შაურმა ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებია!

შაურმა ჯანმრთელობისთვის საშიში საკვებია!

,,შაურმის ყველა აპარატი, ნელი მოქმედების ბომბია, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება''

 ბოლო პერიოდში შაურმით მასიურად მოწამვლის ფაქტები გახშირდა.რამდენიმე დღის წინ, ლესელიძის ქუჩაზე შეძენილი შურმით 11 ადამიანი მოიწამლა. მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით ისინი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობენ. ბოლო პერიოდში ასევე, გახშირდა რძის პროდუქტებით ინტოქსიკაციის შემთხვევებიც. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რა პირობებში უნდა მზადდებოდეს შაურმა, რატომ შეიძლება ის მომწამვლელი გახდეს და რატომ არ ეტყობა ვადაგასულ რძის პროდუქტს სიძველე, ამის გასარკვევად გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მარინა გიორგობიანს ესაუბრა: 

- შაურმა სხვადასხვა წარმოშობის ხორცისგან მზადდება და მალფუჭებადი პროდუქტია. მისი დაბინძურება ბაქტერიებითა თუ ვირუსული წარმოშობის ბაქტერიებით ადვილად შეიძლება მოხდეს, ამიტომაც შაურმა უკვე შეიცავს კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებისა და საკვებისმიერი მოწამვლის რისკს. მსგავსი დაავადებები რომ არ გავრცელდეს, სანიტარული ექიმების მოთხოვნები დაცული უნდა იყოს. კერძოდ, პირველ რიგში, ესაა პროდუქტის წარმოშობა, ტრანსპორტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი და რომელი ხორცით მზადდება შაურმა. აქ ჰიგიენისტებს ძალიან დიდი პრეტენზიები გვაქვს, ვინაიდან, შესაძლოა, ეს იყოს გაყინული და ხელმეორედ გამლღვალი ხორცი, ან ობიექტზე სამაცივრე დანადგარი საერთოდ არ იყოს. შესაძლოა, ხორცის ტანსპორტირებისას მოხდეს დაბინძურება და მასში ბაქტერიების გამრავლება. კუჭ-ნაწლავის დაავადებები, საკვებისმიერი მოწამვლა და ასევე, სალმონელოზი თავისუფლად შეიძლება ამანაც გამოიწვიოს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა პირობებში ინახება ხორცი დამზადებამდე, ანდა ვინ ამზადებს მას, ვინაიდან, შესაძლოა, მისი დამამზადებელი ავად იყოს ან ბაქტერიების მატარებელი იყოს. ამდენად, ჩვენი მკაცრი მოთხოვნა ისაა, რომ შაურმის დამამზადებელს ხელთათმანი ეკეთოს, რაც, სამწუხაროდ, არავის ხელზე არ მინახავს. შაურმის დამზადების ტექნოლოგია აბსოლუტურად უნდა იყოს დაცული, რადგან საკმაოდ პრეტენზიული პოდუქტია და მისი არასწორად დამზადებისა და შეწვის შემთხვევაში, მომწამვლელი ხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა დანარჩენი პირობა დაცულია. თუ შაურმის შეწვის ტექნოლოგია არ იცის მისმა დამამზადებელმა, შესაძლოა, მომხმარებელს ნახევრადუმი ხორცი მიართვას და ეს გახდეს კუჭ-ნაწლავთა სისტემის აშლილობის მიზეზი.  

- შაურმის აპარატზე ერთი და იგივე ხორცი ხშირად რამდენიმე დღეა მოთავსებული, არადა ხორცი მხოლოდ გარედან იწვება და გამოდის, მასში ბაქტერიები მრავლდება?  

- სწორედ მაგან შეიძლება კვებითი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. იქ სწორედ ის ტემპერატურაა, რომელიც ბაქტერიების და ცოცხალი არსებების გამრავლებისათვის საუკეთესო პირობას ქმნის.  

- შაურმის აპარატი ხშირად შუა ქუჩაში ან ღია ფანჯარასთან დგას, ეს რამდენად საშიშია? 

- ეს არის რეალიზაციის პირობების დარღვევა და ამ შემთხვევაში, მტვერთან ერთად, საშაურმე ხორცზე შეიძლება ბაქტერიები, ვირუსები და მიკროსკოპული სოკოები გამრავლდეს, რაც, შესაძლოა, მოწამვლის მიზეზი გახდეს. შაურმის ყველა აპარატი, ნელი მოქმედების ბომბია, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება.  

- ხორცი, რომელიც შაურმის აპარატზეა, რამდენ დღეში ერთხელ უნდა გამოიცვალოს?  

- ზამთარში ხორცი მაცივრის გარეშე, მაქსიმუმ, 2 საათი შეიძლება გვქონდეს, ზაფხულის თვეებში - უფრო ნაკლები. კატეგორიულად დაუშვებელია, ღამე ამ ხორცის აპარატზე დატოვება. 

- ბოლო პერიოდში რძის პროდუქტებით მოწამვლის შემთხვევებიც გახშირდა. ბრენდირებულ რძის პროდუქტებს ხშირად საკვებ დანამატებს, სტაბილიზატორებსა და სტიმულატორებს უმატებენ, დიდხანს რომ შეინახოს. ხშირად, ვადაგასულ პროდუქტს არც სუნი ეცვლება და არც გემო. რამდენად საშიშია ეს ჯანმრთელობისთვის? 

- ის დანამატები, რომელიც ბრენდირებულ რძის ბროდუქტს აქვს დამატებული, სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სხვა საქმეა, რა პირობებში ხდება მისი შენახვა. მეტიც, შესაძლოა, ვადაც არ ჰქონდეს გასული, მაგრამ რეალიზაციის, შენახვის პირობებისა და ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობის გამო, გაფუჭებული იყოს. მეტსაც გეტყვით, ბოტულინის ჩხირი საკვებს არც ფერს, არც გემოსა და არც სუნს არ უცვლის, მაგრამ მომწამვლელია. თუ დროზე არ იქნა დიაგნოზი დასმული, 93%-ს კლავს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, ამ ფაქტის გამო, რა ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება, ამის გასარკვევად სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშრდით. სამსახურის უფროსის, ვერიკო გულუას განმარტებით: ,,შაურმით მოწამვლის ფაქტზე, ინფორმაცია ჩვენ სამსახურში ჯანდაცვის ორგანოებიდან სატელეფონო შეტყობინებით შემოვიდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე განვახორციელებთ არაგეგმიურ ინსპექტირებას და გამოვლენილი დარღვევების მიხედვით შესაბამის ზომებს გავატარებთ. ობიექტის დაჯარიმება იმის მიხედვით მოხდება, რა დარღვევებიც აღმოჩნდება''. ,,ვერსიამ'' ლესელიძის #21-ში მდებარე საშაურმესაც მიაკითხა. მათ მეპატრონის ვინაობის გამხელა არ ისურვეს და მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შაურმას გაყინული ხორცისგან ამზადებენ, პროდუქტს კი იმ მაცივრიდან იღებენ, საიდანაც ყველა საშაურმე და კვების ობიექტი მარაგდება. ვრცელი კომენტარის გაკეთებას კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ აპირებენ. როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, აღნიშნული საშაურმე ლესელიძი ქუჩაზე 7 წელზე მეტია არსებობს და თურქებს ეკუთვნის, თუმცა ზოგი ამბობს, რომ რამდენიმე ქართველი მეპატრონეც ჰყავს. იგი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კლიენტი ბუზივით თავს ეხვევა. ისე, მართალი გითხრათ, კლიენტის სიმრავლის მიზეზი ცოტა გაურკვეველია, რადგან ობიექტის ფასადის მიღმა აშკარად ანტისანიტარიაა და მას კვების ობიქტის გარდა, ყველაფერი შეიძლება დავარქვათ.