"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ფსიქოლოგი, პროფესორი ზურაბ ბიგვავა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრია, თუმცა რამდენიმე წლის იგი მიხეილ სააკაშვილთანაც მუშაობდა სწორედ ფსიქოლოგიური მომზადების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ ფსიქოლოგი მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობს, "რეზონანსმა" მას პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფსიქოლოგიური შეფასება სთხოვა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პრეზიდენტი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყო" / პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ფსიქოლოგიური ანალიზი.
"ბუნებრივია, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში ძალიან საპასუხისმგებლოა. ამ პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, გრძნობს პრეზიდენტი. ამ პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზული პოლიტიკური გარემო ემატება, რაც პრეზიდენტისთვის დამატებით დაძაბულობას და სტრესოგენულ ფაქტორებს წარმოადგენს. ეს სტრესოგენული ფაქტორები, რა თქმა უნდა, ამ გამოსვლაში მასზე ზემოქმედებას ახდენდნენ და ეს ძალიან ნათლად გამოჩნდა მის სიტყვებსა და საქციელში - ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოსვლა, რომელიც მას ჰქონდა ხოლმე ბოლო წლებში. ეს გამოსვლა იყო განსაკუთრებულად დაძაბული, ამ გამოსვლის დროს პრეზიდენტი ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი იყო. ასევე ამ დაძაბულობამ მოახდინა მისი მხრიდან ბევრი წამოცდენის და შეცდომის დაშვება. გულუბრყვილობა იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ ის სპეციალურად არ მომზადებულა ამ გამოსვლისთვის, მაგრამ, ამ მომზადების მიუხედავად, კონკრეტულ მომენტებში მაინც ვერ გაუძლო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
"ამ მომზადების შესახებ თავად სამთავრობო მედია საუბრობდა მთელი ერთი კვირა. ამ მომზადებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ფსიქოლოგიური მომზადებაა. გარკვეული ტრენინგები მან ნამდვილად გაიარა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ტექსტი ჰქონდა დაწერილი, გარჩეული, ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხიც მომზადებული იყო. როგორც წესი, მან იცის ხოლმე რა მიმართულებით იქნება მის მიმართ კითხვები და ამისთვის ემზადება, მაგრამ ბაღათურიას გამოსვლისთვის ის მაინც არ აღმოჩნდა მზად და დაკარგა კონტროლი. დიდი ხანია არ მიმუშავია მასთან. თუმცა იყო რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც მქონდა მასთან კონტაქტი. ის, რომ მას აქვს გარკვეული უნარები, ამის არ აღნიშვნა არ იქნება სწორი. მას აქვს გარკვეული ორატორული ნიჭი, მობილიზაციის უნარი, მაგრამ იმპულსური რომაა, ესეც საყოველთაოდ ცნობილია, საკმაოდ უჭირს თავის შეკავება.", - განაგრძობს ფსიქოლოგი.
"თუმცა, ბოლო ხანებში კარგი გაკვეთილები ჩაუტარეს და ცდილობს ამ მეცადინეობის შედეგად, რომ გარკვეული რეკონსტრუქცია გაუკეთოს თავის აგრესიას. ეტყობა, რომ ბოლო დროს მასთან ბევრია ნამუშევარი, თუმცა, თავისი შინაგანი რაც აქვს, ეს ცალკე ეტყობა და ამას ასეთი დიდი მუშაობაც ვერ შველის. მისი გავარდნა დარბაზიდან იყო იმპულსური გაქცევა და იმ მომენტში ვერ გააკონტროლა თავი. თუმცა, უკან მობრუნდა და ეცადა, რომ მოეხდინა აგრესიის რეკონსტრუქცია და სიტუაცია გარკვეულწილად შემოებრუნებინა, რაც ამ მეცადინეობის დამსახურებაცაა. რა თქმა უნდა ოჯახის წევრების საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მისთვის: ამით ბაღათურია უშუალოდ მის პიროვნებას შეეხო - ეს ხომ ყველაზე ინტიმური და მოწყვლადია სააკაშვილისთვის - იმიტომ, რომ მისი ამბიციის მქონე ადამიანისთვის ძნელი მოსასმენია ამგვარი გამოსვლა. მაგრამ მოუწია ამის გადაყლაპვა. ერთი-ორი წლის წინ რომ ეთქვა ეს ბაღათურიას, ვნახავდით ჩვენ მის რეაქციას - ბაღათურიას ის უფრო დიდ შეურაცხყოფას მიაყენებდა", - განმარტავს პროფესორი
"რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან პრეზიდენტის გამოსვლის აღქმას, საზოგადოება სხვადასხვანაირია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი - სხვადასხვა კვლევების მიხედვით დაახლოებით 8% ისეთია, რომ პრეზიდენტმა სულ რომ არაადეკვატური საქციელი ჩაიდინოს, ისეთი, რომელზეც ფსიქიატრი პირდაპირ დიაგნოზს დაუსვამს, ასეთ ქმედებასაც დადებითად აღიქვამს - ეს არის ხალხი, რომელიც ბრმად მიჰყვება მას. 8% კი საკმაოდ ბევრია. ასევე არის დაახლოებით 20%. რომელიც ეცდება ასიმილაცია გაუკეთოს მის გამოსვლას და დადებიტი მომენტები დაინახოს ამ გამოსვლაში. დანარჩენი საზოგადოება, რომელსაც ოპოზიციური ხედვა აქვს, ან ნეიტრალურია ან ადეკვატურად აფასებს მის გამოსვლას, საერთოდ, ნეიტრალები ყველაზე ადეკვატურად აღიქვამენ ხოლმე ყველა მესიჯს. მისი გამოსვლა კი იყო მცდელობა, რომ ყველა იმ პრობლემის რეალიზაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მომავალში გადაეტანა", - ამბობს ზურაბ ბიგვავა.
"ეცადა კიდეც, რაღაც დაებრალებინა შორეული წარსულისთვის და შევარდნაძისთვის. ბევრჯერ გაუსვა ხაზი, რომ მაშინ იყო ყველაფერი ბნელი და ახლა არის ნათელი. მიშა იქნებოდა თუ არა, სინათლე მაინც იქნებოდა საქართველოში, მაგრამ ესეც მიიწერა - ეს ხდება შეგნებულად. საერთოდ, ნებისმიერი საარჩევნო ტექნოლოგია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთი - უნდა აჩვენო საზოგადოებას, რომ შენ ხარ ძლიერი, რადგან ამომრჩეველი ძლიერს უჭერს მხარს; მეორე - უნდა აჩვენო, რომ არსებობს მტერი. ვინ უნდა დასახოს მტრად? ზვიად გამსახურდიას რომ დაუწყოს ბრძოლა და ჩხუბი, უკუშედეგს მიირებს. ამიტომ შევარდნაძე კარგი ვარიანტია იმისთვის, რომ წარმოაჩინოს მონსტრად, აქციოს მტრის ხატად და ამას აკეთებს კიდეც", - დასძენს ფსიქოლოგი.
"მე არ ვიცი, ამ ბავშვმა რა ჩაიდინა და როგორ ჩაიდინა. ის ბავშვი დამნაშავეც რომ იყოს, პრეზიდენტის ეს გამოსვლა იყო სრულიად არაადეკვატური, ანტიკონსტიტუციური, მით უმეტეს მაშინ, როცა სასამართლო პროცესი ამ ბავშვთან დაკავშირებით არ დასრულებულა. მას ავიწყდება რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ის არ არის მოსამართლე და პროკურორი. როდესაც ვიღაცის მონაყოლიდან გამომდინარე პრეზიდენტი საკანონმდებლო ტრიბუნიდან ასეთ რამეს ამბობს, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური საქციელი. პრეზიდენტი ამ გამოსვლით ამ ბავშვ მძიმე სანქციას ადებს - ეს ბავშვი ვერ მოიცილებს ამ სანქციას. რა უფლება გაქვს, რა უფლებით აკეთებ ამას? ცივილიზებულ ქვეყა\ნაში მხოლოდ ამ გამოსვლის გამო დადგებოდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "საპარლამენტო უმრავლესობის წევრების რეაქციებსა და გამოსვლებს როგორ შეაფასებდით?" - პასუხობს:
"კარგია, რომ თქვენ კომუნისტების დროს არ მოესწარით. ფეზე ადგომები და ტაშები იქიდან მოდის. აშშ-შიც დგებიან პრეზიდენტის სწორ მიმართვებზე, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. მაგრავ ჩვენთან სულ სხვა სიტუაციაა - ეს სიცილი, ზურგით დადგომა, ტაში იმ დროს, როცა ოპოზიცია საუბრობს, ფაქტების გადაფარვის მცდელობა... ოპოზიციამ რა ტქვა გაუგებარი? უმრავლესობა ხედავდა, რომ ოპოზიცია სიმართლეს ამბობდა, მაგრამ მათ მეტი გამოსავალი არ აქვთ, ეს უნდა გააპროტესტონ და ასეთი არაადეკვატური ტაშით და სიცილით დაუმტკიცონ პრეზიდენტს, რომ მის გვერდით არიან. თქვენ ხომ იცით, მგლის ხროვა ერთმანეთს არ ეომება, რადგან ის ერთი გუნდია. მაგრამ როგორი გუნდია, რა მიზნები აქვთ და რის გამო აკეთებენ ამას, ეს მორალის საკითხია და ამათი პრობლემა... ამ გამოსვლით მთლიანობაში პრეზიდენტმა წააგო და პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ცვლილებები გარდაუვალი და აუცილებელია.
1058
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85