იანვარში 5-მა ბანკმა 46,9 მილიონი ლარის ზარალი ნახა, აქედან 97% „ქართუ ბანკზე“ მოდის

იანვარში 5-მა ბანკმა 46,9 მილიონი ლარის ზარალი ნახა, აქედან 97% „ქართუ ბანკზე“ მოდის

[გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მასალები]

საბანკო სექტორისთვის 2012 წლის იანვარი წმინდა ზარალით დასრულდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, იანვრის ზარალმა 7,625 მლნ ლარი შეადგინა. 

გასული წლის საანგარიშო თვეში მოგება 12,3 მლნ ლარს შეადგენდა, 2011 წლის ბოლოს კი საბანკო სექტორის მოგებამ 323,037 მლნ ლარი შეადგინა. 2012 წლის პირველი თებერვლისთვის მოგებაზე 14 ბანკი გავიდა, ხოლო წაგება 5 მათგანმა ნახა.

პირველი თებერვლისთვის, ბანკი „ქართუს", „HSBC ბანკი - საქართველოს", „ბითიეი ბანკი-საქართველოს", „პროგრესბანკის" და „ხალიკ ბანკი საქართველოს" ჯამური ზარალი 46,9 მლნ ლარით განისაზღვრა.2011 წლის ბოლოს კი 4 ბანკის („რესპუბლიკა", „HSBC ბანკი - საქართველო", „ინვესტბანკი", „ხალიკ ბანკი საქართველო") ჯამური ზარალი 20,563 მლნ ლარი იყო. 

საბანკო სექტორის წაგებაზე გასვლაში ლომის წილი „ქართუ ბანკს“ მიუძღვის. გასული წლის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანი ბანკი, რომელმაც 2011 წელი 15 510 მილიონიანი მოგებით დაასრულა, ერთ თვეში რეკორდულ წაგებაზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ 2008–2010 წლებში საბანკო სექტორის კრიზისის დროს ბანკი ქართულ ერთ–ერთი იყო იმ რამდენიმე ბანკს შორის, რომლებმაც ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისი წარმატებით გადალახა და არცერთი წელი წაგებით არ დაუსრულებია.

„ქართუ ბანკი“ რომ არა, იანვარი საბანკო სექტორისთვის წარმატებულ თვედ უნდა შეფასდეს. 2012 წლის პირველ თვეში „საქართველოს ბანკმა" 16,271 მლნ, „თიბისი ბანკმა" 12,6 მლნ, „ბანკმა კონსტანტამ" 917 090 ათასი, „ქეი-ეს-ბიმ" 367 369 ათასი ლარის მოგება ნახეს.„ქართუ ბანკის“ მაღალი ზარალი, რომელმაც საბანკო სექტორის მთლიან მაჩვენებელზეც ზეგავლენა მოახდინა, არა მხოლოდ ამ კონკრეტული ბანკის, არამედ მთელი სისტემისთვის არასახარბიელო ფაქტია. 
commersant.ge