"მადნეულის“ ბუნდოვანი მომავალი

"მადნეული" თამაშგარე მდგომარეობაში რჩება, ხოლო ფერადი ლითონების მოპოვებას "მაინინგ ინვესთმენთი" გააგრძელებს, რადგანაც 2014 წლიდან, მაშ შემდეგ, რაც კომპანია "მადნეულს" სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მოქმედების ვადა ამოეწურება, "მადნეულის" საქმიანობას ოფიციალურად "მაინინგ ინვესთმენთი" განახორციელებს, 

აუქციონზე, რომელიც 29 თებერვალს შედგა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ "ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონის წესით გაასხვისა.

ლიცენზიის საწყისი ღირებულება 110 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო "ბიჯი" - 500 ათას ლარს. აუქციონში უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანია "მაინინგ ინვესთმენთსი" მონაწილეობდა, რომელმაც აუქციონზე გამოტანილი 27-წლიანი ლიცენზია 110,5 მლნ ლარად შეიძინა. 

ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება. დღეისთვის აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია "მადნეული" ფლობს. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, ბოლნისში, მადნეულის საბადოზე არსებული მარაგები ლიცენზიის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში დაითვალოს, ხოლო საყდრისის საბადოზე - 48 თვის განმავლობაში.

თუ რატომ არ შეეცადა "მადნეული" ლიცენზიის ხელმეორედ მოპოვებას და როგორ აპირებს 2014 წლიდან საქმიანობის გაგრძელებას, კომპანიაში ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. კომპანიის გენერალური დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს.

უმთავრესი კითხვა არა მხოლოდ მადნეულის მიერ აუქციონზე უარის თქმის მიზეზებში მდგომარეობს, არამედ მის შედეგებშიც. კერძოდ, კომპანიას სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის წინაშე აღებული ვადებულებები გრძელვადიან პერიოდზე აქვს გაწერილი. შესაბამისად, თუ მადნეული" 2014 წლიდან სასარგებლლო წიაღისეულის მოპოვებას შეწყვეტს, საინტერესოა, რა შემოსავლებით აპირებს საკუთარი ვალდებულებების გასტუმრებასა და დაფარვას.

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აარიდა თავი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევაძემ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა კი თავისი უფროსის ფრაზა გაიმეორა - რომ ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს პარლამეტის წევრი კობა ნაყოფია, რომელიც პოლიტიკაში "მადნეულიდან" მოვიდა, აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ "არ სურს" ამ საკითხზე საუბარი.

ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ნაყოფიას, მიუხედავად პოლიტიკური სტატუსისა, არც არასოდეს მიუტოვებია მადნეულის საქმიანობაზე ზედამხედველობა.

ამავე დროს, გამოითქმის გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ "მადნეული" სამომავლოდ თავისი საქმიანობის და მასთან დაკავშირებული ვალდებულებების "ჩამოწერას" ცდილობს. ხოლო ლიცენზიის ახალი მფლობელი იგივე ჯგუფია, "სხვა სახელითა და გვარით". 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (http://transparency.ge) წერს, რომ შპს "მაინინგ ინვესთმენთს" ის ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 29 თებერვალს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში. აუქციონზე შიდა ქართლის რეგიონში ოქროს, სპილენძისა და სხვა ძვირფასი მინერალების შესწავლა-მოპოვებაზე 27-წლიანი ლიცენზია იყო გამოტანილი. აღნიშნულმა კომპანიამ ლიცენზია 110.5 მილიონ ლარად მოიპოვა.

მათი ინფორმაციით, შპს "მაინინგ ინვესთმენთსი" თბილისში 2012 წლის 13 თებერვალს, აუქციონის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე დარეგისტრირდა (აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება პირველად 2012 წლის 19 იანვარს გამოქვეყნდა). ლიტვის მოქალაქე ალვიდას ბრუსოკასი არის შპს "მაინინგ ინვესთმენთის" დირექტორი და ერთადერთი მფლობელი. კომპანიის იურიდიული მისამართია გუდიაშვილის მოედანი № 4, იურიდიული კომპანია BLC-ის შენობაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბევრი დრო არ ჰქონდა ამ პროცესის მონიტორინგისთვის: აუქციონი დასრულდა ერთ წუთში, მას შემდეგ, რაც სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ შპს "მაინინგ ინვესთმენთსმა" მოიპოვა ლიცენზია", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

მათი განმარტებით, ბოლნისში არსებული წიაღისეულის საბადო ძალიან ძვირფასი და მიმზიდველი რესურსია და ის ფაქტი, რომ აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესი არ იყო მიმართული შესაბამისი გამოცდილების ბევრი საერთაშორისო ინვესტორის მოსაზიდად.

"თავად ბრუსოკასი აღნიშნულ აუქციონს არ ესწრებოდა. დამსწრეთაგან ჩვენ ვიცანით ერთი პირი, რომელიც, გვჯერა, რომ ბრუსოკასის კომპანიას წარმოადგენდა. წინა აუქციონზე ეს პირი შპს "კავკასიის სამთო ჯგუფს" წარმოადგენდა, რომელმაც ოქროსა და სპილენძის მოპოვების მეორე დიდი ლიცენზია მიიღო 2011 წლის ოქტომბერში და რომლის მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციაც საკმაოდ ბუნდოვანია", - განმარტავენ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში".