რუსიკო მაჩაიძე,"რეზონანსი"
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება, სავარაუდოდ, შეიცვლება. თუმცა, რა ფორმით ჩამოყალიბდება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის თქმით კი, საბოლოო ფორმულირებების ჩამოყალიბება იმ კვირაში მოხდება.
კანონის შეცვლის აუცილებლობაზე არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები მას შემდეგ საუბრობენ, რაც ხელისუფლებამ კანონში ის ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს მთელ რიგ შეზღუდვებსა და აკრძალვებს უწესებს.
რაც მთავარია, ამ კანონის თანახმად, ეს შეზღუდვები და აკრძალვები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან. ამასთან, ექსპერტები იმ პრობლემაზეც საუბრობენ, რომ არ არის განსაზღვრული, როგორ და რის საფუძველზე ხდება პარტიასთან დაკავშირებული პირის სტატუსის მინიჭება და შიშობენ, რომ კანონის ეს ნორმები ისეთი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, რამაც, შესაძლოა საზოგადოებას პრობლემები შეუქმნას.
ამიტომაც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ამ კანონის შეცვლას ითხოვენ და პარლამენტში სათანადო კანონპროექტიც აქვთ შეტანილი.
საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად, პარლამენტში შევიდა მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციების პეტიცია, რომელზეც 200-ზე მეტი ხელმოწერაა დაფიქსირებული.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი ამბობს, არასამთავრობოების პროექტში შედის როგორც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, ასევე სს კოდექსი, სადაც არის სანქციები გათვალისწინებული, რადგან მიაჩნიათ, რომ ცვლილებების განხორციელება ამ ორივე კანონში აუცილებელია.
"რამდენიმე მთავარი პრინციპი იყო, რომელიც ირღვეოდა. ერთი არის გამოხატვის და საკუთრების უფლების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები," - ამბობს ხატისკაცი.
მისი თქმით, პირველ რიგში ეს ეხება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის 26-ე პრიმა მუხლს, რომელშიც მესამე პირებზეა ლაპარაკი და ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. მიაჩნიათ, რომ პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებზე უნდა დაწესდეს შეზღუდვები, ზოგადად სწორია. მაგრამ ეს შეზღუდვები არც ფიზიკურ და არც იურიდიულ პირს არ უნდა დაუწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის გამოხატავს მხოლოდ თავის პოზიციას და რომელიმე ძალას უჭერს მხარს.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მუხლის ფორმულირება დავწერეთ იმგვარად, რომ თუ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულად ან ასოცირებულად გამოცხადდება ფიზიკური ან იურიდიული პირი, აუცილებლად უნდა ჰქონდეს განხორციელებული ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებული იქნება ხარჯებთან," - ამბობს ხატისკაცი.
მეორე პრობლემა არის ის, რომ საარჩევნოდ საჩუქრის მიმღები პირებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება.
"ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ის, რომ პასუხისმგებლობა ამომრჩეველს დაეკისროს და ვფიქრობთ, რომ ეს პასუხისმგებლობა უნდა იყოს პოლიტიკურ პარტიებზე. ანუ საჩუქრების გამცემზე და არა მიმღებზე," - ამბობს ნინა ხატისკაცი და დასძენს, რომ მათ მიერ შემუშავებულ პროექტში მითითებულია, რომ საჩუქრის თანხა ასი ლარის ოდენობის უნდა იყოს, ზეგავლენის მომხდენად რომ ჩაითვალოს.
ამ კანონის ამოქმედების დღიდან განსაკუთრებულ პრობლემას კონტროლის პალატისთვის მინიჭებული ფუნქციები ქმნის, რადგან კანონით მას შეუძლია, ეჭვის შემთხვევაშიც კი სასამართლოს გვერდის ავლით ყადაღა დაადოს კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც კონტროლის პალატამ არასამთავრობოების შემოწმება მოინდომა, ითქვა, რომ ეს ხდებოდა პარტიასთან ამ ორგანიზაციების კავშირის დასადგენად.
არასამთავრობო აცხადებენ, რომ კონტროლის პალატას კანონით ამის უფლება არა აქვს. თუმცა, მათი პროექტი ამ საკითხს არ ითვალისწინებს, რადგან, როგორც ნინა ხატისკაცი განმარტავს, "კონტროლის პალატა ყველა ორგანიზაციას კი არ უნდა ამოწმებდეს, არამედ პირიქით, კანონის არსი სწორედ იმაშია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება კონკრეტული ფაქტები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა შეეძლოს კონტროლის პალატას რეაგირება და არავითარ შემთხვევაში პროაქტიულად, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სურათს, რომ თეორიულად კონტროლის პალატას ექნება უფლებამოსილება, რომ ნებისმიერი პირის შემოსავლებში ჩაიხედოს, რაც თავისი არსით არასწორია."
"ეს არის კანონის მათი ინტერპრეტაცია, რომელიც ჩვენ არასწორად მიგვაჩნია. სწორედ ამიტომ გავაპროტესტეთ ეს მიმართვა, რომ იყო სრულიად უკანონო და არგუმენტი, რომელსაც ის ეფუძნებოდა, არ იყო კანონიდან გამომდინარე და ეს იყო კონტროლის პალატის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება," - ამბობს ნინა ხატისკაცი.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა დაადგინოს დაკავშირებული პირის სტატუსი, არასამთავრობო ორგანიზაციათა განმარტებით, ეს უნდა იყოს გაწერილი კანონქვემდებარე ნორმით.
გარდა ამისა, არასამთავრობოების პროექტი კიდევ რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს.
"არის რეგულირებები, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ლიმიტებს პოლიტიკური პარტიებისთვის შეწირულობებთან დაკავშირებით. ასე, მაგალითად, კანონში არის ჩანაწერი, რომ ერთი ორგანიზაციისგან თუ ყველა პარტიისადმი გაკეთებული შეწირულობა იქნება 5 ათას ლარზე მეტი, ამ შემთხვევაში ასეთი შემოწირულობა ითვლება უკანონოდ და პარტია ვალდებული იქნება, ეს შემოწირულობა უკან დააბრუნოს.
"ესეც გაუმართლებელი ჩანაწერია იმიტომ, რომ, შესაძლოა, ამის შესახებ პარტიამ მოგვიანებით გაიგოს, რომ მისი შემომწირველები ერთ კომპანიას ეკუთვნიან. თუმცა, კანონში ჩანაწერი ისეთია, რომ შემოწირულობის მიღებიდან სამ დღეში უკან უნდა დაებრუნებინათ."
გუშინ კი პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან არასამთავრობოთა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელიც დახურულ კარს მიღმა სამი საათი გაგრძელდა. შემდეგ კი მხოლოდ ის ითქვა, რომ "ხელისუფლება რაღაც საკითხებს თანხმდება".
ექსპერტ ირაკლი მელაშვილის თქმით, ცვლილებები იქნება 26-ე პრიმა მუხლში და დაკავშირებული პირის ცნება, სავარაუდოდ, შეიცვლება. მისივე ცნობით, სანქციები და შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ მათ, ვინც ფულს ხარჯავს და არა მათ, ვისაც ამა თუ იმ პარტიასთან გარკვეული სიმპათიები გააჩნია.
"26-ე პრიმა მუხლი შეიცვლება და ამის გარანტიას გაძლევთ. კერძოდ, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ფინანსური მონიტორინგის ქვეშ მოექცევა და გარკვეული სანქციები და შეზღუდევბი დაუწესდება იმ იურიდიულ პირებს, ვინც პოლიტიკურ პარტიებს და მათ საარჩევნო კამპანიებს დააფინანსებს."
მელაშვილის თქმით, არც ერთი ისეთი იურიდიული პირი, რომელსაც ღიად გამჟღავნებული სიმპათიები და ხედვები გააჩნია, კანონის რეგულაციის ქვეშ აღარ იქნება. მისივე თქმით, შეთანხმება ყადაღასთან დაკავშირებულ საკითხზეც შედგა და სავარაუდოდ, ყადაღის დადება სასამართლოს გარეშე არ მოხდება.
"პრობლემა არის და სირთულეს წარმოადგენს კანონის ის მუხლები, რომელიც საკუთრივ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ეხება. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი შეთავაზებების რაღაც ნაწილი მმართველი გუნდისთვის მისაღებია, რიგი საკითხები კვლავ მიუღებელი რჩება," - განუცხადა ჟურნალისტებს მელაშვილმა.
აღნიშნული მუხლის მოსალოდნელ შეცვლას ადასტურებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილიც. მართალია, გამორიცხავს ზოგადად დაკავშირებული პირის გაუქმებას, მაგრამ ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაზუსტებები შევა.
"ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დაზუსტდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხები. შევთანხმდით, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობაც არ ქმნის ამასთან დაკავშირებით პრობლემებს. უფრო მეტიც, არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ რედაქციაში ამაზე არაფერი არ იყო ნათქვამი. თუმცა, რადგან ასეთი წუხილები არსებობს, მზად ვართ, რომ ფორმულირებები აქაც დავაკონკრეტოთ ისე, რაც გამორიცხავს ფინანსების პოლიტიკაში კანონდარღვევით შესვლას."
კუბლაშვილი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ კანონში არც ერთი ისეთი ცვლილება არ შევა, რომელიც მის მთავარ მიზანს - პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობას - დაარღვევს.
"ძალიან ცუდია, თუ ამას ვინმე აღიქვავს დათმობა-არადათმობად. მარტივად შეგვიძლია ვთქვათ - კანონის მიზნები რჩება იგივე. ყველა პარტია ვალდებულია, თავისი ფინანსები გახადოს გამჭვირვალე, ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც არ არის პარტიის ფორმით ჩამოყალიბებული, ეკრძალება ამის გამკეთება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე ამ მიზნების ფარგლებში შეიძლება, დაიხვეწოს, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დავხვეწოთ," - ამბობს კუბლაშვილი.
სხვა საკითხების დაკონკრეტება კი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, არ სურს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ამაზე დაზუსტებული საუბარი უკვე მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი, რაც კონკრეტულ ფორმულირებებზე მოხდება შეთანხმება.
768
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85