"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"გარდაცვლილი სოლომონ (სოსო) ქიმერიძის ოჯახის წევრები და ახლობლები შს სამინისტროს დასკვნას არ ენდობიან, თუმცა პოლიციის თანამშრომლები ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. ქიმერიძეების ოჯახს მთელი დღის განმავლობაში პოლიცია მეთვალყურეობს, ეზოს ჭიშკართან კი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი და პოლიციის თანამშრომლის მამა დგას, რომელიც სამძიმარზე მისულ ხალხს მისი სურვილის მიხედვით უშვებს. გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ადგილობრივი ოპოზიცია და შს სამინისტრო გასხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ - "თავისუფალი დემოკრატების" წევრთა მტკიცებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში განაცხადეს, რომ დაკითხვაზე დაბარებული ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში კი, რომელიც ვებ-გვერდზე დაიდო წერია, რომ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის კიბის მოაჯირიდან გადავარდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გლოვა პოლიციის მეთვალყურეობით.
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 1965 წელს დაბადებული სოლომონ გივის ძე ქიმერიძე. დაკითხვის დროს, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები. პოლიციის თანამშომლებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ქიმერიძე დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. 28 თებერვალს მძიმე ტრავმების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულის სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება..." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. მერაბიშვილის უწყების დასკვნას გარდაცვლილი ოჯახის ახლობლები და მეზობლები არ ენდობიან. ოჯახის წევრებმა ჯერ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება ითხოვეს, მეორე დღეს კი ექსპერტიზაზეც და მედიასთან ურთიერთობაზეც უარი თქვეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"არადა, 28 თებერვალს ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია "მაესტროს" საშუალებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის სხეულზე მრავალი ტრავმა აღენიშნება, რაც, მათი აზრით, არ შეიძლება მხოლოდ კიბეებიდან გადმოვარდნის შედეგად მიეღო. სხეულზე მრავალი ტრავმა აქვს მირებული, ფეხები ამოკბეჩილივით აქვს, მუცელი გაჭრილი ჰქონდა, ღვიძლი ჩათქვეფილი, ტანზე ალაგ-ალაგ სილურჯეები ემჩნევა და თავი შეკერილი აქვს - როგორც გვითხრეს, თვითმხილველი არავის ყოფილა და არ იციან, სინამდვილეში რა მოხდა", - განაცხადა 28 თებერვალს სოსო ქიმერიძის მეუღლემ. 29 თებერვალს კი ადგილზე ჩასულ "რეზონანსის" კორესონდენტს განსხავავებული სურათი დახვდა - ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს აღარ აკეთებენ და ქიმერიძეების სახლის ეზოსაც 50-55 წლის ჭაღარა მამაკაცი დარაჯობს, რომელიც სამძიმარზე მისულ ხალხს ჭირისუფლებთან მისი სურვილით უშვებს. "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრს ელისო ჩაფიძეს ხელი ჰკრა და დაემუქრა, რომ თუ იქაურობას არ დატოვებდა, დარეკავდა და ძალით დაატოვებინებდა აღნიშნულ ადგილს. აღნიშნულ ინციდენტს თვალს ადევნებდნენ სამძიმარზე მყოფი ქიმერიძეების ოჯახის ახლობლები, რომლებიც ამ კაცს წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, მაგრამ მისგან მალულად დახმარებას და საქმის ობიექტურად გამოძიებას გვთხოვდნენ", - დასძენს გამოცემა.
"მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ კარში მდგომი ჭაღარა მამაკაცი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტივისტი და ერთ-ერთი პოლიციელის მამა გურამ სუთიაშვილი ყოფილა, რომელსაც გარდაცვლილთან არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონია. ოჯახის ახლობლები ჰყვებიან, რომ ჭირისუფლებთან პოლიცია მთელი დღის განმავლობაში იმყოფება და მათ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას არ აძლევენ. "ოჯახის წევრები რას აპირებენ, არ ვიცი. მთელი დღის განმავლობაში ტირიან. ახლა მოვედი და ვნახე, რომ გარდაცვლილს თვალები აქვს ძალიან გასიებული და თავი გატეხილი. თან, როგორც მითხრეს მთელი დღის განმავლობაში ვიღაცები მოდიან და მიდიან - რეალურად რა ხდება არ ვიცი, თუმცა რაღაც რომ ხდება - ფაქტია", - გვითხრა ქიმერიძეების ახლობელმა ქალბატონმა. ოჯახის დაშინებაზე საუბრობს ყოფილის სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც, რომელიც ადგილზე "რეზონანსთან" ერთად იმყოფებოდა", - წერს სტატიის ავტორი.
"დამიკავშირდა მისი შვილი და დახმარებას მთხოვდა. მითხრა, რომ მას მამა მოუკლეს. მეც დილით ჩამოვედი და ოჯახის წევრებს დაველაპარაკე. ადგილზე პოლიციელები და მათი მეზობელი გურამ სუთიაშვილი დამხვდნენ. მათი თანდასწრებით ოჯახის წევრები ხმას ვერ იღებდნენ, თუმცა, როგორც კი ცალკე დაველაპარაკე, დახმარება და შველა მთხოვეს. ამიტომ საღამოს ექსპერტთან ერთად ჩამოვედი, მაგრამ შიგნით აღარ მიშვებენ. ფაქტია, რომ მოხდა მკვლელობა. ამაზე გარდაცვლილის სხეულზე არსებული ტრავმები მეტყველებს. თუმცა ახლა უკვე ოჯახი დაშინებულია და ვერაფერს ამბობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.
"გვამის დათვალიერება და ნახვა ვერ მოახერხა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ, თუმცა "ფეისბუქის" საშუალებით გავრცელებული ფოტოს მიხედვით გარკვეული დასკვნები მაინც გააკეთა - "ფოტო ნაკლებად კონტრასტულია, მაგრამ მაინც შეიმჩნევა მარჯვენა თვალბუდის არეში ვრცელი სისხლჩაქცევა - ჰემატომა. განსაკუთრებით ზედა ქუთუთოზე, რის გამოც გამობერილია, წინაა წამოწეული არაორდინალურად. ამაზე დაყრდნობით ძნელია თქმა, საიდან განვითარდა ეს ჰემატომა. შესაძლებელია, ეს განვითარებულიყო ყურის მიდამოში ბლაგვი საგნის ძლიერი მოქმედების შედეგად, მაგრამ, ჩვეულებრივ, სხეულის დაცემის შედეგად ნაკლებ სავარაუდოა. უფრო სავარაუდოა. მკვრივი, ბლაგვი საგნის დარტყმის შედეგად მიღებული ტრავმა... ფაქტი ერთია, რომ მხოლოდ იმ ფოტოსურათით, რაც ინტერნეტშია და სადაც აღბეჭდილია სახის მარჯვენა წინა გვერდითი ზედაპირი მთლიანობაში, რამე კაგორიული დასკვნის გამოტანა ძნელია", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გეჯაძე.
"28 თებერვლის ღამეს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში იმყოფებოდნენ, რათა სამმართველოს შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეღოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქიმერიძე ბრალდებული იყო, თუმცა სახალხო დამცველმა გამოააშკარავა, რომ პოლიციის შენობაში მიყვანილ ქიმერიძეს ეს სტატუსი ოფიციალურად არ ჰქონია", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გიორგი ტუღუში: "ქიმერიძე არ გახლდათ ბრალდებული" / სახალხო დამცველი ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ ახალ დეტალებს ამხელს.
"სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სამსონიძესა და სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრნენ. სამსონიძის თქმით, ქიმერიძეზე არსებობდა ინფორმაცია, რომ მან ქვიშხეთში მცხოვრები თამაზ გამგონიძის კუთვნილი ნიკელის ჩაიდანი და ალუმინის ქვაბი მოიპარა. ვინაიდან მისთვის ბრალის წაყენება და მისი დაკავება ამ ეტაპზე არ განხორცილებულა, ის სამმართველოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნშიც არ გაუტარებიათ. სამსონიძის განმარტებით, ქიმერიძეს სამმართველოს მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახში გაესაუბრნენ, რისი დასრულების შემდგომ დაახლოებით 17:25 სთ-ზე მეორე სართულზე ჩაჰყავდათ, რადგანაც მესამეზე დაზარალაბულს უნდა გასაუბრებოდნენ. ჩამოსვლისას ქიმერიძე მესამე სართულის მოაჯირიდან გადავარდა. კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ სამმართველოს თანამშრომელი მალხაზ ციყელაშვილი მიუძღოდა. არც მას და არც სხვა თანამშრომლებს ქიმერიძის გადავარდნის ფაქტი უშუალოდ არ დაუნახავთ, თუმცა ვარრაუდობენ, რომ დიდი სიმაღლისა და წონის გამო, შესაძლოა ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა...", - აღნიშნავს გამოცემა.
"სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განმარტებით, "ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად დამკვიდრებული სტანდარტით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, აწარმოოს სრული, ყოველმხრივი, ობიექტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები". შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას... გიორგი ტუღუშის დასკვნით - "ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული, თუმცა, მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, მას ამავდროულად ფაქტობრივად შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება" - დასძენს გამოცემა.
1084
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85