6 ოქტომბერს CNN-ის საერთაშორისო კორესპონდენტმა მოსკოვში მეთიუ ჩანსმა ინტერვიუ ჩაწერა მოსკოვის ყოფილ მერთან იური ლუჟკოვთან. საუბარში, რომელიც გულახდილი და ინფორმაციული გამოვიდა, ლუჟკოვმა განაცხადა – „ჩვენ ვკარგავთ დემოკრატიას საკუთარ ქვეყანაში“ და უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ ქვეყნის დატოვებას გეგმავს
რუსეთის პრეზიდენტმა უცერემონიოდ გაგათავისუფლად თანამდებობიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ მოგხსნეს?
- თქვენს კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს. მალე 2011 წელი დადგება, ახლოვდება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლებას სურს, რომ მოსკოვმა მხარი იმ კანდიდატს დაუჭიროს, რომელიც მას აწყობს. მათ მოსკოვის მერის თანამდებობაზე საკუთარი წრის ადამიანი სჭირდებათ. ლუჟკოვი ჩვეულებრივი მერი არ იყო. ის გახლდათ თვითკმარი და დამოუკიდებელი. მათ კი ისეთი ადამიანი სჭირდებათ, რომელიც კრემლის ბრძანებებს შეასრულებს. აი რატომ დასრულდა ჩემი, როგორც მერის კარიერა.
რა შეიცვალა, რამ უბიძგა მას იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თქვენ ის მერი აღარ ხართ, რომლის ნდობაც შეიძლება და მათთვის საფრთხედ იქეცით?
- ეს კითხვა უფრო პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს უნდა დაუსვათ. საქმე ის არის, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტად გახდომის იმედი, რეალურად მხოლოდ ორ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს – ვლადიმერ პუტინს და დიმიტრი მედვედევს. მედვედევი ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ თუკი ოდესმე მასსა და პუტინს შორის კონკურენცია გაჩნდებოდა, მოსკოვის მერი და მოსკოველები მას დაუჭერდნენ მხარს და არა პუტინს. აი, რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, მიზეზიც მოიძებნა, მაგრამ ეს არ იყო რეალური მიზეზი.
ნუთუ ნამდვილი მიზეზი ის არ იყო, რომ თქვენ საჯაროდ აკრიტიკებდით პრეზიდენტ მედვედევს და დაარღვიეთ რუსული პოლიტიკის დაუწერელი ოქროს კანონი?
- ჯერ ერთი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მოსკოვის მერი ყოველთვის დამოუკიდებელი ფიგურა იყო, იმის მიუხედავად თუ ვინ იყო პრეზიდენტი. მოსკოვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი პოზიცია ეკავა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეს დამოუკიდებლობა არ მოსწონდა. მოსკოვი ერთადერთი მსხვილი ქალაქი, ერთადერთი რუსული რეგიონი გახლდათ, რომელიც თავს დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას აძლევდა. ხელისუფლებას კი გულზე არ ეხატება არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ისინიც, ვინც საკუთარი აზრის გამოთქმას ბედავს და ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.
თქვენ მიგაჩნიათ, რომ მიზეზი ეს არის? ნუთუ ნამდვილი მიზეზი ის არ არის, რომ თქვენ ზღვარს გადააბიჯეთ?
- არა, ეს ასე არ არის. იმ საჯარო რისხვის მიზეზად, რომელიც მე თავს დამატყდა დასახელდა სტატია „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ რომელიც მე მომაწერეს და კიდევ ერთი სტატია „როსიისკაია გაზეტაში“, რომელიც ხიმკის ტყის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობას მიეძღვნა. პირველი სტატია მე არ დამიწერია, მაგრამ ავტორს ვეთანხმები. მასში ნათქვამია ხალხსა და ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს შორის უთანხმოების მოსპობის აუცილებლობაზე. რაც შეეხება სტატიას ხიმკის ტყეზე, მისი დაწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთხოვეს. მთხოვეს ჩამომეყალიბებინა საკუთარი მოსაზრება ხიმკის ტყეში მიმდინარე პროცესების ეკონომიკურ ასპექტზე და მეც გავაკეთე ანალიზი. სტატია „როსიისკაია გაზეტაში“ გამოაქვეყნეს, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ სტატიები არ გამხდარა ჩემი მოხსნის მიზეზი. ის უბრალოდ საბაბი იყო, რომელმაც მათ საშუალება მისცა წამოეწყოთ მოსკოვის მერის წინააღმდეგ ტალახის სროლის და ცილისწამების კამპანია.
იქნებ გვითხრათ, ვინ არის მათგან მთავარი? ვინ მართავს რუსეთს? ქვეყნის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, თუ სინამდვილეში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ვლადიმერ პუტინი იღებს?
- მიჭირს ამის ანალიზი და ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ბოლო დროს პუტინთან და მედვედევთან არც ისე ხშირი კონტაქტი მქონდა და არ ვიცი როგორია ახლა ჩვენი ორთავიანი არწივის სიმბიოზი. ჩემთვის არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას, თუ რომელი მათგანი იღებს გადაწყვეტილებებს და როგორია მათ შორის კოორდინაცია. მე სხვა რამ მაღელვებს, ის რაც რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანია – ჩვენ ვკარგავთ დემოკრატიას საკუთარ ქვეყნაში.
თქვენ იცით, რომ ისტორიული თვალსაზრისით უფროსი პარტნიორი პუტინია. პრეზიდენტობისას მას ჰქონდა საშუალება არ შეეწყვიტა საკუთარი უფლებამოსილება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მას მხარს დაუჭერდა, თუმცა მან მაინც არ დაარღვია კონსტიტუცია და მოიწონა მედვედევის, როგორც ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტის კანდიდატურა. ამ თვალსაზრისით ის უფროსი პარტნიორია, მაგრამ დრო გადის, სიტუაცია იცვლება, მედვედევი მოქმედებს. მიჭირს იმის შეფასება, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ფორმირება.
ზოგიერთი ანალიტიკოსი თქვენი მოხსნით ასკვნის, რომ მედვედევი პუტინის ჩრდილიდან გამოდის. მართალია თუ არა ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ფაქტობრივად გამოაცხადა საკუთარი პრიმატი ვლადიმერ პუტინზე, რომელიც თქვენთვის თანამდებობის შენარჩუნებას ცდილობდა?
- ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. საქმე ის არის, რომ ჩემი აზრით მედვედევი, შეპყრობილია იმ ადამიანის სინდრომით, რომელსაც არჩევნებში თავისთავად არ გაუმარჯვია, არამედ რუსმა ხალხმა ის პუტინის რეკომენდაციით აირჩია. მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს რთული მდგომარეობაა და პრეზიდენტს, რომელსაც სურს განაცხადოს, რომ ის ინდივიდია, ადამიანი რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების რეალიზაცია – ასეთი მდგომარეობა ყოველთვის აწუხებდა. აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს არასწორი ნაბიჯი, რომელიც საზოგადოებამ პრინციპში არ მოიწონა, მედვედევმა იმისთვის გადადგა, რომ საკუთარი თავისთვის ეთქვა – მე ხომ პრეზიდენტი ვარ, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. ის შეეცადა ეჩვენებინა მაგალითი, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს სინამდვილეში პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს.
მაგრამ თუკი თქვენ ჩემი აზრი გაინტერესებთ, გეტყვით რომ ხალხი პრეზიდენტის ძალაში მაშინ დარწმუნდება, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდება. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, ჩვენ მედვედევის მმართველობის დროს ქვეყანაში ვხედავთ მთელ რიგ უსიამოვნო მოვლენებს – კატასტროფებს, ტერაქტებს, მოსავლის არარსებობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ იძლევა პრეზიდენტის პოსტზე მისი მუშაობის ხელშესახებ შედეგებს, მიუხედავად იმისა რომ ხალხს ის ეუბნება – ნახეთ, მე ნამდვილი პრეზიდენტი.
იმედი ხომ არ გაგიცრუვდათ იმით, რომ ვლადიმერ პუტინი არ ჩაერია და თანამდებობა არ შეგინარჩუნათ? პუტინს დახმარებისთვის არ მიმართეთ?
- მე ამან გამაკვირვა და დღემდე არ ვიცი, როგორია პუტინის პოზიცია. პუტინის ზოგიერთი განცხადება იმას მოწმობს, რომ იგი პოზიტიურად აფასებს მოსკოვის მერის საქმიანობას. მისი თქმით, ლუჟკოვის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არაერთგვაროვანია. პირველი - არსებობს მისი მუშაობის (პოზიტიური) შედეგები და მეორეც, მან (ანუ ლუჟკოვმა) მედვედევთან საერთო ენა ვერ გამონახა. ეს ბოლო შეფასება კარგად ვერ გავიგე. მე ვმუშაობდი და ფაქტობრივად არანაირი, არც კარგი და არც ცუდი ურთიერთობა არ მქონდა არც პუტინთან და არც მედვედევთან.
თქვენ ცოტა უჩვეულოდ მოგხსნეს არა? ჯერ იყო კამპანია სახელმწიფო მედია-საშუალებებში, როდესაც თქვენს წინააღმდეგ ფაქტობრივად ძველი ბრალდებები გაისმა კორუფციაზე, არაკომპეტენტურობაზე და მერიის ადმინისტრაციულ შეცდომებზე. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას საზოგადოების თვალში თქვენი ამ ფორმით დისკრედიტაცია?
- პრეზიდენტმა მედვედევმა, როდესაც მას ჰკითხეს ნდობის დაკარგვის მიზეზებზე, საკუთარი ბრძანება დაიმოწმა და განაცხადა, რომ მიზეზები ცხადია. ეს პასუხი არ არის. გამოდის რომ პრეზიდენტ მედვედევს ნდობის დაკარგვის გამო მოსკოვის მერის მოხსნის არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, გარდა პოლიტიკურისა და საჭირო იყო როგორმე საზოგადოების დარწმუნება – საზოგადოებას კი მედვედევის გადაწყვეტილებაზე მკვეთრად ნეგატიური რეაქცია ჰქონდა, მოსკოვის და არამხოლოდ მოსკოვის თითქმის ყველა საზოგადოებრივი და პროფესიული კავშირი მედვედევს ოფიციალურად მიმართავდა მოსკოვის მერის დაცვის და მისი მისამართით განუკითხავი გადაწყვეტილებების არდაშვების მოთხოვნით.
ამ ყველაფერმა კრემლი აიძულა ეპოვა ნებისმიერი გამართლება, რომლითაც ახსნიდა იმას, თუ რატომ გახდა მოსკოვის მერი მოულოდნელად (თვრამეტწლიანი პოზიტიური საქმიანობის შემდეგ, ასევე მას შემდეგ, რაც თავად პრეზიდენტი აქებდა მერს ახალი წლის წინ თავის ცნობილ გამოსვლაში) მიუღებელი ფიგურა ხელისუფლებისთვის. გაიცა ინსტრუქციები, ეპოვათ ყველა ნაკლი, რაც კი მერს გააჩნდა. რადგან ასეთი ბრძანების შესრულება ძალიან რთული იყო, ამიტომ დახარჯეს უამრავი ფული და რესურსი, რათა მოსკოველებისთვის და რუსებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორი ცუდია მოსკოვის მერი და როგორ ცუდ მერად გადაიქცა ის ასე უცბად.
მე შემდეგი რამ შემიძლია გითხრათ: მე პრეზიდენტს წერილი მივწერე – არა საკუთარი თავის მხარდასაჭერად, არამედ იმ სიტყვებით, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას მძიმე დღეები უდგას და არა მხოლოდ მას, არამედ სხვა უმთავრეს დემოკრატიულ პრინციპებს და სახელმწიფო ტელეარხების მიერ გავრცელებული ბინძური ცილისწამება მოსკოველებს ვერაფერში დაარწმუნებს. საუბარია ცენზურაზე. მერის მხარდასაჭერი ერთადერთი გადაცემა მესამე არხზე უნდა გასულიყო, თუ სწორად მახსოვს 27 სექტემბერს, მაგრამ კრემლმა ის დაბლოკა, ხოლო მოგვიანებით პროდიუსერთა ჯგუფი რომელმაც გადაცემა მოამზადა, საერთოდ მოხსნეს ტელე-ეთერიდან. მას შემდეგ, რაც ტელევიზიაზე ცენზურა დამყარდა და ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტურ სურათს აღარ გადასცემს, მით უფრო – აღარ აშუქებს ზოგიერთი მოღვაწის საქმიანობას, გაზეთებმა, რომლებზეც ცენზურა არ ვრცელდებოდა, ძალიან ფრთხილად დაიწყეს მუშაობა. გაზეთი „მოსკოვსკი კომსომოლეცი“, რომელსაც იმ სტატიის შემდეგ კრემლი თავს დაესხა, დღეს თვითცენზურითაა დაკავებული, რადგან იმაზე ფიქრობს, თუ რა მოეწონება კრემლს მათ სტატიებში და რა – არა.
აი რა მაღელვებს მე ყველაზე მეტად. ჩვენთან ჯერ-ჯერობით ცენზურა არ მოქმედებს მხოლოდ ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. ტელევიზიებში ნამდვილი ცენზურაა. ბეჭდურ მედიაზე ოფიციალური ცენზურა ჯერ არ ვრცელდება, მაგრამ არსებობს თვითცენზურა. ინტერენეტი რა თქმა უნდა, თავისუფალ სივრცედ რჩება.
მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ მე საკუთარი ბედი არ მანაღვლებს. ელცინის ეპოქასთან შედარებითაც კი, ჩვენი ქვეყანა ძალიან შეიცვალა, თანაც ბევრი თვალსაზრისით.
საზოგადოება თქვენი მისამართით არსებულ ბევრ ბრალდებას იზიარებს. მაგალითად მას შემდეგ, რაც მერი გახდით, თქვენი მეუღლე უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქმოსანი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა.
- მითხარით, რა პრივილეგიები შეიძლება მისცეს მერმა საკუთარ მეუღლეს? დავუშვათ, რომ ქალაქი იძლევა საკომისიო დავალებებს. ჩვენ გვაქვს ბაზარი, მეორადი ბაზარი, სადაც შეიძლება მუშაობა მუნიციპალური ინვესტიციების გარეშე, ეს არანაირად არ უკავშირდება ქალაქის ფულს და მერს. მადლობა ღმერთს, საბაზრო ურთიერთობები მართლაც არსებობს და აი კიდევ რას გეტყვით: თქვენ იქნებ იცით, რა წილი აქვს ჩემი ცოლის კომპანიას ქალაქის ბიუჯეტში? არა, თქვენ ეს არ იცით. მე გეტყვით ციფრს და ალბათ გაგიკვირდებათ. ეს არის გიგანტური ფირმა, მაგრამ მოგებული ტენდერების ყველა საკომისიო დავალებიდან ის მხოლოდ 2%-ს იღებს.
ჩემი მეუღლე ქარხანაში მუშაობდა, ის ძალიან უბრალო ოჯახიდანაა, მაგრამ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს. უნივერსიტეტი ეკონომისტის დიპლომით დაამთავრა და ნულიდან დაიწყო. ის ნელ-ნელა ავითარებდა თავის ბიზნესს და ოც წელიწადზე მეტია ამ საქმითაა დაკავებული, თანაც დიდწილად მოსკოვის გარეთ. მისი საწარმოები მთელს ქვეყანაშია და უცხოეთშიც. სწორედ ამიტომ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ წესიერი ხალხი ვართ. ის თავის ბიზნესს წესიერად აკეთებდა, მე კი (თუკი რაიმე ცოდვა მაქვს) მივწერდი პრეზიდენტს ასეთ წერილს?
გაღელვებთ თუ არა ის, რომ თუკი თქვენ კრემლის გაღიზიანებას მომავალშიც განაგრძობთ, თქვენი და თქვენი მეუღლის მიმართ გამოძიება დაიწყება და კორუფციის ბრალდებით თქვენს წინააღმდეგ საქმეს აღძრავენ.
- არა. შეიძლება ეს შეუკვეთონ, როგორც შეუკვეთეს (რუსულ) მედიას, მაგრამ კანონის და ჭეშმარიტების თვალსაზრისით – მე საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
მოდით, თქვენს მომავალზე ვისაუბროთ. რის გაკეთებას გეგმავთ ცხოვრებაში? თქვენ უკვე მიიღეთ თანამდებობა მოსკოვის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და როგორც გავიგე, საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეთ. პოლიტიკაში დარჩენას აპირებთ?
- რა თქმა უნდა, პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მე დამნიშნეს მსხვილი ქალაქების მართვის ფაკულტეტის დეკანად და მადლიერი ვარ უნივერსიტეტის, პრეზიდენტის და მოსკოვის ყოფილი მერის იმისთვის, რომ მან ეს თანამდებობა მომცა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ. ახლა კონსულტაციებს ვმართავ. უამრავი ადამიანი მიკავშირდება, როგორც ბევრი სხვადასხვა მმართველი, ასევე მოქალაქე, რომლებსაც აღელვებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, ჩვენი პოლიტიკური სისტემა და თავისუფელბებისა და დემოკრატიის შეზღუდვა, ასევე ჩვენი მხრიდან სხვადასხვა პოლიტიკური სტრუქტურების შექმნის უნარი. ასე რომ კონსულტაციებს ვმართავთ.
რუსეთში დარჩენას აპირებთ? უამრავი ჭორი დადის… მაგალითად, ის რომ თქვენ შეიძლება დაიმალოთ ავსტრიაში, თქვენს ერთ-ერთ სახლში. ასეთი ხმებიც კი გავრცელდა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ თავის მთავრობაში მაღალი თანამდებობა შემოგთავაზათ. მართალია?
- მე ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ. თუკი საუბარი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებაზეა, მაშინ ეს საქმიანობა აქ უნდა წარიმართოს, ჩემს ქვეყანაში, სადაც დავიბადე და ვცხოვრობ. მე მოსკოველი ვარ და სხვაგან არსად არ ვაპირებ საცხოვრებლად გადასვლას, მიუხედავად იმისა რომ მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრება გამჭვირვალეა და ჩვენ გვაქვს სახლი ლონდონში, თუმცა ეს არანაირი სასახლე არ არის, როგორც ამას პრესაში წერენ, თუმცა ისიც ვიცი თუ ვის ეკუთვნის ის სინამდვილეში, ის რუსეთის მოქალაქეა და ყველაფერს მალავს.