[ლელა კობერიძე]
ნაადრევად მოსული სიცივისა და გახშირებული წვიმების გამო, გლეხები ისედაც შემცირებული მოსავლის აღებას ვერ ახერხებენ. ამ დროისთვის შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში სიმინდის მოსავლის აღება მიმდინარეობს. რაჭაში კი რთველი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო. საერთოდ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების განცხადებით, წელს საქართველოში ძალიან მცირე მოსავალი მოვიდა და ეს აგრალურ ბაზრებსაც ეტყობა.
სიმინდის მოსავლის აღებაში მოსახლეობას ამინდი ხელს ძალიან უშლის. თუ სიმინდის დაბინავება დროულად არ მოხდა, წვიმაში ფუჩეჩი თავზე ე.წ. ჟანგს იკეთებს და დალპობას იწყებს.
„ყანები სახლიდან რამდენიმე კილომეტრზეა დაშორებული. წვიმაშიც მოვჭრიდით, მაგრამ ტალახში მანქანების მისვლაც კი პრობლემაა ყანებადე. სიმინდის ძალიან მცირე მოსავალი მოვიდა, არადა იმერეთის ბევრ სოფელში პურზე მეტად მჭადი გამოიყენება“, -ამბობს წყალტუბოელი ლევან ურუშაძე.
ასევე კატასტროფულად მცირეა კარტოფილის მოსავალიც. დღეს უკვე ბაზარში 1 კილოგრამი კარტოფილის ღირებულება 1 ლარს აჭარბებს. ვაჭრები არ გამორიცხავენ, რომ გაზაფხულისთვის მისმა ღირებულებამ 2 ლარს მიაღწიოს.
„კარტოფილის მწარმოებელთა კავშირის“ ინფორმაციით, კარტოფილის მთელი მოსავალი წელს ქვეყნის მოხმარების მხოლოდ 40%-ს დააკმაყოფილებს. მათივე თქმით, ქვეყანაში მოსავლის 25 პროცენტი გაფუჭდა, დარჩენილი მოსავლის უმეტესობის ხარისხი კი დაეცა. ამ შემთხვევაშიც, სოფლის მეურნეობს მინისტრს კარტოფილის ცუდ მოსავალზე საუბარი უკვირს. მისი თქმით, წელს ბოლნისში კარტოფილის საუკეთესო მოსავალი მოვიდა, რამაც ახალციხისა და ახალქალაქის ცუდი მოსავალი დააბალანსა.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდში და 90-იან წლებში კარტოფილისა და სიმინდის მოსავალი მოთხოვნას სრულიად აკმაყოფილებდა. წლეულს სიმინდი მოთხოვნის 76%-ს აკმაყოფილებს, ხოლო კარტოფილი - 82%-ს.
მთავრობამ და ამინდმა ყველაზე ცუდ დღეში რაჭველები ჩააგდო. წელს მაღალ ფასს მომლოდინე რაჭველებს ყურძენი საერთოდ გაუფუჭდათ და ფაქტობრივად, მთელი წლის გარჯა წყალში გადაეყარათ. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დიდი ამბით განაცხადა, რომ რაჭაში დაბალი მოსავლის გამო ალექსადროულსა და მუჯურეთულზე დიდი მოთხოვნა იყო, შესაბამისად ყურძნის ფასიც არნახულად მაღალი იყო. მინისტრის სიტყვები, რომ უფრო სარწმუნო გამხდარიყო ჩვენი ტელევიზიებით რეპორტაჟებიც გავიდა, თუ როგორი ტაციაობა იქნებოდა რაჭულ ყურძენზე. მთავრობამ კი არ აცხელა, არც აცივა რაჭველებს 1კილოგრამ ყურძენზე 1 ლარიანი სუბსიდია მოუხსნა.
რაჭველები ქარხნის მეპატრონეებმა გააფრთხილეს, რომ ყურძენს 3 ლარზე მეტად ვერ ჩააბარებდნენ, უფრო მეტიც ამ ფასში გაყიდვაც კი სახვეწარი გაუხდებოდათ, ვინაიდან ქარხნებს წინა წლებში დაწურული ღვინის გატანასაც კი ვერ ახერხებდნენ ექსპორტზე. რაჭველებმა კი იფიქრეს მთავრობა როგორ მოგვატყუებდაო, მეღვინეების გაფრთხილება კი ერთგვარი ფანდი ეგონათ ფასის დასაწევად.
ამასობაში ამინდი აირია, მოკრეფილ ყურძენს წვენი გაუვიდა, შაქრიანობა დაეცა, ნესტის გამო ყურძნის ნაწილს ობი მოედო. შედეგად, რაჭველების დიდმა ნაწილმა ვერც ყურძენი ჩააბარა და ამ ლოდინში მათ სახლში დასაწური ყურძენიც კი თითქმის აღარ შემორჩათ.
სხვათა შორის, მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის გაცურებასთან დაკავშირებით 2008 წლის აგვისტო გამახსენდა, როდესაც ტელევიზიები გადმოცემდნენ, რომ ქართულმა ჯარმა ცხინვალის 70% უკვე დაიკავა და საბოლოო გამარჯვებას წინ აღარაფერი ედგა. ოსებით გარემოცულ სოფლებში ავნევსა და ნულში მოსახლეობა ფრონის პირას ილხენდა და გამარჯვებას აღნიშნავდა. სწორედ ამ დროს, რუსების ბომბდამშენებმა სოფლების დაბომბვა დაიწყეს, ხელისუფლებისგან დაიმედებულმა მოსახლეობამ კი სახლებში შესვლაც კი ვერ მოასწრო (უკანასკნელი დანაზოგის წამოსაღებად მაინც) ისე გაიქცა. მთელი მატერიალური ქონება, დაბინავებულ-დაუბინავებელ მოსავალთან ერთად, ოკუპანტებს დარჩათ...