ადამიანები „თანამედროვე დაავადებებისგან“ იტანჯებიან

ადამიანები „თანამედროვე დაავადებებისგან“ იტანჯებიან

თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს სტრესულ გარემოში უწევთ ცხოვრება, ამას ემატება ცხოვრების არაჯანსაღი გზა, არასწორი კვება - ამ ყველაფრის გამო კი ისინი მიდრეკილნი არიან „თანამედროვე დაავადებებისაკენ“. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და კვების მრეწველობამ მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა.

კომპიუტერის შემოჭრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანთა დიდი ნაწილი არა მარტო ცხოვრების სტილი, არამედ ჯანმრთელობაც. მან სხვადასხვა დაავადების პროვოცირებასაც შეუწყო ხელი - როგორც თვალის, ასევე ხერხემლისაც.

გარდა ამისა, საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით ბოლო პერიოდში იმატა და გაახალგაზრდავდა სხვადასხვა დაავადება, მათ შორის, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, კუჭის, თვალის დაავადებები. ეს ყველაფერი კი ცხოვრების თანამედროვე სტილითაა გამოწვეული.

მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა კუჭის წყლულიც და წყლულისწინარე მდგომარეობა - გასტრიტი ან დუოდენიტი. ეს დაავადება 3-ჯერ ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო ხანს შეიმჩნევა წყლულოვანი დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია - დაავადებულთა 75% 40 წლამდე ასაკისაა.

არასწორი რეჟიმით კვება და არაჯანსაღი პროდუქტების მიღება ამ დაავადებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს. უარყოფითად მოქმედებს ალკოჰოლიც.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მუდმივად მზარდი დინამიკა. თანამედროვე მსოფლიოში ამ ტიპის დაავადებები სიხშირით პირველ ადგილზეა. გულ-სისხლძარღვთა სისტემების პირველი მტერია არანატურალური ცხიმები, რომლითაც გაჯერებულია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა ბაზარი. აგრეთვე გენმოდიფიცირებული საკვები, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი სრულფასოვნად ვერ ამუშავებს და სხვადასხვა ნარჩენი შხამების სახით რჩება ორგანიზმში.

არადა დედამიწის მოსახლეობა მაღალი ტემპებით გამრავლების პირობებში კვების მრეწველობაში გენური ინჟინერიის გამოყენებაზე უარის თქმა უკვე შეუძლებელია. სურსათზე კატასტროფულად გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად სოფლის მეურნეობის მსოფლიო წარმოების ადეკვატურ მატებას მოითხოვს. ამისთვის კი წარმოება უნდა გაიაფდეს. ექსპერტთა ნაწილის თქმით, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების უპირატესობა სწორედ ეკონომიკური მხარეა: ასეთი მცენარეების მოყვანა ტრადიციულ ანალოგებთან შედარებით 20%-ით იაფი ჯდება.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ღარიბების საკვებია, თუმცა პრობლემაა არა ის, რომ სურსათი არ არსებობს, არამედ ის, რომ ადამიანებს არ გააჩნიათ მისი შეძენის სახსრები.

სპეცილისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გენმოდიფიცირებულმა პროდუქციამ ფართო გავრცელება ჰპოვა, ბევრი ავადმყოფობა „გაახალგაზრდავდა“, ჭარბწონიანობამ კი პანდემიის სახე მიიღო.  მკვლევარების ნაწილის თქმით, იმ პროდუქციის კომერციალიზაცია, რომლის უსაფრთხოებაც არაა დადასტურებული, საკმაოდ საეჭვო იდეაა და ადამიანებზე ცდების ჩატარება დაუშვებელია.

გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მოწინააღმდეგეები მიუთითებენ სამწუხარო სტატისტიკაზე. მაგალითად, ინდოეთში ფერმერებს შორის, რომლებიც გენმოდიფიცირებულ თესლს იყენებენ, თვითმკვლელობების შემთხვევებმა მოიმატა. ამის მიზეზი კი მოუსავლიანობა გახდა, რამაც ფერმერების გაკოტრება გამოიწვია, რადგან ტრანსგენური თესლი ტრადიციულ ანალოგებზე რამდენჯერმე ძვირია.

ამიტომაც ბოლო პერიოდში რამდენიმე აფრიკულმა სახელმწიფომ, მათ შორის ზამბიამ და ზიმბაბვემ, უარი განაცხადეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის მოყვანასა და მოხმარებაზე. იგივე პოზიცია აქვს აზიური სახელმწიფოების ნაწილს.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ დებატები არაერთი წელია მიმდინარეობს. ზუსტად იმის თქმა, რომ ტრანსგენური პროდუქტები მავნეა, არ შეიძლება, თუმცა არც საპირისპიროს მტკიცების საფუძველი არსებობს. ასე რომ, ადამიანებზე ექსპერიმენტები გრძელდება.