"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"მედიაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ინტერვიუ გამოჩნდა, თანაც რეგიონულ პრესაში. აღსანიშნავია, რომ ივანიშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ ამ დრომდე არ ჰქონდა მიცემული. ამჯერად ის სამეგრელოს ინტერნეტგამოცემა "თავისუფალ სიტყვას" საკმაოდ ვრცლად ესაუბრა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია, ქვეყნის პირველი პირი მისი გვარის პირდაპირ ხსენებას ყოველთვის ერიდება - მხოლოდ მინიშნებებით საუბრობს და აკრიტიკებს ახალბედა პოლიტიკოსს. აი, ივანიშვილი კი სააკაშვილზე პირდაპირ საუბრობს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: "მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ეს გადაწყვეტილია!" / ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ისტერიკულად დარბის.
"ჰიპერაქტიური პრეზიდენტი გვყავს. ჩემი აზრით, ცოტა ისტერიკულად დარბის. თუმცა სირბილით ბევრს ვერაფერს მოიპოვებს. ყველამ იცის უკვე, რომ მასთან შეხვედრისას ხალხი ავტობუსებით დაჰყავთ, ყველამ იცის, რომ ზოგიერთ შენობას სხვადასხვა დროს სამი მხრიდან ხსნის. გაუგებარია, რისთვის და ვისთვის აკეთებს ამას, ალბათ, თვითონვე უხარია და მოსწონს ეს, ვერ ჩერდება, ვერ ისვენებს... აქვს ილუზია, რომ კახეთიდან იმერეთს მოატყუებს, იმერეთიდან - სამეგრელოს, საერთო ჯამში, შექმნის ილუზიას, რომ ის აღმაშენებელი პრეზიდენტია. თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც გაკეთებული აქვს არა თუნდაც მოჩვენებით აღმშენებლობაზე, არამედ ისევ დაშინებაზე, ძალადობასა და გაყალბებაზე და ჰგონია, რომ ამ მანიპულირებით მოახერხებს არჩევნების მოგებას. მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი გამოუვა", - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი, რომლის აზრით, ეს მყიფე სისტემა დაიმსხვრევა და ყველაფერს დაექმევა საკუთარი სახელი", - აღნიშნავს გამოცემა.
"ვფიქრობ, ყველაზე კარგად რაც ისწავლა ხელისუფლებამ (რასაც მისი წინამორბედი ვერ ახერხებდა) არის ის, თუ როგორ მოაგროვონ ფული. ეს პროცესი დაიწყო საბაჟოებიდან და ახლა ყველა მოქალაქის ჯიბეში ძვრებიან... ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც დღესაც ტრაბახობენ ისაა, რომ ელექტროენერგია გვაქვს. იმაზე აღარ საუბრობენ, რომ ამ დენს საქართველოს მოსახლეობა ევროპაში, მგონი ყველაზე ძვირად ყიდულობს. ელექტროენერგია ასე ძვირი, ბევრი მიზეზის გამო, საქართველოში არ უნდა ღირდეს... წარუმატებლობის ჩამოსათვლელად, ალბათ, ერთი დღე არ გვეყოფა. პირველ რიგში სააკაშვილის უდიერი და გაუაზრებელი ქცევით დაკარგული ტერიტორიები უნდა გავიხსენოთ, ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებული სასამართლო, მედია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ დღეს სააკაშვილი მზად არის, გახდეს აბსოლუტური დიქტატორი, ოღონდ მას არ აქვს ამის რესურსები", - აცხადებს ივანიშვილი. მისი აზრით, ერთადერთი სწორი გზა, რაც სააკაშვილს დარჩა არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეჩერდეს - ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობამ, უამრავი შეცდომისა და დანაშაულის მიუხედავად, შეიძლება მიუტევოს", - დასძენს გამოცემა.
"შემიძლია განვაცხადო, რომ მე პრემიერ-მინისტრი ვიქნები. ეს გადაწყვეტილია და ეს იციან ჩემმა კოლეგებმა და გუნდის წევრებმაც. რაც შეეხება სხვა თანამდებობებს, ვფიქრობ, ჯერ ამის გაცხადება ნაადრევია. ყველაფერი თავის დროს გაირკვევა", - აცხადებს ივანიშვილი. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისი გუნდი სათანადოდ არ აქტიურობს - "ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, არის რაღაც, რაც ზედაპირზე არ ჩანს... ხელისუფლება, დიდი ძალადობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერ მოახერხებს, რომ ბრძოლისა და გამარჯვების სურვილი დაგვიკარგოს. დღეს ვერ ვახერხებთ საქართველოს მოსახლეობის იდეალურად დაცვას, მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასაკეთებელი საქმეა. თანდათანობით ვგეგმავთ საზოგადოების გააქტიურებასა და შიშისგან გათავისუფლებას. სურვილის მიუხედავად, ყველა ნაბიჯის შესახებ დეტალურად ვერ მოგიყვებით, რადგან ზოგი რამ საიდუმლო ჩანაფიქრიცაა, მაგრამ ეს მოხდება დროულად. აპრილიდან ჩვენი მობილიზება თვალში საცემი იქნება. ზედმეტი გააქტიურება შეიძლება დღეს საჭირო არც იყოს", - აღნიშნავს ივანიშვილი. მისივე განმარტებით, ამან შეიძლება მისი მომხრეები დააზარალოს, რადგან ამ ეტაპზე ხელისუფლება ძალიან აგრესიულია", - წერს სტატიის ავტორი.
758
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85