"2014 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი 20-22 თეთრამდე გაიზრდება! "ბიზბეს-რეზონანსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ 2011 წელს რუსულ "ინტერ რაო ეს"-ს ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებით უფლება მისცა, რომ მის საკუთრებაში მყოფი ხრამჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფი 6 თეთრით გააძვიროს. შესაბამისად, ამდენივე თეთრით გაძვირდება სამომხმარებლო ტარიფიც. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ეს ნაწილი მთავრობამ საგანგებოდ დამალა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დენი 22 თეთრამდე გაძვირდება / "ინტერ რაოს" მოთხოვნით, მთავრობამ 2014 წელს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების ვალდებულება აიღო.
"2011 წლის აპრილამდე "ინტერ რაოს" "ხრამჰესი-1" და ხრამჰესი-2" 25-წლიანი მართვის უფლებით ჰქონდა. აპრილში კი საქართველოს მთავრობამ რუსულ კომპანიას ჰესები მუდმივ მფლობელობაში გადასცა. მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა "ინტერ რაოსთან" გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფოსთვის მომგებიანად შეაფასა: "ახალი ხელშეკრულება რუსული კომპანიისთვის იქნება ერთგვარი სტიმული, რომ ჰესები მეტი დატვირთვით ამუშაონ, იზრუნონ მათ რეაბილიტაციაზე, გამოამუშაონ მეტი ენერგია და შესაბამისად, ბიუჯეტს უფრო მეტი სარგებელი მოუტანონ", - განაცხადა ხეთაგურმა. მან ისიც აღნიშნა, რომ "ინტერ რაო" ახალ ჰესებს ააშენებდა და მოსახლეობას დაასაქმებდა. ხეთაგურს მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის გამოტანილ განაჩენზე აღარ უსაუბრია - ბუნებრივია, მან დამალა, რომ რუსულ კომპანიას ტარიფის გაძვირება ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩაუდო", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბიზნეს-რეზონანსის" მოპოვებული ინფორმაციით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, "ხრამჰეს-1"-ის მიერ ეარმოებული ელენერგიის გასაყიდი ფასი 2,3 თეთრიდან 8,2 თეთრამდე გაიზრდება. ასევე "ხრამჰესი-2"-ის მიერ წარმოებული ელენრგია 3,5 თეთრიდან 9,4 თეთრამდე იზრდება. ტარიფის მატების მოტივი არის ის, რომ რუსული კომპანია საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებს, ანუ ჰესებს ქართველი მოსახლეობის ხარჯზე ააშენებს. თანაც კომპანიამ გაზრდილი მოგება მალე რომ მიიღოს, საქართველოს მთავრობამ მასშტაბური ობიექტების ასაშენებლად ინვესტიციების ამოღების ვადად მხოლოდ 4 წელი განუსაზღვრა", - დასძენს გამოცემა.
"აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მთავრობა სემეკის გვერდის ავლით ინვესტორს სატარიფო პოლიტიკას თვითონ უდგენს: ნოღაიდელის პრემიერობისას 2007 წელს, "თელასსა" და მთავრობას შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც მითითებულია, რომ დენის ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლება, არადა იმ პერიოდისთვის დენი უკვე უნდა გაიაფებულიყო, ვინაიდან ტარიფიდან ინვესტიციების წილი ამოვარდა. ექსპერტების განცხადებით, ნოღაიდელი მაშინ სემეკის კომპეტენციაში შეჭრა, ვინაიდან ტარიფის შემცირება-არშემცირების გადაწყვეტილების მიღება კანონით სემეკს ენიჭება. ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მთავრობამ "ინტერ- რაოს" სასარგებლოდ მოსახლეობას უკვე მეორედ გამოუტანა მწვავე განაჩენი. ექსპერტ რევაზ არველაძის განცხადებით, ელეტქროენერგეტიკა, როგორც ბუნებრივი მონოპოლია, ბევრ ქვეყანაში რეგულირებულია. ამიტომ ექსპერტი ტარიფის დერეგულირებას საქართველოშიც დაუშვებლად მიიჩნევს - "დიდი ხანია სამინისტროს ეს ჩანაფიქრი აქვს. სამომხმარებლო ტარიფი ახლაც და პერსპექტრივაში რეგულირებული უნდა იყოს - წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება კარტელური გარიგება და ტარიფი "გაიქცევა" - ამბობს არველაძე, ცხადია, მონოპოლისტური ბაზარი კონკურენტულ ფასს ვერ შექმნის, შედეგად კი მთავრობის გეგმის მიხედვით ტარიფის მორიგი გაძვირება ისედაც გარდაუვალი იყო. საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება-დისტრიბუცია ფაქტობრივად 3 მონოპოლისტის (მუდმივად გაკოტრების რეჟიმში მყოფი "კახეთის ენერგოდისტრიბუცია", თბილისში - "თელასი" და დანარჩენ საქართველოში - "ენერგო პრო") ხელშია", - წერს სტატიის ავტორი.
1005
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85