დენის შემდეგ, პურის ფასის ჯერი დადგა. ხალხისთვის (უფრო სწორად ამომრჩევლისთვის) მეტად მტკივნეულ თემებზე აქცენტს განსაკუთრებით ის პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, რომლებსაც ბოლო პერიოდში რეიტინგი და იმიჯი განსაკუთრებით შემოელახათ. თუმცა, მათ საფუძვლიანი პროტესტის საბაბს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო აძლევს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქდმ-ს წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს საქართველოში პურის ღირებულებაზე არ ასახულა.
როგორც სამუშია აცხადებს, 2008 წელს და შემდგომ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა, რამაც საქართველოში პურის ფასი, ფაქტობრივად, გააორმაგა. თუმცა, 2011 წლის მიწურულიდან ხორბლის ფასის შემცირება დაიწყო და ამ დროისთვის თითქმის განახევრებულია.
ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რადგან ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილის ფასმა, 60 ლარიდან 30 ლარამდე ჩამოვიდა. ბოლო 2 კვირაა მართალია ფასმა უმნიშვნელოდ მოიმატა, მაგრამ ჯერჯერობით 33 ლარს არ გასცილებია. თანაც ამ პერიოდში არ შეცვლილა პურპროდუქტებისთვის საჭირო სხვა ინგრედიენტების ფასი (ზეთი, მარილი, საფუარი), არ გაზრდილა კომუნალური გადასახადები. ამიტომ პოლიტიკოსების კითხვა - რატომ არ იაფდება სავაჭრო ქსელებში პური - ძალიანაც ლოგიკურია.
სამუშიას ამ კითხვაზე ლოგიკური პასუხი აქვს: საქართველოში პურპროდუქეტბის მაღალი ღირებულების ერთადერთი მიზეზიც ის არის, რომ საქართველოში მონოპოლისტი ჯგუფია და ფქვილის შემოტანას მხოლოდ ის ახორციელებს. ამიტომ ქდმ ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხში ჩარევისკენ მოუწოდებს.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათ მეპურეებისა და მეფქვილეების წინააღმდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ გაილაშქრა და პურზე ფიქსირებული ფასების დაწესება მოითხოვა. როგორც მაშინ პარტიის გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ფქვილის მკვეთრი გაიაფების მიუხედევად, პურპროდუქტებზე ფასებს არ დაუკლია.
“დიდი მოსავლის გამო, წელს ფასები განახევრდა ხორბალზე. შარშან მსოფლიო ბაზარზე 1 ტონა ხორბალი 320 აშშ დოლარი ღირდა, წელს 230 დოლარია, თუმცა საქართველოში პურპოდუქტებზე ფასები 5 თეთრითაც არ შემცირებულა. თუ მიხეილ სააკაშვილი არ მფარველობს პურის მაფიას, ფასები რატომ არ იკლებს? მოსახლეობის 30-40 პროცენტი შიმშილობს და მათთვის ძირითადი საკვები პურია, რომელიც ძვირია”, - განაცხადა შატბერაშვილმა.
ამ დროს პურის მრეწველთა კავშირში საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის შემცირება საქართველოში პურის ღირებულებაზე ნამდვილად აისახა და პურპროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქციაზე ფასი 10-15 თეთრით შეამცირეს.
“იმის თქმა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის შემცირება საქართველოში პურის ღირებულებაზე არ ასახულა, არასწორია. პური ზოგან 10 თეთრით, ზოგან კი 15 თეთრით გაიფდა, თუმცა ზოგისთვის 10 თეთრი არაფერია, ზოგისთვის კი დიდი თანხაა”, - განაცხადა პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
მისი განმარტებით, პურის ფასის დადგენისას განმსაზღვრელი ფაქტორი მხოლოდ ხორბლის ღირებულება არაა. “ბუნებრივია, არსებობს სხვა უამრავი ფაქტორიც - მაღაზიის, ასევე დისტრიბუტორის ინტერესი და სხვა. გარდა ამისა, გეტყვით იმასაც, რომ მეწარმეებს უცხოეთიდან იმპორტირებული ფქვილის შეძენისას დიდი არჩევანი არ აქვთ. მიზეზებს მე ნუ მათქმევინებთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პურპროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს როგორც ხარისხის, ისე ფასის კუთხით არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა ჰქონდეს”, - განმარტა დოლიძემ.