პარლამენტში ტურისტულ გეგმებს ეჭვის თვალით უყურებენ

პარლამენტში ტურისტულ გეგმებს ეჭვის თვალით უყურებენ

დეპუტატებს გრანდიოზულ ტურისტულ გეგმებში ეჭვი ეპარებათ. ქობულეთისა და მესტიის ირგვლივ იმდენი კითხვა დაგროვდა, რომ მთავრობა პასუხს ვერ აუდის.

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი თამაზ დიასამიძე ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ პროექტში კორუფციის საფრთხეს ხედავს. როგორც დიასამიძემ ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, მისთვის „გაუგებარია, რატომ იგეგმება ინვესტორისთვის მთელი 3,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემა?!“.

 

„ეს დაახლოებით 6 საფეხბურთო სტადიონის ტოლი ტერიტორიაა. ამასთან, პროექტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ინვესტორს ამ რაოდენობის მიწის გადაცემის შემდეგ გარკვეული ტერიტორიის გაყიდვა ეკრძალება“, - აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე.

 

დიასამიძე შესაძლო კორუფციის ხელშემწყობ პირობად ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის სხვადასხვა სახის ტერიტორიაზე არსებობას ასახელებს. მისი განმარტებით, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ჭაობიან ადგილზეა განთავსებული, ნაწილი - კარგზე და კარგი ადგილის აღების სურვილმა შესაძლოა, რამე ტიპის კორუფციულ გარიგებებს ჩაუყაროს საფუძველი.

 

უმრავლესობის წარმომადგენელს მხარი ოპოზიციამაც აუბა. ქობულუთური ზონით ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე დაინტერესდა, რომლის თქმითაც, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს ჰყავს სპეციალური ადმინისტრაცია და საინტერესოა, რა ვითარება იქნება ქობულეთის ტურისტულ ზონასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ჩახვაძეს დაინტერესდა, რამდენად არის გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ქობულეთში არსებობს სხვა სასტუმროები, მათ შორის,  საოჯახო სასტუმროები და შეღავათიანი ტერიტორიის გაჩენამ, შესაძლოა, ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას. 

 

„ქობულეთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას სპეციალური ადმინისტრაცია არ ეყოლება, - განაცხადა ოპოზციის დასაშოშმინებლად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა, - ამ იდეის განხილვისას ადგილობრივი რეალობა კარგად იყო შესწავლილი და შესაბამისი კვლევაც ჩატარდა. ხელისუფლების მიზანია, შექმნას იქ ბევრი სამუშაო ადგილი და საფუძველი ჩუაყაროს ზოგადად ტურიზმის განვითარებას“.

 

ქობულეთმა ესტაფეტა მესტიისგან მიიღო. გუშინ პარლამენტში მესტიის ევროპული მასშტაბის კურორტად გადაქცევაში შეეპარათ ეჭვი. ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ სვანეთში კონკურენტუნარიანი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პერსპექტივას ბლეფი უწოდა. თორთლაძეს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი „ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა“.

 

დეპუტატის განმარტებით, კონკურენტუნარიანი სამთო-სათხილამურო კურორტის მოსაწყობად უნდა იყოს 10-12-კილომეტრიანი ტრასები, რაც მესტიაში არ არის.  გარდა ამისა, მესტიაში სველი თოვლია, რაც ნამდვილად არ არის ასეთი კურორტისთვის სასურველი. თორთლაძე იმედოვნებს, რომ ამ ბლეფისთვის „ვიღაცას აუცილებლად მოხვდება“.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია კი მესტიის, როგორც ზამთრის კურორტის წარმატებაში დარწმუნებულია. როგორც ქობალიამ განაცხადა, მესტიის კურორტის განვითარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მოწვეული იყო კონსულტანტების ჯგუფი, რომლმაც შესაბამისი დასკვნა მოამზადა.

 

„როგორც ყველა სხვა ბიზნესი, საკურორტო ბიზნესიც პირველ 6 თვეში, შესაძლოა, შემოსვალიანი არ იყოს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ ტურიზმის სექტორი საქართველოში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. მომავალ წლებში მესტიის კურორტი მომგებიანი აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა ქობალიამ.