„პუტინზე თავდასხმები ყოველთვის, მხოლოდ იგეგმება და არ ხორციელდება“

„პუტინზე თავდასხმები ყოველთვის, მხოლოდ იგეგმება და არ ხორციელდება“

მოსკოვური სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ქალაქ ოდესაში რუსმა და უკრაინელმა სამართალდამცავებმა „ტერორისტული დაჯგუფება“ დააკავეს, რომელიც პრემიერ პუტინზე თავდასხმას გეგმავდა. მათივე ცნობით, აღნიშნული დაჯგუფება ტერაქტს ჩეჩენი ტერორისტის, დოკუ უმაროვის მითითებით ამზადებდა.

კერძოდ, უკრაინის ქალაქ ოდესაში, ერთ-ერთ სახლში 4 იანვარს აფეთქება მოხდა. თავდაპირველად მეხანძრეებს საყოფაცხოვრები გაზის აფეთქება ეგონათ. თუმცა, ორი დღის შემდეგ, 6 იანვარს უკრაინის სპეცსამსახურებმა რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში შეტყობინება გააგზავნეს.

აფეთქების შედეგად, ბინის დამქირავებელი, რუსლან მადაევი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილი ილია პიანზინი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაკითხეს, რადგან ბინაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტები იპოვეს. რუსეთის „პირველი არხის“ ინფორმაციით, დაკითხვისას პიანზინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არაბეთის საემიროებიდან თურქეთის გავლით ჩავიდნენ და მათ დოკუ უმაროვის წარმომადგენლების ზუსტი ინსტრუქციები ჰქონდათ:

„გვითხრეს, რომ ჯერ ოდესაში ჩავიდოდით და ბომბების დამზადებას ვისწავლიდით, შემდეგ მოსკოვში წავიდოდით და ეკონომიკურ ობიექტებზე დივერსიებს, შემდეგ კი პუტინზე თავდასხმას განვახორციელებდით. ჩვენ ოდესაში ჩამოვფრინდით. რუსლანს იმ ადამიანის ნომერი მისცეს, რომელიც აქ უნდა დაგვხვედროდა“.

სპეცრაზმმა მოგვიანებით დააკავა მესამე პირი, რომელიც ხანძრისას მიიმალა. სპეცოპერაცის შედეგად დაკავებულ ადამ ოსმაევზე 2007 წლიდან საერთაშორო ძებნა იყო გამოცხადებული. იგი უკრაინულ გამოძიებასთან თანამშრომლობს იმ იმედით, რომ ეს რუსეთში ექსტრადიციის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

„საბოლოო მიზანი იყო მოსკოვში ჩასვლა და პრემიერ პუტინზე თავდასხმის მცდელობა“, - განაცხადა ოსმაევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ტერაქტი შესაძლო იყო, ისე დაგეგმილიყო, რომ სამხედრო ტიპის ნაღმი გამოეყენებინათ და თვითმკვლელი ტერორისტის ჩართვა აუცილებელი აღარ იქნებოდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ოსმაევი ლონდონში წლების განმავლობაში ცხოვრობდა და სწორედ ის იყო ტერორისტებისა და ინსტრუქტორის დამაკავშირებელი. ოსმაევს უნდა მოემზადებინა პიანზინი და მადაევი და მოსკოვში გაემგზავრებინა.

მომზადების გეგმა ოპერატიულმა თანამშრომლებმა ოსმაევის „ნეტბუკში“ იპოვეს. იქვე აღმოჩნდა პუტინის კორტეჟის გადაადგილების ვიდეოკადრები. დეტონატორის და პლასტიტის ნაწილი მოსკოვში წინასწარ იყო შეტანილი იმ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან ერთად, რომელიც მანქანაში იყო ჩადებული. მანქანა უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 2007 წლის მაისში განაღმეს.

ოსმაევმა აღიარა, რომ ტერაქტის მომზადება უკვე მთავრდებოდა. „დედლაინი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო“, - განაცხადა ოსმაევმა დაკითხვაზე.

რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები საქმის გამოძიებას აგრძელებენ.

რუსული მედიით გავრცელებულ განცხადებებს თბილისში გამოხმაურება მოჰყვა.   ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია წინასარჩვენო კამპანიის ნაწილია. როგორც მან განაცხადა, „გამორიცხული არაა, პუტინმა ამ ავანტიურაში საქართველოც გახვიოს და დოკუ უმაროვის მფარველობასა და ტერაქტის მომზადების ხელშეწყობაში დაადანაშაულოს“.

მისივე თქმით, „რატომღაც პუტინზე თავდასხმები ყოველთვის, მხოლოდ იგეგმება და არ ხორციელდება“:

„მასზე ჯერ არც ერთი თავდასხმა არ განხორციელებულა. აქ საქმე სხვა რამეშია. პუტინს მსგავსი თემებით სპეკულირება სჩვევია. როგორც წესი, ამომრჩეველი საფრთხის ქვეშ მყოფი კანდიდატის გარშემო ერთიანდება ხოლმე. მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც ამისთვის დასჭირდა. მნიშვნელობა არ აქვს ტერაქტის ორგანიზატორად ვინ დაასახელეს. დოკუ უმაროვი რომ არ ყოფილიყო, სხვას გამოძებნიდნენ“.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის რეალურ ანატომიაზე უშიშროების გადამდგარ პოლკოვნიკს, ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილს ვესაუბრებით:

– ამ განცხადების მიმართ, თავად რუსულ მედიაშიც საკმაოდ ირონიული დამოკიდებულებაა. საინტერესოა, რომ ინფორმაცია პირველი, ოფიციალური სახელისუფლებო არხის მხრიდან გავრცელდა. ამაზე არც „ფეესბეს“ (ფედერალური უსაფრთხოების სამსახური), არც სხვა სპეცსამსახურების რაიმე კომენტარი არ ყოფილა. ნიშანდობლივია, რომ „ექსკლუზივი“ სწორედ პირველ არხს მისცეს.

ეს ყველაფერი იმდენად თეთრი ძაფითაა ნაკერი, რომ სერიოზული შეფასებები ზედმეტია, თუნდაც, რამდენიმე ფაქტორის გამო. ერთი რომ, საქმე გვაქვს ჩეჩნების და ტერორისტების ყბადაღებულ თემასთან, რითაც საერთოდ პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში. გახსოვთ, 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე ომი მან არაფრისგან დაიწყო. სხვათაშორის, თავდასხმის გაცვეთილი თემები პუტინისთვის 2004 წლის არჩევნების დროსაც აქტუალური იყო. მსოფლიო პრესაც ამას საკმაოდ არასერიოზულად უყურებს. საკმაოდ უნიჭოდ მოფიქრებულ სქემასთან გვაქვს შეხება.

საუბარია ამ თემის უშუალო კავშირზე 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებთან...

– ბუნებრივია, თან რატომ მაინცდამაინც პირველი არხი და არა სხვა მაუწყებლობა. აღნიშნული ტელევიზია მთელ ქვეყანას ფარავს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მოსახლეობის 60, 70 პროცენტი, მეტი თუ არა, სოფლად მაცხოვრებლები არიან და კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული პირველი არხის სიმპატიური ქალბატონის ნათქვამის საკმაოდ სჯერათ. ეს ტელევიზია აქედან გამომდინარე იქნა შერჩეული.

თუმცა, პუტინს არჩევნებში გამარჯვების მხრივ, ისედაც არანაირი პრობლემა არ ექნება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ის ყველანაირად დაცული პიროვნებაა. ლამის მთელი სახელმწიფო მის დაცვაზეა ორიენტირებული. პრემიერ–მინისტრობის დროსაც კი მისი დაცვა რეალურად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მედვედევის.

რამდენად უნდა ველოდოთ საუბრების განახლებასქართულ კვალზე“, იქ ისევ დოკუ უმაროვის სახელი წამოტივტივდა.

– რუსეთშიც საკმაოდ აქტიურად საუბრობენ, რომ დოკუ უმაროვი „ფეესბეს“ მიერ შექმნილი პიროვნებაა. ჩეჩნებშიც ძალიან ბევრი ამაზე ამახვილებს ყურადღებას. მას ხშირად იყენებენ ჩეჩნეთის პატრიოტული მოძრაობის გასახლეჩად, ისეთი განცხადებების ან მოქმედებებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას რაღაც სპეცოპერაციების ჩასატარებლად აწყობს, თვითონ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ქართულ კვალზე შესაძლო მინიშნებებს, ცოტა გასაოცარი იყო, რომ ანქვაბზე თავდასხმიდან საკმაოდ გვიან, ორი–სამი დღის შემდეგ გაჟღერდა ქართული კვალის შესაძლებლობა. თუმცა, ესეც რუსი ე.წ. ექსპერტების მხრიდან გაკეთდა. ამ ეტაპზე პუტინს სერიოზული პროვოკაციები არ აწყობს. ხალხში გმირის პატარა სტატუსის მოპოვება მისთვის სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არჩევნებში გავიდეს.

ჩვენი თემა, ალბათ, ისევ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ წამოტივტივდება, რადგან სამხრეთ კავკასიაში რეალურად ძალიან ბევრი პრობლემა იკვეთება. აქ ერთმანეთს დიდი სახელმწიფოების ინტერესები ეჯახება. ამიტომ, ამერიკასთან სავაჭროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველთვის რუსეთის გვერდზე ვდგავართ. ჩემი ვარაუდით, ეს თემა ალბათ, ზაფხული–შემოდგომის პერიოდში წამოიწევს.