მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელი საქართველო ინტერესით ელოდა. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტი ბოლოჯერ გამოვიდა იმ პარლამენტში, რომელმაც ადგილი უნდა დაუთმოს ახალ პარლამენტს. მარტივად რომ ვთქვათ, მოლოდინი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ რაიმე უჩვეულოს იტყოდა და ბევრ საინტერეო ინიციატივას გაახმიანებდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მის მიერ გახმიანებული ყველა ახალი ინიციატივა, კარგად დავიწყებული ძველი იყო.
პრეზიდენტის გამოსვლაზე და მის ინიციატივებზე შეფასებები presage.tv-მ ეკონომიკის ექსპერტს, პროფესორ ლადო პაპავას სთხოვა.
ლადო პაპავა: „მთავარია,პრეზიდენტი ცდილობდა გაეთვალისწინებინა, რომ არის საარჩევნო წელიწადი და ამიტომ მისი გამოსვლაც პარლამენტში უნდა ყოფილიყო წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამ კუთხით შეიძლება იქნას შეფასებული და გაანალიზებული პრეზიდენტის გამოსვლა. მან პრაქტიკულად თავიდანვე თქვა, რომ ჩვენ კი ვართ ლიდერები სხვადასხვა რეიტიგნებში და სტატისტიკა აჩვენებს წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ იმავდროულად მთავარია, რომ ეს მოსალხეობამ თავისი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იგრძნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეიტიგნები არანაირი შედეგის მომტანი არ არის. აქ იბადება ასეთი კითხვა, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ასე შემოტრიალდა და მიხვდა, რომ მნიშვნელოვანია არა რეიტინგები, არამედ ის თუ რა მდგომარეობაშია ხალხი, მაგრამ გაუგებარია ამდენი ხნის განმავლობაში ვინ უშლიდა პრეზიდენტს, რომ ეფიქრა ხელხზე და არა რეიტინგებზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალშისაცემი.
არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის მიერ, რუსეთის თემაზე გაკეთებული განცხადებები მოულოდნელი იყო?
- თუ პრეზიდენტის გამოსვლას განვიხილავთ სიახლეების თვალსაზრისით, ყველაზე მთავარი სიახლე არის ის, რომ იგი აპირებს რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას. ვთვლი, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს იმ შეცდომის ფონზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაუშვა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის შემოიღო უვიზო რეჟიმი. ამ გარემოებამ შექმნა ძალიან უხერხული სიტუაცია საერთაშორისო დონეზე. ახლა კი თუ იქნება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ბუნებრივია ეს უკვე შეეხება არა მხოლოდ ჩრდილო კავკასიელებს, არამედ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს. თუმცა ამავდროულად პრეზიდენტმა გააგრძელა ძველი სიმღერაც რუსული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვასთან დაკავშირებით. თუ მიაქციეთ ყურადღება, მას არ უსაუბრია ამერიკულ ან ევროპულ ინვესტიციებზე. ინვესტიციებზე საუბრისას მან მხოლოდ თქვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ხელს შეუწყობს რუსული ინვესტიციების შემოსვლას. ეს ახალი არ არის, პრაქტიკულად მისი მთავრობა რუსული ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს მას შემდეგ, რაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც სამწუხაროდ, სულაც არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.
ბატონო ლადო, ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება?
- ეკონომიკური თვალსაზრისით მე ამას რაიმე დიდ პლიუსს არ მივანიჭებ. პრაქტიკულად რუსები ახლაც შეზღუდვის გარეშე შემოდიან. ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ პრეზიდენტი კვლავ გამოთქვამს მზაობას, რუსული კაპიტალის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ, მოსკოვის ინტერესებშია და არანაირად არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის ინტერესებში. ვთვლი, რომ ეს არის სერიოზული შეცდომა, რადგან „ლიბერალური იმპერიის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, რუსეთის გეგმა არის რეალიზაციის პროცესში და სააკაშვილი პრაქტიკულად ყველანაირად უწყობს ხელს იმას, რომ საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდეს ამ იმპერიის ფარგლებში.
რა იყო ახალი პრეზიდენტის გამოსვლაში?
– რაც შეეხება სიახლეებს, პრეზიდენტმა ისაუბრა ხუთპუნქტიანი გეგმის შესახებ. მინდა თქვენს მკითხველებს შევახსენო, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მთავრობას ჰქონდა ათპუნქტიანი გეგმა. საინტერესოა, როგორ გადაიქცა ეს ათპუნქტიანი გეგმა ხუთპუნქტიანად? ამასთანავე, მე ყურადღებით ვუსმენდი პრეზიდენტის გამოსვლას და ამ ხუთპუნქტიანი გეგმიდან მხოლოდ სამ პუნქტთან დაკავშირებით მოვისმინე განმარტებები. მეოთხე და მეხუთე პუნქტი პრაქტიკულად არ დაუფიქსირებია პრეზიდენტს, ანუ საუბრობდა ხუთპუნქტიან გეგმაზე, მაგრამ რეალურად განიხილა მხოლოდ სამი პუნქტი.
მოდით მივყვეთ ამ პუნქტებს. პირველი არის დასაქმება. დასაქმების კონტექსტში ითქვა საკმაოდ საინტერესო რამ – რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს ტურიზმი. პრეზიდენტმა მოიყვანა ერთი ასეთი კონკრეტული პარამეტრი – რომ ერთი მილიონი ტურისტი ქმნის 15 000 სამუშაო ადგილს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში დაახლოებით სამასი ათასზე მეტი ადამიანია უმუშევარი, გამოდის, რომ უმუშევრობის დასაძლევად საჭიროა საქართველოში შემოვიდეს სულ ცოტა 20 მილიონი ტურისტი, რაც, რა თქმა უნდა, ზღაპარია.
პრეზიდენტმა ისაუბრა პროფესიული გადამზადების ცენტრებზე, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ეს ხომ ახალი თემა არ არის. მან ასევე თქვა, რომ 20 ქალაქში 20 ათასი ადამიანი ისწავლის ინგლისურს და კომპიუტერთან მუშაობას. თვითონ იდეა ახალი არ არის, უბრალოდ აქამდე ეს მხოლოდ თბილისში ხორციელდებოდა. ამასთანავე, მე სპეციალურად მაქვს შესწავლილი თბილისში განხორციელებული ეს პროგრამა და იგი იყო აბსოლუტურად წარუმატებელი, რადგან მასზე დაიხარჯა უფრო მეტი, ვიდრე ამ პროგრამას მოჰყვა შედეგი. ასეთივე ხარჯიანი პროექტი იქნება საქართველოს 20 ქალაქთან დაკავშირებული.
საუბარი იყო ზაფხულში 25 ათასი სტუდენტის დასაქმებაზე. ესეც საქართველოში გავლილი გვაქვს და ეს არის მხოლოდ გადაყრილი ფული და სტუდენტების მოსყიდვა არჩევნებისთვის. პრეზიდენტმა ისაუბრა 2015 წლისთვის განათლების სისტემაში მოდერნიზაციის შესახებ, თუმცა რას გულისხმობს ეს გეგმა, არსად არ წერია. როდესაც პრეზიდეტმა ისაუბრა განათლებაზე, სამწუხაროდ არ შეეხო უმაღლეს განათლებას. ეროვნული გამოცდების გარდა, ყველა სხვა მიმართულებით უმაღლესი განათლება სავალალო მდგომარეობაშია.
რამდენად საინტერესოდ გეჩვენათ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებები?
- დასაქმების შემდეგ მეორე მიმართულება იყო სოფლის მეურნეობა. აქ საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ ითქვა. საუბარი იყო საირიგაციო სისტემის პროგრამის შექმნა-განვითარებაზე, რაც ძალიან კარგია, თუმცა კარგი იქნება თუ ამ პროგრამას მთავრობა თავს მოაბამს და გამოაქვეყნებს. აქ იყო კურიოზული მომენტიც, პრეზიდენტმა თავის სიტყვაში თქვა, რომ უნდა შეიქმნას მოდერნიზაციის 12 ახალი ცენტრი, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ექვსზე საუბრობდა, ანუ შეეშალა თუ რა მოხდა მე ვერ გავიგე.
ჯანდაცვასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი გეგმა იქნა წარმოდგენილი კონკრეტული შეთავაზებებით. საუბარია იმაზე, რომ 2012 წელს დაზღვეული იქნება ყოველი მეორე ადამიანი და ყოველ ხანდაზმულ მოქალაქეს ექნება ულიმიტო სამედიცინო მომსახურეობა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სანამ ჩვენ არ ვნახავთ 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს, მანამ ამ ყველაფერს ვერ დავიჯერებთ.
თავის სიტყვაში პრეზიდენტმა პირველად გააჟღერა სერიოზული ინიციატივები დემოგრაფიული კუთხით, რაც მისასალმებელია, თუმცა მე, როგორც მსმენელს ცოტა არ იყოს მეხამუშა, როდესაც მან თავისი თავი შეადარა პატრიარქს და თქვა, ჩვენ ერთად ვუვლით დემოგრაფიულ საკითხსო, მაშინ როცა პატრიარქი დიდი ხანია იმ რესურსის გამოყენებით, რაც აქვს ქართულ ეკლესიას, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.
როგორც მოგახსენეთ, ხუთიდან სამ პუნქტზე პრეზიდენტმა ისაუბრა, დანარჩენ ორ პუნქტზე კი არაფერი უთქვამს, თუმცა ერთი სასიამოვნო სიახლეც მოვისმინე. შარშან, როდესაც პრეზიდენტი წლიური ანგარიშით გამოვიდა პარლამენტის წინაშე, მან თქვა, რომ საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს 2015 წლისთვის მიაღწევდა. ახლა კი მან თქვა, რომ თურმე ამისთვის საკმარისია ერთი წელი ან წელიწადნახევარი. ამას მხოლოდ მივესალმები, და ძალიან კარგია, რომ ჩვენს პრეზიდენტს აქვს ასეთი პოლიტიკური ნება, თუმცა ვეჭვობ, რომ ის ამ პოლიტიკური ნების განხორციელებას შეძლებს იმ მთავრობით, რომელიც მას ჰყავს. ეს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ იქნეს მიღწეული მოკლე ვადებში.
პრეზიდენტის მოხსენებაში იყო რამდენიმე გაუგებარი ფრაზა ევროპულ სინგაპურთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ამაზე განმარტება გააკეთოთ?
- ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. მისმა ერთმა ფრაზამ გამახსენა საბჭოთა კავშირი, როცა იყო ასეთი მოწოდება – „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“. ახლა პრეზიდენტმა დასახა ასეთი ამოცანა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ორჯერ მეტი ზრდის ტემპი, ვიდრე აქვს რუსეთს. რატომ მაინცდამაინც რუსეთი და რა არის ასეთი გამაღიზიანებელი შეჯიბრი, რომელსაც უკვე შეჯიბრსაც ვეღარ დავარქმევ, გაურკვეველია. რეალურად დღეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ისედაც 50%-ით მაღალია, ვიდრე რუსეთში, მაგრამ თუნდაც ორჯერ მეტი იყოს, მერე რა? ეს ყველა პასუხგაუცემელი კითხვებია.
ბატონო ლადო, სოციალური პროექტები, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ანუ სკოლამდელი ასაკის ბავშვების და პენსიონერების დაზღვევა, ასევე პროფესიული გადამზადება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და ა.შ. ყველაფერ ამას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი გასწვდება?
– საქმეც ისაა, რომ დღევანდელ ბიუჯეტში ეს გათვალისწინებული არ არის და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ამაზე სერიოზულად შეიძლება ვიმსჯელოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში შევა 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.
პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება საკმაოდ შორეული პერსპექტივაა, რაზეც ადრე სულ სხვაგვარად საუბრობდა და თქვენი აზრით, რას ნიშნავს ასეთი ცვლილება?
– ერთის მხრივ, პრეზიდენტმა თქვა, რომ წელიწადნახევარში გვექნება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და ამიტომ, მის ნათქვამებში ასეთი ცვლილება მე არაფერზე არ მიმანიშნებს. ასეთი იმპულსური ფრაზები მას ახასიათებს და ამიტომ მოდით ამაში განსაკუთრებულ სიბრძნეებს ნუ ვეძებთ.
და ბოლოს, ბატონო ლადო, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში არც ერთხელ არ ახსენა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამასთან დაკავშირებით როგორ შეფასებას გააკეთებდით?
– ამასთან ერთად პრეზიდენტმა არ ახსენა ძალიან ბევრი თემა. საერთოდ, როდესაც ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გაუგებარია როგორ შეიძლება პრეზიდენტი ამაზე საერთოდ არაფერს ამბობდეს. მან თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველო არასდროს არ დათმობს თავისი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაგრამ სამწუხაროდ კონკრეტულ ურთიერთობაზე აფხაზეთთან ან სამხრეთ ოსეთთან მას არ უსაუბრია.