ხათუნა ჩიგოგიძე, "ყველა სიახლე"
საქართველოში კილოგრამი პურის ფასმა ერთ ლარს მიაღწია. გაძვირება ფქვილსა და ხორბალსაც შეეხო. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს, რაც მყისიერად აისახება ქართულ ბაზარზე, სადაც ხორბლის 80 პროცენტი იმპორტირებულია. ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორ თამაზ კუნჭულიას:
- ბატონო თამაზ, რა იწვევს პურის გაძვირებას?
- საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი არის უკრაინა, ყაზახეთი და რუსეთი. მცირე რაოდენობით შემოდის ამერიკიდანაც. რა თქმა უნდა, როდესაც ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული, ის მთლიანად დამოკიდებული ხდება საერთაშორისო ფასებზე, მაგრამ პურპროდუქტებს არანაკლებ აძვირებს ბუნებრივი აირის, საწვავის, წყლის, ელექტროენერგიის გაძვირება - ეს ყველაფერი საბოლოოდ პროდუქტს "აწვება" და მისი ფასი მატულობს. თუ შევადარებთ 1990-იან წლებს, ჩვენს ქვეყანაში პურის ფასი ორჯერ და მეტად არის მომატებული, ამასთანავე, ყველა სახეობის პურის წონა შემცირებულია. გაძვირება კი დღემდე მიმდინარეობს: ტომარა ფქვილის ფასი 33-34 ლარი ღირს, რაც 3-4 ლარით მეტია ერთი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით.
- როგორ შეიძლება ეს პროცესი შეჩერდეს და დღეს პური კიდევ უფრო არ გაძვირდეს?
- ამბობენ, ფასი ბაზარმა უნდა დაარეგულიროსო, მაგრამ, ჩემი აზრით, პური სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტია და ქვეყანაში უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც მის ფასს დაარეგულირებს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ლიბერალური ეკონომიკაა, მაგრამ იქ ყველა სახის პროდუქტზე იმდენი რეგულაციაა დაწესებული, რომ ადამიანს თავგზა აებნევა. ეს ჩვენ გავიგეთ პრიმიტიულად ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას დღემდე ვინარჩუნებთ. რა თქმა უნდა, მთავრობამ მეწარმეს ხელი უნდა შეუწყოს, პური რომ არ გაძვირდეს.
- როგორ?
- ბევრი რამის გაკეთება შეიძლება: დავუშვათ, თუ მეწარმეს შემოაქვს ხორბალი, დღგ-ისაგან გაათავისუფლონ. იმპორტიორს ხომ უნდა უღირდეს ამ პროდუქციის შემოტანა, თვითონაც რომ იმუშაოს და ხალხიც დაასაქმოს? ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამათ არაფრის გაგონება არ სურთ. ვფიქრობ, პური და რამდენიმე ისეთი პროდუქტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაცული უნდა იყოს სერიოზული გაძვირებისაგან. ყველა ქვეყანაში არის ორგანო, რომელიც ზრუნავს, რომ ფასი არ გაიზარდოს. ეს შეიძლება ანტიმონოპოლიურმა სამსახურმაც გააკეთოს, რომელიც დღეს არ გვაქვს, გვქონდა, მაგრამ კახა ბენდუქიძემ ვერ მოისვენა, ვიდრე არ დაშალა.
ადგილობრივი წარმოება კი, ფაქტობრივად, განადგურებულია. საქართველო ხორბლით საკუთარი მოსახლეობის მხოლოდ ექვს პროცენტს უზრუნველყოფს, როცა 2001 წელს ეს მაჩვენებელი 32 პროცენტი იყო. იყიდება ყველაზე კარგი მიწები. დღეს მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს აქვს ინფორმაცია, თუ რა ფართობის მიწა გაყიდეს უცხოელებზე, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ახმაურებენ. უმეტეს შემთხვევაში უცხოელი საერთოდ არ ჩანს და ვითომ ქართველს აქვს ნაყიდი ეს მიწა. შეიძლება უცხოელს სულაც არ აინტერესებდეს ხორბლის წარმოების გაზრდა, ჩვენი ქვეყნისათვის კი ეს სასიცოცხლო საკითხია. ამას სჭირდება მთავრობის ხელშეწყობა. აუცილებელია სტიმულირების პროგრამა, გლეხმა ხორბალი რომ მოიყვანოს და არა საზამთრო ან ნესვი. მეწარმე თუ არ დავაინტერესეთ, ხელს საბოლოოდ ჩაიქნევს. ამის ბრალია, დიდი რაოდენობით მიწა დაუმუშავებელი რომ რჩება. გლეხი ადვილად ყიდის მიწას, ცდილობს, თავიდან მოიშოროს. 21-ე საუკუნის საქართველოში გლეხს ტიპური ნატურალური მეურნეობა აქვს: იწევს იმდენ მოსავალს, რაც მის ოჯახს ყოფნის და თუ რამ მორჩება, მხოლოდ იმას ყიდის. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება.
- მსოფლოში სურსათი უფრო და უფრო ძვირდება...
- მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი თუ სხვა ორგანიზაციები აფრთხილებენ ყველას, რომ მსოფლიოში დასრულდა იაფი სურსათის ხანა და საკვები პროდუქტი უფრო გაძვირდება. გაეროს მონაცემებით, 40-50 წელიწადში მსოფლიოში მოსალოდნელია სასურსათო პროდუქტების საშინელი დეფიციტი იმის გამო, რომ მოსახლეობა იზრდება, სავარგულები კი მცირდება. გარდა ამისა, წყლის რესურსების შემცირებაც მოსალოდნელია. ამის გათვალისწინებით ყველა ქვეყანა უნდა ეცადოს, რომ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნები თვითონვე დააკმაყოფილოს. ასეთი კურსი აქვს აღებული მაგალითად, იაპონიას. არ იფიქროთ, რომ იაპონელებს დიდი მეურნეობები აქვთ - ხშირად მათი ნაკვეთები მხოლოდ 1-1,5 ჰექტარია, მაგრამ სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ფერმერებს როგორც მექანიზაციით, ასევე სუბსიდიებით. სახელმწიფომ როგორმე უნდა შეძლოს ხორბლის წარმოების სუბსიდირება პირდაპირი ან ირიბი გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება: ვიქცეთ გენმოდიფიცირებული პროდუქციის მომხმარებელ ქვეყნად.
901
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85