კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენებასა და საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში, მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.
- ბატონო ლადო, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება-ანგარიში და დებატები აქტუალობას არ კარგავს. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის სოციალ-ეკონომიკური დაპირებები მომავალზე იყო ორიენტირებული, ლოგიკურია კითხვა - რამდენად რეალისტურია პრეზიდენტის პროგრამა? ბევრი მიიჩნევს, რომ დაპირებები ქვეყნის მაკროეკონმიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება...
- ეკონომიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას თვისობრივად ახალი არაფერი უთქვამს. როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის 5-პუნქტიან გეგმაზე დაიწყო საუბარი, იმწამსვე გაჩნდა კითხვაც და იმედიც - რა დაემართა 10-პუნქტიან გეგმას, რომელზეც რამდენიმე თვის წინ მთავრობა საუბრობდა. რა მოხდა ისეთი, რომ 10-პუნქტიანი გეგმა 5-პუნქტიანამდე დაპატარავდა. იმედი უკავშირდებოდა ეკონომიკურ განვითარებაზე პრეზიდენტის მიერ თვისობრივად რამე ახლის თქმას. სამწუხაროდ, როგორც გითხარით, ახალი ვერაფერი მოვისმინეთ. დარჩა კიდევ ერთი გაოცება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა თავის 5-პუნქტიანი გეგმიდან მხოლოდ 3 პუნქტზე ისაუბრა. ამ 3 პუნქტში გამოყო დასაქმება, სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა. რაც შეეხება დასაქმებას, აქცენტი აღებულია პროფესიული გადამზადების ცენტრებზე, რაც აბსოლუტურად სწორი იდეაა, მაგრამ ეს იდეაც ახალი არ არის, ვინაიდან საქართველოში მისი რეალიზაცია დაწყებულია.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ თუ ადრე გადამზადების ცენტრები მხოლოდ თბილისში იყო და უმუშევარი ხალხი ინგლისურსა და კომპიტერს სწავლობდა, ახლა ამგვარი ცენტრები საქართველოს 20 ქალაქში იქნება. ამ ტიპის ცენტრი თბილისში აბსოლუტურად წარუმატებელი პროექტი იყო. ახლა ასეთივე წარუმატებელი პროექტები 20 ქალაქში გვექნება.
შედეგი მინიმალური იქნება იმავე სტუდენტების დასაქმების პროექტშიც. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ხარჯიანი პროექტის შედეგი მინიმალური ექნება, ცხადია, რომ მისი რეალიზაცია არჩევნებს უკავშირდება. საინტერესო იყო პრეზიდენტის მიერ ირიგაციასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ პრობლემის მოგვარებას კომპლექსურობა აკლდა. პრაქტიკულად, საქმე გვაქვს სოფლის მეურნეობის დარგების ფრაგმენტულ პროექტებთან, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთო ხედვა კი, მთავრობას არ გააჩნია. რაც შეეხება სოციალურ სფეროს, აქ იყო საკმაოდ სერიოზული დაპირებები. მხედველობაში მაქვს საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქის დაზღვევა, პენსიონრებისთვის ჯანდაცვის ულიმიტო დაზღვევა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვეჭვობ, რომ ამის განხორციელების ფინანსური რესურსი ქვეყანას ჰქონდეს. თუ რამდენად რეალისტურია პრეზიდენტის სოციალური დაპირებები, ამის გაგებას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ, როცა მთავრობა პრეზიდენტის წინადადებების საფუძველზე 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს წარმოადგენს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ რაზეც პრეზიდენტმა პარლამენტში ისაუბრა, 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
საინტერესო წინადადებები იყო დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ მასაც აკლდა კომპლექსურობა. ჩემთვის გაუგებარი დარჩა, რა საჭირო იყო კათალიკოს-პატრიარქის ამ კონტექსტში მოხსენიება. ამ საქმეს პატრიარქი ისედაც აკეთებს. უხეშად რომ ვთქვათ, პატრიარქის ძალისხმევით დემოგრაფილი საკითხების გაუმჯობესების უკვე მიღწეულ წარმატებებში პრეზიდენტი პატრიარქს "წილში ჩაუჯდა", რაც, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელი იყო. გარდა ამისა, არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული კანონების ფონზე, პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიასა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც თავისთავად გახლავთ კურიოზული.
ნამდვილად პოზიტიურად შევაფასებდი გაკვრით ნათქვამს, რომ საქართველო წელიწად-წელიწანახევარში მიიღებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. შარშან პარლამენტში გამოსვლისას მან ამ თემაზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი რეჟიმი 2015 წელს ექნება. აშკარად პოზიტივია, მაგრამ არ ვიცი, წელიწადნახევარში გააკეთებს თუ არა ამას გილაურის მთავრობა. აქამდე, გილაურის მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რომ რაც შეიძლება დროში გაწელილიყო ევროკავშირთან თავისუფალი რეჟიმის მიღწევა. ისევ და ისევ გაიჟღერა კურიოზულმა ფრაზებმა სინგაპურთან დაკავშირებით. ახლა, კიდევ უფრო კურიოზული სიტყვათა წყობა გაჩნდა - ევროპული და დემოკრატიული სინგაპური. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და აბსოლუტურად ყველასთვის გაუგებარი დარჩა, რაზე საუბრობდა პრეზიდენტი. გაოცება გამოიწვია იმანაც, რომ თურმე საქართველოს რუსეთთან შედარებით ორჯერ მეტი ზრდის ტემპი უნდა ჰქონდეს. თუ ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედავთ, რუსეთთან შედარებით მეტი ზრდის ტემპი ახლაც გვაქვს. რუსეთში ეს მაჩვენებელი 4,3%-ია, ხოლო ჩვენთან იგივე მაჩვენებელი კი 6,8%-ია. ამ მაჩვენებელში რუსეთთან 50%-იანი უპირატესობა ისედაც გვაქვს, მაგრამ მერე რა?
- თითქმის 7%-იანი ეკონომიკურ ზრდის პირობებში არც დაპირებული 300 ტრაქტორის შეძენა, 25 ათას ჰექტარზე სარწყავი სისტემის წესრიგში მოყვანა, 600 სკოლის გარემონტება, 23 სკოლის აშენება, ყოველი მეორე მოქალაქის დაზღვევა, ყოველ მესამე ბავშვზე - 1000 ლარის, ხოლო ყოველ მეოთხე ბავშვზე 2000 ლარის გაცემა და არც პენსიების დაპირებული გაზრდა არ იქნება შესაძლებელი?
- ეს ყველაფერი რამდენად იქნება შესაძლებელი, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, როცა მთავრობა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტს მოამზადებს. იმ მასშტაბის ხარჯები, რაზეც პრეზიდენტმა პარლამენტში ისაუბრა, დღეისათვის არსებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
და კიდევ ერთი რამ. დემოგრაფებმა საკმაოდ საინტერესოდ შენიშნეს - როცა ფინანსური დახმარება მესამე ბავშვიდან იწყება, ამას დემოგრაფები "ბავშვთა დისკრინიმაციას" ეძახიან და ეს გაერო-ს შესაბამისი კონვენციით აკრძალულია. არ შეიძლება, ოჯახებისათვის დახმარება მესამე ბავშვიდან იწყებოდეს და პირველ და მეორე ბავშვზე დახმარება დაწესებული არ იყოს. ერთი რამეც გასათვალისწინებელია, ეთნიკურად ქართველ ოჯახებს უმთავრესეად ერთი ან ორი შვილი ჰყავთ. პრაქტიკულად, ეს ფინანსური რესურსი უმთავრესად ვერ იქნება გამოყენებული ამ ოჯახებში.
- თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესმა და რა პოლიტიკური გზავნილები მივიღეთ ქვეყნის პრეზიდენტისგან?
- ყველას აინტერესებდა, აპირებს თუ არა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობას. პირადად მე, ეს არასდროს არ მაინტერესებდა, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ამას აპირებდა. მან ყველაფერი გააკეთა, რომ პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. მე მაოცებს ის, როცა ჩვენი პოლიტიკოსები უსვამენ ამ თემაზე კითხვას. უცხოელები რომ ამ თემით ინტერესდებიან, არ მიკვირს, ვინაიდან უცხოელებმა ნაკლებად იციან, რა ხდება რეალურად ქვეყანაში. სააკაშვილმა ხომ თავისი მომავლის განსასაზღვრავად ყველაფერი გააკეთა, კონსტიტუციაც შეცვალა და პარლამენტიც ქუთაისში იმის გამო გადაიტანა, რომ თავი ააცილოს თბილისურ პროტესტებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა თქვა, რომ "ნაცმოძრაობის" შემცვლელი პოლიტიკური ძალა მხოლოდ მომავალი თაობააო. თაობათა ცვლა, საშუალოდ 20-25 წელია. მანამდე იგი "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ვადად 50-60 წელზე საუბრობდა. ახლა ცოტა შეამცირა და 20-25 წელზე საუბრობს. ის, რომ მის გეგმებში პრემიერ-მინისტრობაა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დამოკიდებულება ექნება სააკაშვილის გეგმებთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებას.
ამასთან ერთად, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოპონენტებთან საუბრისას მისი ერთადერთი იარაღი უზრდელობაა. ამაზრზენი იყო მისი რეაქცია გია ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლებზე. მაშინ, როცა სააკაშვილმა შევარდნაძეს მისი მინისტრების სახლების სურათები აუფრიალა, არ მახსოვს, რომ შევარდნაძეს მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ბრალდებები გამოეთქვა. სურათების გადაყრით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ დისკუსიაში მისი იარაღი მხოლოდ უზრდელობაა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბაღათურიასთან ურთიერთობისას. ამით მან შეურაცხყოფა არა ბაღათურიას, არამედ სრულიად საქართველოს მიაყენა. სააკაშვილმა ბაღათურიასთან დაკავშირებული ინციდენტით ყველას გვითხრა - ვინც ჩვენსავით არ ფიქრობთ, ტალახში ამოგსვრით და ტალახით დაგზილავთო.
- რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ნაბიჯად ფასდება. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ამ ინიციატივას და, თქვენი აზრით, რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს? და კიდევ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოში რუსული კაპიტალი დიდი რაოდენობით შემოვა?
- წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ნაბიჯს მივესალმები. ეს იმ შეცდომის გამოსწორებაა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ დაუშვა, როცა უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებისთვის დაუშვა. ამან საკმაოდ დიდი დისკომფორტი შეუქმნა საქართველოს საგარეო უწყებას. ამაზე საკმაოდ უარყოფითი რეაქცია, რუსეთის გარდა, ვაშინგტონსა და ბრიუსელსაც ჰქონდათ.
რაც შეეხება რუსული კაპიტალის შემოდინებას, ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთი არ მალავს თავის გეგმებს "ლიბერალური იმპერიის" შექმნასთან დაკავშირებით. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის, რომ აგრესორი რუსეთი საქართველოში აკონტროლებს მსხვილ სამრეწველო, ენერგეტიკულ ობიექტებს, საბანკო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. ახლა პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსულ კაპიტალს კიდევ უფრო ფართოდ გაუხსნა კარები. მოსკოვი არასდროს არ მალავდა, რომ ეკონომიკური საშუალებებით უნდა ლიბერალური იმპერიის შექმნა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მეზობელ სომხეთს აღარ აქვს საკუთარი ეკონომიკა. სომხეთის მთელ ეკონომიკას რუსეთი აკონტროლებს. რუსული და სომხური ეკონომიკების გაერთიანება იმის გამო ვერ ხერხდება, რომ მათ საერთო საზღვარი არა აქვთ. სააკაშვილის მთავრობა ყველანაირად უწყობს ხელს რუსული კაპიტალის შემოსვლას. სააკაშვილმა თავის გამოსვლაში რუსული კაპიტალის მოზიდვაზე კი ისაუბრა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებზე. ეს არის საკმაოდ ნიშანდობლივი და ის შეცდომაა, რომელსაც სათავე დაედო ვარდების რევოლუციის შემდეგ და რაც, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება.
- ბევრი მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით სააკაშვილმა ვაშინგტონს ზურგი აქცია და აშშ-სადმი მისი გზავნილი დაახლოებით ასეთია - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებისთვის ხელის შეუშლელობით თქვენი საქმე გავაკეთე, რუსეთთან სავიზო რეჟიმი მოვხსენი და ჩემს საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით ნუ ჩაერევით! რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ამგვარი თვალსაზრისი?
- ამას სააკაშვილი კარგა ხანია, აკეთებს. შემოდგომაზე, როცა საქართველოში არჩევნები იქნება, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკას საქართველოსთვის ისედაც არ ეცლება. ამერიკამ ელჩის შეცვლაც გადაწყვიტა. ეს სააკაშვილს თავისუფალი მოქმედებებისთვის კომფორტულ პირობებს უქმნის. ახლად დანიშნულ ელჩს სიტუაციაში სწრაფად გაერკვევა ნამდვილად გაუჭირდება. ვინ თქვა, რომ სააკაშვილი პროდასავლური პოლიტიკოსია? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი, სამწუხაროდ, დადებითი არ არის.
- პრეზიდენტის მიერ "ქრისტიან-დემოკრატების" მისამართით გამოთქმული კრიტიკა და იმის მტკიცება, რომ ქდმ-ს პოლიტიკური მომავალი არა აქვს, ბევრმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე რეალური კონკურენტების გამოჩენის შემდეგ "ნაცმოძრაობას" ქდმ ოპონენტად აღარ სჭირდება...
- ამას ასე ნამდვილად არ აღვიქვამ. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ადრეც ყოფილა. შარშანაც, როცა ბატონი თარგამაძე პარლამენტში პლაკატებით გამოვიდა, სააკაშვილისა და გოკა გაბაშვილის რეაქცია შეურაცხმყოფელი იყო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისა და "ქრისტიან-დემოკრატებს" შორის ურთიერთობაში ახალ პრობლემებს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ პარლამენტში ნაციონალურ-ქრისტიანული სპექტაკლი გრძელდება.
908
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85