დღეს, პარლამენტში გამართულ დებატებზე ბაღათურიამ პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობამდე სააკაშვილი მეტად მოკრძალებულ ქონებას ფლობდა. კერძოდ: 95ათას ლარად შეფასებულ ბინას, რომელიც მეუღლის სახელზე იყო გაფორმებული, შავ „ვილისს“, 9 500 ევროს ბანკ „სოსიეტე ჟენერალში" და 3 500 ევროს „თი-ბი-სი" ბანკში მეუღლის სახელზე.
„ქართული დასის“ ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამდე, მისი მამა ერთი ჩვეულებრივი კვალიფიციური ექიმი იყო, დედა - ჩვეულებრივი მეცნიერ-მუშაკი. ბიზნესი ან სხვა ტიპის შემოსავალი არც პრეზიდენტის ძმებს ჰქონდათ. ხოლო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
„თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობის და ოქროს საბადოებს, საქართველოს თითქმის ყელა წიაღისეულ სიმდიდრეებს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავისა და სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული.
თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი, ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის მისი საკუთრებაა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვ.მ ფართი, შპს „საუნივერსიტეტო ავეჯს", მასვე ეკუთვნის გეპეის მე-3 კორპუსის მე-2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე „ხადილი", 14 % „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის", „შავი ზღვის უნივერსიტეტი", რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწა (განკარგულება #127; 22.03.2007წ) და სხვა", - განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ჯონდის ბაღათურიამ.
მისივე თქმით, მთელი ეს კაპიტალი პრეზიდენტის ოჯახმა და სანატესაომ დააგროვა პრეზიდენტის განკარგულებებით, რომლის საშუალებით სახელმწოფო ქონება პირდაპირ პრეზიდენტის ოჯახის წევრთა საკუთრებაში გადავიდა.
„მიმდინარეობს მონოპოლიზაცია ბიზნესის, უმაღლესი განათლების სფეროში და იქმნება ორი მონოპოლიური გაერთიანება ერთი ბენდუქიძის და ერთი დედათქვენის ხელმძღვანელობით. ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ მაღალი ფასებით უმაღლეს სასწავლებლებში პირადად თქვენ მდიდრდებით. თქვენი და თქვენი ოჯახის სწრაფი გამდიდრების პირდაპირპროპორციულად ასევე სწრაფად გაღატაკდა სახელმწიფო და ხალხი", - აღნიშანა ბაღათურიამ.
ბაღათურიას გამოსვლით პრეზიდენტი უკმაყოფილო დარჩა. პრეზიდენტობის შემდეგ მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ დაგროვილი ქონების ჩამონათვალი სააკაშვილს ბოლომდე აღარ მოუსმენია.
„შეურაცხყოფა არ მოგიყენებია? აბა რას აკეთებ. ისეთი მაგარი ტალახია. აქედან გთხოვთ, მანდატურები წაგყვებიან. გავამზადებინებ კარგ აბაზანას. ჩაგაწვენენ ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა და გაგივლის ყველა ეს ფანტაზია როგორც საჭიროა“, - ასეთი პასუხი გასცა სააკაშვილმა ბაღათურიას და სხდომათა დარბაზი მცირე ხნით დატოვა.
„ქართული დასის“ ლიდერმა ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. ამ მონაცემების მიხედვით, სიღსატაკის პროგრამით ქვეყანაში 900 000 ადამიანი სარგებლობს და ამ სტატუსის მიღების მოლოდინში კიდევ 600 000 ადამიანია.