"ვერსიის" მასალების მიხედვით
"რაც მოხდა, ნამდვილად არ ყოფილა სასიამოვნო საცქერი - პასუხი იყო მხოლოდ შეურაცხოფა. ზოგადად, სხვადასხვა გამოსვლაზე სააკაშვილს სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა, ოღონდ ვერ გავიგე, რატომ ელოდა ყველა კითხვას და მით უმეტეს პასუხს სააკაშვილის სამომავლო გეგმების შესახებ. ჯერ ამაზე პასუხის დრო არ დამდგარა და მაშინ დადგება, როცა სიების დადგენის დაწყება ღიად გამოცხადდება", - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: "ჩვენ თვითონ ვართ ორმაგი სტანდარტის მატარებელი ხალხი და სააკაშვილი ჩვენი მსხვერპლია!"
"ბაღათურიას ბრალდება, ჩანს, მტკივნეული თემატიკაა - ვთქვათ, იმ პირობის დარღვევა, რასაც სააკაშვილი რევოლუციამდე დებდა. მით უმეტეს, როცა ასეთი დარღვევა მის ოჯახში იძებნება, მაგრამ გიული ალასანია რექტორი რომაა, ეგ ყველამ იცის. პასუხი - ტალახში იგორავეო, ძალიან არაადეკვატური იყო. მეეჭვება, სააკაშვილის ახლო ნათესავების რანგში გადიოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვანი - პრეზიდენტმა მათ ხსენებაზეც მისცა რეაქცია... ბრალდებებზე რეაქცია რომ უნდა გქონდეს, გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რა რეაქცია გექნება, მით უმეტეს, როცა შენი სახით სახელმწიფო ლაპარაკობს და ეს სახე არცთუ სიმპათიური იყო - ასეთი საქართველო წესით, არც იმ ელჩებს უნდა მოსწონებოდათ, რომლებიც სააკაშვილს აივნიდან უცქერდნენ", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
"ქუჩაში რომ ამ ენით ისუბრო, როცა პრეზიდენტი არ ხარ, სახლამდე ვერ მიაღწევ. ეტყობა, თავის დროზე სააკაშვილს ამ ტონით ქუჩაში არ ულაპარაკია და ახლა როცა თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს, ამის საშუალება მიეცა. მან თანაბრობის ინსტიტუტი არ იცის! როგორც კი უპირატესობას გრძნობს, მაშინ აძლევს თავს იმის უფლებას, რისი უფლებას, რისი მნიშვნელობაც რეალურად არ ესმის. აი, ეს ჩანს მის ქვეცნობიერ მოქმედებაში. ოღონდ "შეურაცხყოფის ენის" დამკვიდრება მარტო სააკაშვილის ბრალი არ არის. საქართველო რამდენიმე წლის ამ ენას ტაშს უკრავდა", - განმარტავს რესპონდენტი.
"მე ასე აღვიქვი: სააკაშვილმა წონასწორობა დაკარგა და გარეთ ხელში თავის ასაყვანად გავიდა. მაგრამ ამ რანგის პოლიტიკოსმა დაკარგოს წონასწორობა, თანაც ასეთ კონტექსტში, გულდასაწყვეტია. იგი ხომ ელოდა, რომ პასუხებს მიიღებდა ოპოზიციისგანაც? თუმცა ამ მდგომარეობაში აღმოჩენას სააკაშვილი არ ინანებს, რადგან ეს ფორმა - "მე შემიძლია თავს უფლება მივცე და გამოვიდა მდგომარეობიდან", ფაქტობრივვად, ნაციონალების სტილი გახდა. ფაქტია, პრეზიდენტი ამოხტა პიჯაკიდან, მაგრამ აქ ბევრი სხვა მომენტია, მის გამოსვლაში იყო ისეთი პოლიტიკური მესიჯები, რომელიც არ ვიცით, რეალურად, რითაა განპირობებული. ასეთი იყო რუსეთის თემა და მასზე ასე რამ იმოქმედა, 4 მარტის გავლენამ თუ კიდევ სხვა ფაქტორებმა, ძნელი სათქმელია. არ ვიცით, რა ხდება რეალურად სააკაშვილის გარშემო - მის ურთიერთობაში თავის რუს, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან. საყურადღებო იყო მისი განაცხადი არჩევნებსა და საკუთარი გუნდის ძალაზე - ამის ხარჯზე თითქმის არ უსაუბრია ახალ ძალაზე. რაც თქვა, ეგეც ივანიშვილის ბოსტანი იყო, მაგრამ უშუალოდ ივანიშვილზე არაფერი უთქვამს", - განაგრძობს რამაზ საყვარელიძე.
"მოდით, მისი პოლიტიკური და პიროვნული სუსტი წერტილები დავასახელოთ: პოლიტიკური სისუსტე იყო ის, რომ მან არ ახსენა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემა; არ გაიშალა თემა რა გვიშლის ხელს ნატო-ევროკავშირში შესვლაში. საერთაშორისო საზოგადოება მას ოფიციალურად საყვედურობს მედიის, ბიზნესის, სასამართლოს, ადამიანის უფლებების თემაზე და არც ის ითქვა, მათ მოგვარებას როგორ აპირებს. ახლა ადამიანური სისუსტეები: საერთოდ, დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ დიდ მინუსად ის მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი არ აკრიტიკებს ემოციურობას! - ხშირად ვამართლებთ ემოციებით ბევრ რამეს, მაგრამ სინამდვილეში ეს არა გამართლება. თუ ემოციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია, ე.ი პიროვნულად ძალიან სუსტი ადამიანი ხარ. სააკაშვილი, როგორც ყველა ქართველი, იყო ემოციური - უბრალოდ, ეს ასე თვალშისაცემი იყო იმიტომ, რომ იგი პრეზიდენტია. ემოციისგან თავის შეკავება ვისაც არ შეუძლია, სუსტია. ეს კი არ შეუძლია თითქმის მთელ საქართველოს" - აცხადებს ექსპერტი და შეკითხვას - "არც ესაა გამართლება, დავუშვათ, თითქმის ყველანი სუსტები ვართ, მაგრამ ყველანი პრეზიდენტები ხომ არ ვართ?" - პასუხობს:
"სწორედ ამას ვამბობ. როცა თავზე გვირგვინს იდგამ, მერე მას უნდა ემსახურო, როგორც გვირგვინი ითხოვს, პიროვნულად, სხვა მხრივ, მთელ რიგ ფრაგმენტებში ის გაცილებით პოზიტიური იყო, ვიდრე ოდესმე. აი იქ, სადაც ამოვარდა კონტექსტიდან, მე თუ მკითხავთ, ბოდიში ჰქონდა მოსახდელი. ასე მოქცევა გვახასიათებს ადამიანების უმრავლესობას, მით უმეტეს, ეს ქართულ კულტურაში დევს - ანუ თავშეუკავებლობა დღეს ამ ქვეყანაში ადამიანისთვის არის გამართლება. ამ კულტურული დამოკიდებულების მსხვერპლია სააკაშვილიც. რატომ არ გვინდა ჩვენს თავზე ავიღოთ არანაირი პასუხისმგებლობა? როცა სააკაშვილი შევარდნაძეს კორუმპირებულ ნაძირალას ეძახდა და აგინებდა, ხომ ძალიან მოგვწონდა? ასე რომ, ჩვენ თვითონ ვართ ორმაგი სტანდარტის მატარებელი ხალხი და სააკაშვილი ამ დამოკიდებულების, ანუ ჩვენი მსხვერპლია".
876
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85