„ქართული ოცნება“: დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა


შარშან, ჟურნალ „ფორბსის“ სიაში მოხვედრილმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ალიანსი „ქართული ოცნება“ დააფუძნა – პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც საქართველოს 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქმედი მთავრობის დამარცხებისკენ მიისწრაფვის. ბიძინა ივანიშვილი – რეალური გამოწვევაა და მოვლენა, რომელმაც ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს. თუმცა გაურკვეველი აქ ერთი რამ არის – ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია.

მიხეილ სააკაშვილს აქვს მარტივი და გასაგები ხედვა იმაზე, თუ როგორია საქართველოს როლი რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში, მათ შორის ისეთი პრობლემების გადაწყვეტისთვის, როგორებიცაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაჭიანურებული კონფლიქტები; გასაგებია ნატოში წევრობისკენ მისწრაფებაც. ამ ამოცანებს სიცხადე შეაქვს ისეთი საკითხების ანალიზისთვის, როგორიცაა ის, თუ რა გზას ადგას მოქმედი მთავრობა და რას მიიჩნევს მომავალში მისი საგარეო პოლიტიკის პრორიტეტებად.

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელმაც მოსახლეობაში ამ კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული იმედები შეამცირა. თავის მხრივ, საქართველო აცნობიერებს ომის შემდგომ რეალიებს: მოსკოვთან ურთიერთობა შეწყვეტილია და კონფლიქტის ღერძი შეცვლილია. სააკაშვილს არასდროს დაპირისპირებია ისეთი „აუტსაიდერი“ როგორიც ივანიშვილია; ყველა მისი პოლიტიკური ოპონენტი ძველი გვარდიიდან, ედუარდ შევარდნაძის მთავრობიდან იყო, რომლებმაც ახალი პოლიტიკური ელიტა შექმნეს. ესენი იყვნენ პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია და სხვები.

შესაბამისად, ივანიშვილის სცენაზე გამოჩენას უამრავი ჭორი მოჰყვა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ის მთავრობის აგენტია, რომლის მიზანიც ოპოზიციის გახლეჩვაა, სხვები კი მას მოსკოვის მარიონეტობას აბრალებენ. მას საჯაროდ აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მის პოლიტიკურ ფილოსოფიას და საგარეო პოლიტიკას სიცხადე აკლია. პრეზიდენტ სააკაშვილმა 25 თებერვალს თავის გამოსვლაში მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ღიად განაცხადონ თავიანთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. მართალია ივანიშვილის სახელი მას არ უხსენებია, თუმცა როგორც ჩანს სწორედ ის იყო ამ მოწოდების სამიზნე. სააკაშვილის ოპოზიციისადმი მიმართვა ჯონ კენედის რეპლიკას გავდა: „საშინაო პოლიტიკამ შეიძლება მხოლოდ დაგვამარცხოს; საგარეო პოლიტიკამ შეიძლება მოგვკლას“. მაშინ როდესაც ოპოზიციამ შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს მოახლოებულ არჩევნებში, მათი საგარეო პოლიტიკა საბოლოო ჯამში ქვეყნის ინტერესებს ავნებს. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პოზიცია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, რომელიც მოიცავს პარტიებს „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“. შესაბამისად, მთავარი კითხვა ასეთია: რა არის ივანიშვილის საგარეო პოლიტიკა? ის მართლაც ისეთი ბუნდოვანია, როგორც ამას სააკაშვილი ამტკიცებს?

სიმართლეა ის, რომ საგარეო პოლიტიკური დოქტრინები ხშირად გარკვეულიდ დროის შემდეგ ვლინდება, როდესაც გადაწყვეტილებები და/ან ქმედებები გულისხმობს ლოგიკურ სტილს ან ფილოსოფიას. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილის კოალიციის დოქტრინის ან ფილოსოფიის განსაზღვრა შეუძლებელია. ყველა შეფასება ეფუძნება მხოლოდ იავანიშვილის გამოსვლებს, მის ქმედებებს და მისი გუნდში გაწევრიანებულ პერსონებს.

ზოგადად, ივანიშვილი, როგორც ჩანს დარწმუნებულია, რომ საქართველოს მანევრების სივრცე საერთაშორისო არენაზე მოქმედი ადმინისტრაციის შეცდომების გამო შეიზღუდა, და რომ საქართველომ უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი აშშ-ს და რუსეთის გავლენის სფეროების მიღმა. არის კიდევ რამდენიმე ცნობილი სტრატეგია საგარეო პოლიტიკის მისეულ ხედვაში.

პირველი რიგში, ის არ აკეთებს მინიშნებას იმაზე, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვს კონფლიქტების მოგვარებაზე, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის გასაღებად სამი ფაქტორის კომბინაცია მიაჩნია: საქართველო მიმზიდველი უნდა გახდეს აფხაზებისა და ოსებისთვის, უნდა მოხდეს რუსეთის ინტერესებთან თანხვედრა და მოძიებულ უნდა იქნას ისეთი ხელსაყრელი საგარეო გარემოებები, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოადგება.

მეორე, მას მართლაც აქვს რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სპეციფიკური ხედვა, კერძოდ, მოსკოვთან ახლო კავშირების დამყარება. მის თვალში, ის, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი მეზობელია რეალობაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. აქ მას მხარს უჭერს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, რომელიც ივანიშვილის გუნდს შეუერთდა და რომელსაც მიაჩნია, რომ დღევანდელი ანტი-რუსული რიტორიკა საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაციის გაზრდის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ამ მიზეზის გამო, პარტია მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაფართოვებას. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს პირდაპირ ვერ ეხმარება კონფლიქტების მოგვარებას, მათ სჯერათ, რომ ამას საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიური ეფექტი ექნება. ისინი არ უარყოფენ იმას, რომ რუსეთის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნა ოკუპაციაა; უბრალოდ აცხადებენ, რომ საქართველომ ეს საკითხი ორმხრივ ურთიერთობებში მთავარ საკითხად არ უნდა აქციოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციაა. „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ალიანსი მიისწრაფვის „ქვეყნის უსაფრთხოების და რეგიონალური პოზიციის განმტკიცებისკენ, რისთვისაც უნდა გააღრმავოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში და მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკასა და რეგიონალური მასშტაბის სამშვიდობო პროცესებში“. კოალიცია ხაზს უსვამს ინტეგრაციას,

წევრობის საწინააღმდეგოდ. წევრობა დამოკიდებულია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერობაში ცვლილებებზე. იგივე ითქმის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობაზეც. ეს არის ერთ-ერთი მთავარი სხვაობა სააკაშვილის ხედვასთან, რომელიც ძალიან მკაფიოდ განმარტავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს, განსხვავებით კოალიციისგან, რომელსაც „რეალიზმის და პრაგმატიზმის ნაზავის“ სჯერა. მეორე მხრივ, ივანიშვილს ადრე მიაჩნდა, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა, როდესაც მისი აზრით აშშ-ს ინტერესი რეგიონისადმი შემცირდა, მას ბალანსის ჩამოყალიბება აუცილებლად მიაჩნია იმისთვის, რომ ქვეყანამ თავი აარიდოს ამერიკის დახმარებაზე ზედმეტ დამოკიდებულებას. ივანიშვილმა გამოხატა მისი მიდგომა ირანის პრობლემასთან დაკავძირებით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ დაიჭერს აშშ-ს მხარეს მის შესაძლო სამხედრო ოპერაციებში ირანის წინააღმდეგ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ივანიშვილის პოლიტიკური ხედვა საჭიროებს გარკვეულ დამატებით იმპულს იმისთვის, რომ მისი პრიორიტეტები უფრო მკაფიო გახდეს. დღევანდელ დღეს, ვერავინ დაძრახავს მას ან პრო-რუსობის ან პრო-დასავლურობისთვის. ივანიშვილის დაბალანსებულ პოლიტიკურ მიდგომაზე მეტყველებს მისი კოალიციის შემადგენლობაც, რომლებიც დიდწილად ელიტის წარმომადგენლები არიან – ყოფილი მინისტრები, მეცნიერები, იურისტები, მსახიობები – და ყველა მათგანს შეუძლია მოსახლეობის ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს დიდი იმედი იმისა, რომ ადგილი ექნება ძლიერი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციას, რაც გვაბრუნებს წარსულ მოგონებებთან, როდესაც ოპოზიციის ჭრელმა პოლიტიკურმა კოალიციამ წინა საპარლამენტო არჩევნებში მარცხი განიცადა. გარდა ამისა, მას მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებრივი აზრი მის სავარაუდო კავშირებზე რუსეთთან – შიში, რომელიც სამართლიანად თუ უსამართლოდ, გავრცელებულია. ამასთანავე, ამომრჩევლების დიდი ნაწილი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, მოიტანს თუ არა სიახლეს ივანიშვილი და კოალიციის ზოგიერთი წევრი, შევარდნაძესთან ანუ საზოგადოებისთვის რეტროგრადებთან ასოცირდება. საერთო ჯამში, დღესაც ძალიან ადრეა იმის პროგნოზირება, მართლაც გადაიქცევა თუ არა „ქართული ოცნება“ ქართულ ოცნებად.
foreignpress.ge