ცუდი. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, რაც არის რუსეთის შემოთავაზება, მე ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად არის რუსეთის ორი საელჩო, ხოლო თუ აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა, გახდება სამი, ამ პირობებში რასაკვირველია, ეს სრულიად გამორიცხული რამ არის. რუსეთმა ჯერ უნდა აღიაროს საქართველო იმ ფარგლებში, რომლებშიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული და შემდეგ ილაპარაკოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებასაც ძალიან კარგად ესმის ეს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ უარი განაცხადეს ამ საკითხის განხილვაზე.
ქალბატონო მაია, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია მიუნხენის კონკფერენციაზე რუსული და ქართული დელეგაციების საიდუმლო შეხვედრის შესახებ. რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო დროს ასე ვთქვათ, „დამთბარ“ ურთიერთობებს რამენაირად ხომ არ უკავშირებთ სწორედ ამ შეხვედრას?
- ვერ გეტყვით. არ ვიცი მიუნხენის შეხვედრაზე რა თემები იყო განხილული, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ყოფილიყო ის საკითხი, რომელიც იქ განიხილეს.
თქვენს მიერ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა განცხადებები, რომ ეს შეხვედრა იყო დახურული და თქვენ მის შესახებ მხოლოდ რუსეთის მხრიდან შეგეძლოთ ინფორმაციის მიღება. იქნებ დააკონკრეტოთ, საიდან გახდა თქვენთვის ცნობილი ამ შეხვედრის შესახებ, ვინ იყვნენ ამ შეხვედრაზე ქართული მხრიდან და საერთოდ რა ინფორმაციას ფლობთ ამ შეხვედრის შესახებ?
- როდესაც მე ინფორმაცია გავახმოვანე ამ შეხვედრასთნ დაკავშირებით, ძალიან ზუსტად ვიცოდი, როდის და სად გაიმართა ეს შეხვედრა და ვინ მონაწილეობდა მასში. სხვათაშორის, ხელისუფლებამ პირველ ეტაპზე საერთოდ უარყო ამ შეხვედრის ფაქტი, ხოლო შემდეგ, ალბათ, იძულებული გახდა, რომ ეღიარებინა, რომ ეს შეხვედრა მართლაც გაიმართა. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარი გიორგი კანდელაკი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე, ასევე ექსპერტები გია ნოდია და მიხეილ თავხელიძე. სწორედ ამ უკანასკნელმა თქვა, რომ თუ მე ამ შეხვედრის შესახებ გავიგებდი, ეს შეიძლებოდა მხოლოდ რუსეთიდან ყოფილიყო. მინდა შევახსენო ყველას, რომ მე ცამეტი წელი ვმუშაობდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საელჩოში. აქედან სამი წელი ვიყავი ამ ქვეყანაში საქართველოს ელჩი და შესაბამისად, ძალიან კარგი კონტაქტები მაქვს დღემდე. რაც შეეხება რუსეთთან ჩემს უერთიერთობას, 20 წელია არ ვყოფილვარ რუსეთში.
როდესაც ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთში ვიზიტად მიდიან, საქართველოს ხელისუფლება მათ რუსეთის აგენტების იარლიყებს აკრავს. საინტერესოა რით განსხვავდება ასეთი შეხვედრები მიუნხენში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრისაგან, ანუ თუკი ოპოზიციის წარმომადგენელი შეხვდება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ის რუსეთის აგენტია, ხოლო თუკი ჩვენი ხელისუფლების მხარდამჭერი ექსპერტები გამართავენ ასეთ საიდუმლო შეხვედრებს, ისინი ვინ არიან?
- მე მაშინ ვთქვი და იგივეს გავიმეორებ, ეს ამბავი ატყდა მაშინ იმის გამო, რომ თედო ჯაფარიძე იყო ერთ - ერთი ძალიან პრესტიჟული ინიციატივის წევრი. როდესაც ინიციატივას ვამბობ, ვგულისხმობ იმ ფორუმს, რომელზედაც ხელი მოეწერა დოკუმენტს, სადაც ერვოპელ, ამერიკელ, კანადელ და სხვა ექსპერტებთან ერთად იყო ბატონი თედო, ერთადერთი ქართველი და იყო რამდენიმე რუსი. მას ეს ჩაუთვალეს რუსეთის აგენტობაში. სწორედ ამ კონკტექსტში ვახსენე მე მიუნხენის შეხვედრა. არ შეიძლება ერთის მხრივ შეთქმულებაში პარტნიორებად განიხილავდე კონკრეტულ პიროვნებებს და იმ პიროვნებებთან შენ თვითონ პარალელურად გქონდეს შეხვედრა და ეს არ ითვლებოდეს იგივედ. რასაკვირველია კატეგორიულად არ მიმაჩნია სწორად ის ბრალდება, რომ რახან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა რაიმე საერთაშორისო დოკუმენტს, რომელსაც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფიგურები, ეს იძლეოდეს იმ დაკსვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ადამიანი რუსეთის აგენტია.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსეთის მიმართ გარკვეულწილად დამთმობ პოზიციაზე გადასვლას ხომ არ უკავშირებთ მის ბარაკ ომაბასთან შეხვედრას, რადგანაც ყველას კარგად გვახსოვს, ობამამ როგორ ისაუბრა ხელისუფლების ოფიციალურ გადაცემაზე. ამის შემდეგ სააკაშვილი ხომ არ ეძებს დასაყრდენს რუსეთში, რაკი დასავლეთმა მას მიანიშნა ხელისუფლების გადაცემის შესახებ?
- არ ვიცი რამდენად იყო ასეთი კონკრეტიკა ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს, ანუ, რამდენად შეიძლებოდა იქ ყოფილიყო კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს განაპირობა საერთაშორისო მოწოდებამ, რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციას ვერ შევცვლით. ძალიან ბევრი პარტნიორი გვეუბნება, რომ ვერ მოვაგვარებთ ჩვენს პრობლემებს, თუ არ დავარეგულირებთ ურთიერთობას რუსეთთან. ამიტომ შეიძლება ეს აქეთ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ.