პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ისე ჩვეულებრივად დაიწყო, რომ არავინ ელოდა, თუ პრეზიდენტი ოპოზიციის ორი წარმომადგენლის კრიტიკის გამო მოთმინებას დაკარგავდა. მაგრამ, ჯერ, ცაგარეიშვილის, შემდეგ კი ბაღათურიას გამოსვლამ პრეზიდენტი იმდენად გააბრაზა, რომ ჯერ ბაღათურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზიც დატოვა.
დარბაზის დატოვებამდე კი ქვეყნის პრეზიდენტმა ბაღათურიას მიმართა, შენი ადგილი მართლა ტალახშია, აქედან სამას მეტრში არის კარგი ტალახი და იქ ჩაწოლა გარგებსო. ასეთი პასუხი კი იმის გამო გასცა, რომ ბაღათურიამ სააკაშვილს შეახსენა მამაშენს მთელი საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტები ეკუთვნის, დედაშენს კი საკმაოდ მომგებიანი ბიზნესები აქვსო.
„ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში ბოლომდე, კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ეს ფანტაზია“, - მიმართა სააკაშვილმა ბაღათურიას.
ქვეყნის პირველმა პირმა ოპოზიციონერ დეპუტატს „ფარჩაკი“, „სულელი“, „ბრიყვი“, „კლოუნი“ და „ტალახში ამოსვრილი“ უწოდა, რომელსაც ხელისუფლებაში „მართლა არაფერი ესაქმება“.
პრეზიდენტი ბაღათურიას გამოსვლამ ისე აღაშფოთა, რომ სხდომათა დარბაზი დატოვა, რის გამოც პარლამენტში ვითარება საკმაოდ დაიძაბა. მართალია, ბაღათურია სიტყვით გამოსვლას ისევ განაგრძობდა, მაგრამ ყველას ყურადღება იქითკენ იყო მიპყრობილი, პრეზიდენტი საბოლოოდ რას იზამდა.
სააკაშვილის გაბრაზება მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ მას ოპოზიციისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა და ამის შემდეგ რაც უნდა თქვას, მნიშვნელობა აღარა აქვს.
სააკაშვილს ნერვები ცაგარეიშვილმა მოუშალა
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა „პრეზიდენტის რელობაში დაბრუნება სცადა“ და გამდიდრებული მინისტრების სახლების ფოტოები გადასცა.
როგორც ცაგარეიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამართული დებატებისას განაცხადა, დღეს საზოგადოებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა მოისმინა.
მისი თქმით, სააკაშვილის კარიერის დასასრულს, სურს ის რეალობაში დააბრუნოს და გაახსენოს, თუ როგორ დაიწყო ეს გზა - ფოტოებით შეიარაღებული, შევარდნაძის მთავრობის წევრებს კორუფციაში ამხელდა, ახლა კი მას სურს მისი თანაგუნდელების სახლების ფოტოები აჩვენოს.
„ეს თქვენი პირველი მინისტრის - ვანო მერაბიშვილის სახლია, ეს ბენზინის მაგნატის, ყოფილი მინისტრის, თქვენი მეგობრის, დავით კეზერაშვილის სახლია“, – მიმართა ცაგარეიშვილმა სააკაშვილს და შესაბამისი ფოტოებიც გადასცა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ საწვავის ფასი საქართველოში, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო იზრდება, არადა სწორედ ის ადგენს ამ ფასებს.
„რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ხუთი სხვადასხვა კომპანია, ერთ დღეს, ერთ დროს, ერთი და იგივე მოცულობით უმატებს ფასს საცალო ბაზარზე, როგორც ეს 13 და 26 თებერვალს მოხდა. ნუთუ ერთ კომპანიასაც არ ჰქონდა მარაგი, რომ კონკურენცია გაეწია სხვებისთვის. ეს სხვა არაფერია, თუ არაკარტელური შეთანხმება, რომელიც კანონით ისჯება. ასეთი მონოპოლიური საქმიანობის შედეგია ის, რომ საქართველოში ფასები იზრდება პირველადი მოხმარების საგნებზე და პირველ რიგში პურზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ პური საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთადერთი საკვები პროდუქტია. ხორცი კი ნამდვილ დელიკატესად იქცა.
ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის სახლის ფოტოც აჩვენა.
„ეს არის კუბლაშვილის სახლი, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენების 99,8 %-იანი მაჩვენებლით იწონებს თავს და საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე გაიყვანა პატიმართა რაოდენობის მიხედვით“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა და პრეზიდენტს, დედაქალაქის მერზე, გიგი უგულავაზეც ესაუბრა.
„აქ არის დედაქალაქის მერი, გიგი უგულავა, რომელმაც თბილისელებისთვის დასუფთავების ახალი გადასახადი შემოიღო და ჩვენს მოქალაქეებს, უმძიმესი ზამთრის პირობებში მილიონობით ლარი ამოაცალა ჯიბიდან. წელს კიდურების მოყინვით ათობით ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში, რამდენიმე კი გარდაიცვალა“.
დეპუტატმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი მთავარი საზრუნავი დევნილთა საღებავშეუშრობელი საცხოვრებლების წითელი ლენტის გაჭრაა და არა ის, თუ როგორ და რა პირობებში იცხოვრებენ დევნილები.
„თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომლის უწყებაში სასტიკი წამებით მოკლეს შეიარაღებული ძალების ვეტერანი, სერგო თეთრაძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე, რომელმაც ჯერ არნახულ ნიშნულზე აიყვანა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს ციხეებში. მისი მოღვაწეობის შედეგი მხოლოდ გასული წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი 77 პატიმარია. ჩვენ ველოდებით სახალხო დამცველის გასული წლის საბოლოო მონაცემებს, რომელსაც თქვენი პარტია ზუსტად ისევე „მიიღებს ცნობად“ როგორც წლების მანძილზე აკეთებთ. იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც თქვენი მითითება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრწყინვალედ შეასრულა. 25 000 პატიმარი ციხეში გამოკეტა ათიათასობით კი პრობაციონერად აქცია“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, დიმიტრი შაშკინზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან გასულ წელს საჯარო სკოლების ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესი განახორციელა, შედეგად კი ასეულობით სკოლა დაიხურა და ათასობით პედაგოგი უმუშევარი დარჩა.
„სულ რაღაც ერთი კვირის წინ, თქვენმა „წარმატებულმა“ მინისტრმა თბილისის სპეციალიზებული, ლოგოპედური სკოლა დახურა, მეტყველების პრობლემის მქონე 140 ბავშვი და 30-მდე მასწავლებელი ქუჩაში დატოვა“, - მიმართა ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს.
ცაგარეიშვილს სააკაშვილი ასე თუ ისე მშვიდად უსმენდა. ყოველ შემთხვევაში, მხოლოდ იღიმებოდა და მისთვს არფერი უთქვამს მაშინაც კი, როდესაც ცაგარეიშვილმა მას კორუმპირებული ჩინოვნიკების სახლების სურათები გადასცა.
ბაღათურია ბოლო წვეთი აღმოჩნდა
ცაგარეიშვილის შემდეგ ბაღათურია გამოვიდა და პრეზიდენტი და მისი ოჯახი ელიტურ კორუფციასა და მონოპოლიების შექმნაში დაადანაშაულა.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, 2004 წლის 3 თებერვალს პრეზიდენტის მიერ შევსებული დეკლარაციით, მისი ქონება საკმაოდ მოკრძალებული იყო - 95 000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9 500 ევრო ბანკ „სოსიეტე ჟენერალში“ და 3 500 ევრო „თიბისი ბანკში“, მეუღლის სახელზე რუსული შავი ვილისი.
„სულ ეს არის, სხვა არანაირ ბიზნესს და შემოსავლის წყაროს არ ფლობდით არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრები“, – მიმართა ბაღათურიამ პრეზიდენტს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მამა ერთი ჩვეულებრივი, როგორც ამბობენ კვალიფიციური ექიმი იყო, ხოლო დედა, ასევე ჩვეულებრივი მეცნიერ მუშაკი, სააკაშვილის ძმებიც არანაირ ბიზნესს ან სხვა ტიპის შემოსავალს არ ფლობდნენ. დღეს კი, ბაღათურიას თქმით, სააკაშვილი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია.
„თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყელა წიაღისეულ სიმდიდრეს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის მისი საკუთრებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვმ ფართი (წილში სიმბოლურად 200 ლარი აქვს გადახდილი). ასვე, ფლობს შპს „საუნივერსიტეტო ავეჯს“. მას ეკუთვნის „გეპეის“ მე–3 კორპუსის მე–2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე „ხადილი“. ასევე, 14 % „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“, მას ეკუთვნის „შავი ზღვის უნივერსიტეტი“, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვმ არასასოფლო სამეურნეო მიწა“, – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაში კიდევ ბევრი ქონებაა, რომელთაც დროის სიმცირის გამო ვერ ჩამოთვლის.
მისივე განცხადებით, საინტერესო ის არის, რომ მთელი ეს ქონება მოპოვებულია პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება პირდაპირ გადავიდა პრეზიდენტის ოჯახის წევრთა საკუთრებაში. ბაღათურიას თქმით, მიმდინარეობს მონოპოლიზაცია უმაღლესი განათლების სფეროში და იქმნება ორი მონოპოლიური გაერთიანება - ერთი ბენდუქიძის და ერთიც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
„ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მაღალი ფასებით უმაღლეს სასწავლებლებში პირადად თქვენ მდიდრდებით“, – დასძინა ბაღათურიამ და განაცხადა, რომ პრეზიდენტის და მისი ოჯახის სწრაფი გამდიდრების პირდაპირ პროპორციულად ასევე სწრაფად გაღატაკდა სახელმწიფო და ხალხი.
ამის გამო კი სააკაშვილმა თავი ვეღარ შეიკავა და ჯერ ბაღათურიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. შემდეგ კი სხდომათა დარბაზი დატოვა.
ბაღათურია კი გამოსვლას განაგრძობდა. მან სააკაშვილს სამართლიანობაზე საუბრის პარალელურად, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძისა და სხვა ახალგაზრდების მკვლელობები შეახსენა.
როგორც ბაღათურიამ განაცხადა, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში 900 000 კაცია რეგისტრირებული სიღატაკის პროგრამაში, კიდევ 600 000 ითხოვს ამ სტატუსს და მათ სახელმწიფო უარს ეუბნება უსახსრობის მომიზეზებით და 500 000 პენსიონერი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული სიღატაკის პროგრამაში და ცხოვრობს 100 ლარიან პენსიაზე, რაც საარსებო მინიმუმის ნახევარია.
მიუხედავად ამისა, ბაღათურიას თქმით, ბოლო არ უჩანს ხელისუფლების დროის ტარებას ბიუჯეტის ხარჯზე და მილიონები იხარჯება გასართობ პროგრამებზე და პრეზიდენტის პირად კომფორტზე.
„ასე რომ, პენსიონერები, რომლებსაც 100 დოლარიან პენსიას შეჰპირდით და მოატყუეთ, შიშით ცხოვრობენ ქვითრიდან ქვითრამდე 20 ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერის მოლოდინში“, – განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად კანონით აკრძალვისა, „ქართუ ფონდის“ ანგარიშში იკითხება, რომ სააკაშვილის მეუღლის დაფუძნებულმა „კლასიკური მუსიკის ასოციაციამ“ და მისმა რადიო „მუზამ“, 2009 წელს საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ მიიღო 456 342 ლარი, ხოლო 2010 წელს 644 952 ლარი.
„საქართველოში მონოპოლიზებულია ბიზნესის ყველა დარგი და ყოველ მონოპოლიას სათავეში უდგას სწორედ პრეზიდენტის მიერ ხელდასმული კლანის მეთაური. შესაბამისად, იხურება წარმოებები, ხალხი კარგავს სამუშაო ადგილებს, მათი ქონება დაყადაღებული აქვთ სახელმწიფო ჩინოვნიკთა მფლობელობაში მყოფ ბანკებს და მევახშეებს. ბიზნესი და სამუშაოს უფლება ხელისუფლების წევრთა ექსკლუზიური პრივილეგიაა“, – განაცხადა ბაღათურიამ, რომლის სიტყვით გამოსვლა უმრავლესობის წევრების საპროტესტო შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
ბაღათურიამ ასევე პრეზიდენტი სასამართლოს თავისუფლების საბოლოოდ განადგურებაშიც დაადანაშაულა და შეახსენა, რომ ასობით უსამართლოდ დაკავებული ადამიანების ფონზე თავისუფლად დაპარპაშებენ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს მკვლელობა და სხვა მძიმე დანაშაულები.
„ვალდებული ვარ შეგახსენოთ გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები“, – მიმართა ბაღათურიამ მიხეილ სააკაშვილს.
სააკაშვილის პასუხი უმრავლესობის დახმარებით
ცხადია, ამ განცხადებებს ნორმალურ ქვეყანაში სერიოზული და არგუმენტირებული პასუხები მოჰყვებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ეს ბრალდებები ტყუილია და, თურმე, მას სიტყვაზე უნდა ვენდოთ, რომ „ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გაიცნო, ეჭვი აქვს, ისეთივე გაღლეტილია დღესაც“.
პრეზიდენტის თქმით, მერაბიშვილის ოჯახის შემოსავალი მამამისის „კამაზი“ იყო. მისივე განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ოჯახი დღესაც ცხოვრობს იმავე სახლში, სადაც ის იზრდებოდა.
„მაგრამ იმ სახლიდან ორას მეტრში შენდება რაბატის ციხესიმაგრე, ჯაყელების ისტორიული სასახლე, წარმოუდგენელი მნიშვნელობის ტურისტული ობიექტები. ამიტომ, ვანო მერაბიშვილმა შეიძლება თქვას, რომ ის მდიდარი კაცია, ის ისევ ცხოვრობს იმ სახლში, მაგრამ იმ სახლის გვერდზე მოხდა ახალი სასწაული, რომლის ინიციატორიც იყო ვანო და მე ამას არასოდეს დავუკარგავ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სამაგიეროდ, თავისი უმრავლესობის დამშვიდება იმით სცადა, რომ განაცხადა, ოპოზიციას მომავალი არა აქვსო.
„რატომ არ გაქვთ თქვენ მომავალი? იმიტომ, რომ წარსულში დარჩით. არ მინდა ვთქვა, რომ წარსულში ჩაირეცხეთ, მაგრამ, ობიექტურად, თქვენ გაიჭედეთ წარსულში და ეს ჩანს ყველაფერში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, არსებული ხელისუფლების შემცვლელი არა „ჯონდები და მათი პატრონები“, არამედ მომავალი თაობა იქნება, რომელიც პოლიტიკაში ახლა მოდის.
„საქართველო აღარ დაბრუნდება შევარდნაძის ჩაშმორებული, მუმიფიცირებული, პოლიტიკური გვამების ხელში. ჩვენი შემცვლელები იქნებიან არა ჯონდები და მათი პატრონები, არამედ საქართველოს მომავალი თაობა, რომელიც ახლა მოდის პოლიტიკაში. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ იმას, რომ ხელისუფლებაში დაჭაობება არ მოხდეს და ჩემი მთავარი სიამაყე, რის გამოც საქართველო წინ მიდის – არაკორუმპირებულობა, არ დასრულდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა ისიც განაცხადა, რომ მუდმივად აპელირება საკითხზე – რას გააკეთებს სააკაშვილი 2013 წელს, ადასტურებს, რომ ოპოზიცია 2012 წლის არჩევნებში მარცხში დარწმუნებულია.
„რადგან ამ კითხვას სვამთ, რას გააკეთებს სააკაშვილი 2013 წელს? ე.ი აბსოლუტურად დარწმუნებით შეგუებულნი ხართ, რომ 2012 წლის არჩევნები უკვე წაგებული გაქვთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცაგარეიშვილზე შური იმით იძია, რომ „გაიშნიკი“ უწოდა
სააკაშვილის განცხადებით, ცაგარეიშვილი უბრალო „გაიშნიკი“ იყო და რამდენ ფულსაც ის „აკეთებდა“ წელიწადში, ადეიშვილი რამდენიმე წლის ხელფასით ვერ დააგროვებს.
„მათთვის ქართული ტრადიცია იყო მექრთამეობა. მათი ტრადიცია იყო ბნელი საპასპორტო ოთახები იუსტიციის სახლების ნაცვლად. მათთვის ქართული ტრადიცია იყო „პრავის“ აღებაზე მრავალთვიანი სისტემა და ყველაფერი ჩაწყობით და ფულით ხდებოდა. მათთვის ქართული ტრადიცია იყო, რომ თუ როდესმე მთავრობაში მოხვდებოდი, მართლა ყველა ოქროს საბადო შენი უნდა ყოფილიყო. ეს არის მათთვის ქართული ტრადიცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი შეიძლება იყო იდეალიზმით აღსავსე ისე, როგორც მთავრობის წევრები, რომელთაც მთელი გულით უნდათ, რომ ახალი ქვეყანა ააშენონ.
მის შემდეგ გამოსული უმრავლესობაც, ცხადია, აქცენტს ცაგარეიშვილის „გაიშნიკობაზე“ აკეთებდა. მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად უნიჭოდ გამოსდიოდათ, რომ თავად უმრავლესობაც კი ვერ უკრავდა ისე ომახიანად ტაშს, როგორც ეს ნაციონალების ბრწყინვალებას ეკადრება.
სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას გეგმავს
ამასობაში ერთი საინტერესო ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩა. საქართველოს პრეზიდენტმა ორჯერ ლამის დაიფიცა, რომ ნაციონალების და საკუთარი თავის ხელისუფლებაში დარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებს.
პირველი ეს განცხადება დებატების დაწყებისას, თარგამაძის საპასუხოდ გააკეთა, როდესაც მან სააკაშვილის მომავალი გეგმების შესახებ დასვა კითხვა.
სააკაშვილი კი აცხადებს, რომ მის პოლიტიკურ ძალას „კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მართვის რესურსი აქვს“ და თავად ამაზე „უარს არაფრის დიდებით არ იტყვის“.
მას შემდეგ კი დარბაზიდან ჯონდი ბაღათურიას გაექცა და შემდეგ ვითარების გამოსასწორებლად დაბრუნდა, უკვე დაბეჯითებული და გაბრაზებული ტონით განაცხადა, „როგორც პრეზიდენტი და ნაციონალების ლიდერი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნაცმოძრაობამ არჩევნებში გაიმარჯოსო“.
„როგორც მახსოვს, მეგრულად ბულბულს მაფშალია ჰქვია და ეს იმაზე გამახსენდა, რომ კარგად ჩავაბულბულეთ ეს დებატები“, - განაცხადა დებატების ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც საკუთარი თავის და თავისი უმრავლესობის დარწმუნებას ცდილობს, რომ მხოლოდ მას შესწევს ქვეყნის მართვის უნარი.
ძნელი სათქმელია, რატომ სცადა სააკაშვილმა იმის დემონსტრირება, რომ მეგრულიც იცის, ან ყოველ შემთხვევაში, ბულბულის მეგრული სახელწოდება, მაგრამ ფაქტია, რომ მისი ბოლო დებატები უჩვეულოდ დაიწყო.
სააკაშვილი პარლამენტში თითქმის დათქმულ დროს მივიდა, მხოლოდ 10-15 წუთი დააგვიანდა და წინა წლების შემთხვევებს თუ გავიხსენებთ, როდესაც მისი მისვლა საათობით გვიანდებოდა, ეს დაგვიანება სალაპარაკოც კი არ ღირდა. მაგრამ მის გამოჩენამდე პარლამენტის მანდატურს ორჯერ მოუხდა ტრადიცული ფრაზის - „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი!!!“ საზეიმო ტონით წარმოთქმა.
პირველად რომ გამოაცხადა, დარბაზი უკვე სავსე იყო, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შესასვლელთან ელოდებოდა. მანდატურის გამოცხადების შემდეგ დარბაზში მყოფნი ფეხზეც წამოდგნენ, მაგრამ სააკაშვილი არ გამოჩენილა. 10-15 წუთის შემდეგ ისევ გამოაცხადა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა ყვავილების თაიგულით, რომელიც იმ დღის იუბილარს, ჩიორა თაქთაქიშვილს მიართვა.
ყველაფერი კი ამის შემდეგ დაიწყო . . .