სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტის მოხსენებაში ყველაზე თვალშისაცემი სწორედ რუსეთის მიმართ გამოვლენილი ნაკლები აგრესიულობა იყო. ამასთან მათივე თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ნებისმიერი შეხედულების მოქალაქეთა მომადლიერებას ცდილობს.
„დაე ყველა რუსმა ბიზნესმენმა იცოდეს, რომ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა, ფულის ჩადება, ფულის გატანა, შემოტანა, ბიზნესის კეთება, წარმოების აწყობა, ხალხის დასაქმება და ის იქნება ისეთივე დაცული და შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, როგორც სხვა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს და მათთვის იქნება მაქსიმალურად ხელშემწყობი რეჟიმი შექმნილი“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ყველა რუს მოქალაქეს შეუძლია შემოვიდეს საქართველოში, რომელიც თავისუფალია კორუფციისაგან, ძალადობისაგან, ადამიანის ღირსების შელახვისა და ბიუროკრატიული წნეხისგან: „უნდა იცოდნენ რუსმა ტურისტებმა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიეფიცხონ მზეს ჩვენს პლაჟებზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სტუმართმოყვარეობით და მათ აქ არავინ დაუშლით ასე მონატრებული „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის დალევას“.
პარლამენტში გაჟღერებულ ინიციატივას ანალიტიკოსების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიას შეფასებით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ნებისმიერი შეხედულების მოქალაქეთა მომადლიერებას ცდილობს. მისივე თქმით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, სააკაშვილის მიერ რუსეთთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება საინტერესო იყო.
„წლების განმავლობაში მთავრობა რუსეთთან მიმართებაში დეკლარირებულად ერთს აცხადებდა და მეორეს აკეთებდა. კერძოდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ის ოკუპანტად და პოლიტიკურ მტრად ცხადდებოდა, მაგრამ რუსეთისთვის სხვადასხვა კომპანიების მიყიდვა ხორციელდებოდა. ამდენად, რუსეთთან მიმართებაში ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვა ერთმანეთთან აცდენილი იყო.
უცნაურია, რომ ხელისუფლება ამ დამოკიდებულებას მყისიერად ცვლის, მაგრამ რატომ - ეს ჯერჯერობით უცნობია. საინტერესოა, რაიმე პოლიტიკურ ბენეფიტს ვიღებთ ამით თუ მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელზეა საუბარი“, - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ ამ განცხადებით, პრეზიდენტი სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა შეხედულების ადამიანების გულის მოგებას ცდილობს:
„ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ამიტომ მთავრობა ცდილობს ყველას გული მოიგოს, რადგან არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა ხელისუფლებას საარჩევნო ხმების დაკარგვის საშუალებას არ აძლევს“.
ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა აცხადებს, რომ რუსული კაპიტალისთვის კარის გახსნა ქვეყნისთვის სასიკეთო არ არის: „საქართველოს ეკონომიკამ გაუძლო „ნაციონალურ“ რეჟიმს და ეს არის ყველაზე მთავარი გამოცდა. ეკონომიკა არ დანგრეულა, პირიქით, არის პოზიტიური ძვრები“.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების ინივიატივაში პოლიტიკურისგან განსხვავებით, ეკონომიკურ კომპონენტში სიახლე არ არის:
„ის, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსულ კაპიტალს, შემოვიდეს საქართველოში, ახალი არ არის. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ფართოდ არის გახსნილი კარი რუსული კაპიტალისთვის, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის“.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, სააკაშვილის მოხსენებაში ყველაზე თვალშისაცემი რუსეთის მიმართ გამოვლენილი ნაკლები აგრესიულობა იყო:
„პოლიტიკური ანალიზისთვის ყველაზე თვალშისაცემი რუსეთის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულებაა, რაც სავიზო რეჟიმის მოხსნაში აისახა. ნაკლები აგრესიულობა იყო რუსეთის მიმართ. ტონის შერბილებას ალბათ უფრო დიდი კონტექსტი აქვს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობა იყო სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრების თემა და ყოველთვის ითხოვენ ჩვენგან, რომ არ გავამწვავოთ და ვცადოთ რუსეთთან ამ ურთიერთობის მოგვარება“.
ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე ინიციატივას მიესალმება. როგორც აბაშიძემ განაცხადა, „ჩვენ რუს ხალხთან, ტურისტებთან პრობლემა არ გვაქვს“:
„რაც ნაკლებ პრობლემა ექნებათ მათ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, მით უკეთესია. ვფიქრობ, ამ ინიციატივას რუსეთის მოსახლეობა დადებითად შეხვდება“.
სააკაშვილის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას დასავლური და რუსული მედიაც ეხმაურება. „როიტერი“ წერს, რომ საქართველო გააუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ის ინვესტიციის მოცულობის გაზრდას ცდილობს:
„ეს კეთილი ნების იშვიათი გამოხატულება იყო ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის, რომლებიც 2008 წელს ერთმანეთს ომში დაუპირისპირდნენ. კრემლი უარს აცხადებს სააკაშვილთან რაიმე ტიპის კონტაქტზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა დამანგრეველი ძალით უპასუხა შეერთებული შტატების მიერ გაწრთვნილი საქართველოს არმიის შეტევას რუსეთის მხარდაჭერილ აჯანყებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე 2008 წლის აგვისტოში.
მაგრამ სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა, განაცხადა, რომ თბილისს სურს სავიზო რეჟიმის გაუქმება, რაც რუსი ბიზნესმენებისა და ტურისტებისთვის იმის სიგნალი იქნება, რომ საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს მათ.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს გადაწყვეტილება არ დაებლოკა რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცხადყოფს თბილისის სურვილს გააუმჯობესოს კავშირები მის ყოფილ იმპერიულ მმართველთან. თუმცა, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ გამარჯვებას 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში, საეჭვოა, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოჰყვეს.
საქართველოს $15 მილიარდიანი ეკონომიკის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა არიან. რუსეთის $2.1 ტრილიონიანი ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია“.
„ასოშეიტედ პრესი“ კი წერს, რომ სააკაშვილის ინიციატივას მოსკოვიდან ჯერ არავინ გამოხმაურებია, თუმცა გასულ წელს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სავიზო რეჟიმის გაუქმების სურვილი არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის, ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის, განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და მათი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარების შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია. იმავე დღეს გაიხსნა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
2010 წლის მდგომარეობით პრაქტიკულად შეჩერებულია თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის თითქმის ყველა მიმართულებით, გარდა ჟენევის ფორმატით გათვალისწინებული კონსულტაციებისა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველო, რუსეთის ფედერაცია და აშშ, როგორც ოფიციალური წარმომადგენლები, ხოლო ევროკავშირი, ეუთო და გაერო, როგორც შუამავალი მხარეები.