ქართულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს საკითხებში ამერიკელი ექსპერტის, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის ლინკოლნ მიტჩელის ინტერვიუს, რომელიც მან ერთ-ერთ ქართულ ჟურნალს მისცა. მიტჩელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ქვეყანაში მოსალოდნელ პროცესებზე. იგი აცხადებს, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები პრესონალური არ არის და არც სააკაშვილია ამერიკისთვის საქართველოს ხელმძღვანელის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატურა. თუმცა მიტჩელი იმასაც ამბობს, ობამას სააკაშვილისთვის პირდაპირ რომ ეთქვა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა არ სურს, სააკაშვილი ასეთ თამამ განცხადებებს ვერ გააკეთებდა.
ლინკოლნ მიტჩელის განცადებების კომენტირება presage.tv-მ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს სთხოვა.
რამაზ საყვარელიძე: უნდა დავეთანხმო მიტჩელს ლოგიკაში, რომ სააკაშვილის განცხადებაში არის იმის პოტენცია, რომ დღევანდელი პრეზიდენტის კარიერამ შესაძლოა შემდეგ სხვა მიმართულება მიიღოს და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ იმიტომ, რომ სააკაშვილს რომ არ სურდეს პოლიტიკური კარიერის გაგრძელება, ეს იქნებოდა გასაკვირი. ამდენად, თვითონ მიტჩელის ეგ რეპლიკა, მას სურს თუ არ სურს საკითხის ასე დაყენება, ცოტა გულუბრყვილოდ მეჩვენება.
თქვენი აზრით, სააკაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უნდა იყოს „კოჭლი იხვი“, იძლევა თუ არა იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე ობამას მხრიდან სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით პირდაპირი საუბარი არ ყოფილა?
- ობამა პირდაპირ ვერ ეტყოდა ვერაფერს იმიტომ, რომ თუნდაც სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის სახით უნდოდეს ძალაუფლებაში დარჩენა, ამას კონსტიტუცია არ ეწინააღმდეგება. ამას ეწინააღმდეგება დემოკრატიული ტრადიციები. ამ ტრადიციების დარღვევა კი კანონის დარღვევა არ არის. ამდენად, პირდაპირი ზეწოლის განხორციელების უფლება არავის აქვს. რეკომენდაციის, ან მინიშნების დონეზე ასეთი რამის თქმა ყველას შეუძლია. ობამამ პრინციპში ისევე, როგორც მისი ადმინსიტრაციის სხვა წევრებმა რამდენიმეჯერ გააკეთა ასეთი მინიშნებები. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ ობამას ხელში უჭირავს სააკაშვილის სურვილები. შეიძლება ობამა ანიშნებდეს რამეს, მაგრამ სააკაშვილს სურდეს სხვა რამ.
ლინკოლნ მიტჩელმა ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივემზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება ქართულ მხარეს შრომის კოდექსის გადახედვისკენ უბიძგებდა, რადგანაც ობამას ადმინისტრაცია არასოდეს გააფორმებს ასეთ შეთანხმებას ქვეყანასთან, რომელიც დამსაქმებლებს საქართველოს მსგავსად ექცევა. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
- უდავოდ ვეთანხმები, ამერიკა ეცდება, ისევე როგორც ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს კანონმდებლობა ამ სფეროში მიიყვანოს იმ კონდიციამდე, რომელიც მის სტანდარტებს იზიარებს. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირის ძალისხმევა უშედეგოა. ობამასთან ვიზიტის შემდეგ ჯერ ცოტა დრო გავიდა და არ მოხდა დეტალიზაცია იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ხელშეკრულების ფარგლებში. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ასპექტი იქნება კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
მიტჩელმა ისიც თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ამერიკელ მომხმარებელს ვერ აიძულებ ქართული პროდუქციის შეძენას. ამიტომ საქართველოს ძალიან კონკურენტულ ბაზარზე მოუწევს გასვლა. ამ მხრივ რამდენად გააჩნია ჩვენს ქვეყანას პოტენციალი, რომ ამერიკის ბაზარზე შეიტანოს თავისი პროდუქცია?
- პრობლემა ზუსტად არის შენიშნული. საერთოდ მიტჩელი უდავოდ ბევრ კონკრეტულ პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას და ეგ პრობლემა მართლაც არსებობს. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობაში ხელსაყრელი პირობები ევროკავშირთან, მაგრამ ვერ ვიყენებთ, ვინაიდან ჩვენი პროდუქციის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. ამერიკის ბაზარზეც სტანდარტები ჩვენთან არსებულისგან განსხვავებულია. ამდენად, საეჭვოა, რომ ასეთმა ქვაყანამ შეძლოს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება.
რაც შეეხება კონკურენციას, ევროკავშირის ბაზარზეც დგას ეგ პრობლემა და ამერიკისაზეც, რომ ჩვენ ძლიერი კონკურენციის პირობებში მოგვიწევს შესვლა. არ არის გამორიცხული, ამერიკის ადვილი თანხმობა სავაჭრო ურთიერთობების რეჟიმის შემსუბუქებაზე, განპირობებულია სწორედ იმით, რომ მან იცის, ამით დიდი არაფერი შეიცვლება, იცის, რომ ეს პირობები, რომელიც წაყენებულია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს საქართველოს. ასე რომ, შესაძლოა რეალურად საქართველომ ამერიკის ბაზარზე ვერაფრის შეტანა ვერ შეძლოს. დიდი კონკურენციის პირობებში ვაჭრობას იმხელა სარეკლამო სამუშაოების ჩატარება უნდა, რომ მხოლოდ ეს მოითხოვს კოლოსალურ თანხებს. ასე რომ, ყველა ეს ჩამოთვლილი გარემოებები რეალობის იერს უკარგავენ ამ პროცესს, უფრო სათქმელ და სადეკლარაციო მომენტად ტოვებენ ამ სავაჭრო შეთახნმებას, ვიდრე რეალურ, საქმიან ფაქტად.
ლინკოლნ მიტჩელი ასევე ამბობს, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია უფრო უკეთესად გაეცნობა ქართული ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს და მათ მიმართ ნდომით აღიჭურვება საქართველოში არჩევნებამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია ასეთი მოლოდინი?
- მიტჩელი იმასაც ამატებს, რომ თუკი, ამერიკა საქართველოსთან მიმართებაში თავის თავზე უფრო მეტს აიღებს, ვიდრე დღეს, ეს აჯობებსო, ვინაიდან ისედაც, ამერიკას ბრალდება ყველა პოლიტიკური პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს. საერთოდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ველოდი მაგ ფორმულას, რომ თუკი რაღაც პროცესს (მათ შორის ვარდების რევოლუციას) ამერიკა მხარს უჭერს, მაშინ ეს ხელშეწყობა მარტო ფინანსურად კი არ უნდა გამოიხატოს, არამედ ინტელექტუალურადაც. ხელისუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ისეთი, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს განაწყობს უარყოფითად როგორც თვითონ ხელისუფლების მიმართ, ასევე იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც თუ შეიძლება ითქვას, ეხმარება ხელისუფლებას შეცდომების დაშვებაში და ანებივრებს ხელისუფლებას ამ შეცდომების დაშვების თვალსაზრისით. ასეთი გამნებივრებელი გამოდის ამერიკა და ამით საქართველოში ამერიკის რეიტინგი ეცემა.
და ბოლოს, ბატონო რამაზ ყველფერ ამის გათვალისწინებით, ასევე იმ განცხადებების გათვალისწინებით, რაც თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით სააკაშვილმა პარლამენტში გააკეთა, მინდა გკითხოთ, როგორ უყურებთ „სახალხო კრების“ მოწოდებას ბიძინა ივანიშვილისადმი, რომ ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით უნდა შეუტიოს სააკაშვილის ხელისუფლებას?
- ეგ მიმართულება ახალი არ არის და ამაზე ხშირად საუბრობენ. ქალბატონი ნონას და მთლიანად „სახალხო კრების“ ავტორიტეტი ასეთ მოწოდებას გარკვეულ წონას აძლევს, მაგრამ თავისთავად იდეა ძველია. ამ იდეას უნდა აყოლოდა საზოგადოების ის ნაწილი, ვისზეც მისი განხორციელებაა დამოკიდებული, მაგალითად ივანიშვილის მხარე, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ გაერთიანებას ივანიშვილი არ ჩქარობს და ამიტომ ანალოგიური მოწოდებების აზრს, სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ.