,,სახალხო კრება“ ოპოზიციურ ძალებს ერთიანი ფრონტის შექმნის ინიციატივით მიმართა. ,,კრებაში“ მიაჩნიათ, რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას და მას გადარჩენა სჭირდება, ამიტომ მათი განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანება ,,ნაციონალური მოძრაობის „ დამარცხებისთვის საჭირო წინაპირობებს შექმნის და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის გარეშე რატომ არ აქვს ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი და რამდენად ელოდება ,,კრება“ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას presage.tv ,,სახალხო კრების“ თავმჯდომარეს, ნონა გაფრინდაშვილს ესაუბრა.
ნონა გაფრინდაშვილი: არსებულ რეალობაში, ხალხის გამარჯვების ერთადერთი გზა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნაა. გვსურს კოორდინაციები იმ ძალებთან, რომლებიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლებენ. ეს განცხადება არავის წინააღმდეგ არაა მიმართული უბრალოდ, ჩვენ ვითანამშრომლებთ და ხელს შევუწყობთ ნებისმიერ ძალას, რომელიც რეალურად შეებრძოლება რეჟიმს და ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დანერგვისთვის იბრძოლებს. სახალხო კრება აგრძელებს ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ბოლომდე იბრძოლებს ჩვენი სამშობლოს გადარჩენისათვის.
როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნის გარეშე არჩევნებში გამარჯვების შანსი რამდენად აქვს?
ივანიშვილს რომ არ ეხებოდეს საქმე ვიტყვი, რომ ოპოზიცისთვის ეს არჩევნები წაგებულია. ხელისუფლებამ ამ გარემოთი, პლუს ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით არჩევნების გაყალბებას მიგვაჩვია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით მათ ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავთ. ბიძინა ივანიშვილმა გააცოცხლა და გააძლიერა ის ძალები, რომელიც გვერდში დაიყენა.
ამ რეჟიმის შეცვლა აუცილებელია. მმართველ გუნდთან შებრძოლების რეალური რესურსი ივანიშვილს და მის გუნდს აქვთ, მაგრამ აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი იმ უაზრო კანონებისა და გარემოს წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება ქმნის. საჭიროა რაღაც გარკვეული მოქმედებები და კარგი იქნება, თუ ეს, ოპოზიციურ ძალებთან იქნება შეჯერებული.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ამა თუ იმ საკითხზე პროტესტის გამოხატვა ინტენსიურად უნდა ხდებოდეს ანუ, ივანიშვილის გუნდს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებთ?
ამ კანონების წინააღმდეგ პროტესტი ყოველდღიურად ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ფიქსირდებოდეს. ივანიშვილის გუნდს აქტიურობას კი არ ვუწუნებთ, ჩვენს შესაძლებლობებს ვთავაზობთ. ვამბობთ, რომ მსგავს მოქმედებებში კოორდინაცია უნდა იყოს. სახალხო კრება ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერი ფორმით შეჯერებული მოქმედებისთვის მზადაა, თუ ასეთი ფორმები გამოიძებნა.
ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრები პოლიტიკურად გამოუცდელები არიან, როგორ ფიქრობთ რამდენად შეძლებენ ისინი იმ პოლიტიკური ამოცანის შესრულებას რასაც ხელისუფლების შეცვლა ჰქვია?
არ მესმის რა შუაშია პოლიტიკოსობა და არა პოლიტიკოსობა. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ გიყვარს შენი ქვეყანა და რისთვის ხარ მზად. ასე რომ ჩემთვის ასეთი განცხადებების ფორმა დახურულია. საკმარისია ვინმე ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც სუფთა პიროვნებაა, რომელსაც რაღაც გაუკეთებია ქვეყნისთვის და მიზეზად მოაქვთ, რომ პოლიტიკოსი არ არისო. ეს არაა მთავარი. მთავარია ქვეყანა გიყვარდეს და ნაბიჯები ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგა.
,,სახალხო კრება“ ხელისუფლებასთან შეურიგებელ ძალად რჩება. სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რამდენად ელოდებით?
რა თქმა უნდა, გაყალბებულ არჩევნებს ველოდები. ეს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ფაქტიურად დაადასტურა. მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იმდენი ბოროტება აქვთ ჩადენილი თავისით ეს ხელისუფლება არაფერს არ დათმობს. პრეზიდენტის განცხადება, რომ წლების განმავლობაში ამ გუნდს ქვეყნის მართვის რესურსი აქვს, ცინიზმია. მათ ყველაფერი მოსპეს, მოკლეს რისი მოსპობაც შეიძლებოდა. ხელისუფლება ძალადობაზეა დამყარებული ამიტომ ისინი თავიანთ პოზიციებს ნებისმიერი გამოთქმით იცავენ, მაგრამ როდესაც ეს სიცრუეა ფაქტიურად, ადამიანში მხოლოდ ცინიზმს უნდა იწვევდეს. მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია, ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნები როგორ უნდა ჩაატაროს. მთავარი გადაწყვეტიულება ხალხმა უნდა მიიღოს, რომ ეს ხელისუფლება სამუდამოდ გაუშვან.
როგორ, მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება არჩევნების გზით უნდა მიიღოს?
ყოველ შემთხევაში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოვუწოდებთო. ასე, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ხალხის გადასაწყვეტია. ხალხი ის ძალაა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. სამწუხაროდ, ჩვენ სხვა ქვეყნებისგან მაგალითები ვერ ავიღეთ, ქვეყნებში ნებისმიერი კანონი, რომელიც მოსახლეობისთვის საწინააღმდეგოა აპროტესტებენ და შეცვლას ითხოვენ. ეს კულტურა არსებობს და ეს, მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი.