ღამეული ვიზიტის მოლოდინში

ღამეული ვიზიტის მოლოდინში

პრეზიდენტი ტრადიციას არც წელს დაარღვევს და პარლამენტში ისევ გვიან საღამოს მივა. პრინციპში, ტრადიცია გაუმჯობესებულიც კია, რადგან აქამდე სააკაშვილი პარლამენტში საღამოს 6 საათამდე მიდიოდა ხოლმე, წელს კი მისი მისვლა 8 საათისთვის არის დაგეგმილი. ამის მიზეზად ბაქრაძემ პრაიმტაიმის დრო დაასახელა და აღნიშნა, რომ, თურმე, ამ დროს ტელევიზიების ყურადობა ყველაზე მაღალია და, ცხადია, სააკაშვილს სურს, რომ მისი გამოსვლისას მთელი სამყაროსი თუ არა, მთელი ქვეყნის ყურადღება მაინც მისკენ იყოს მიპყრობილი.

ეს არის პრეზიდენტის პარლამენტში ღამეული ვიზიტის ოფიციალური არგუმენტი, თითქოს დილის საათებში, ან შუადღისას რომ მისულიყო, რომელიმე ნაციონალური არხი სხვა რამის ჩვენებას გაბედავდა. ამიტომაც ცხადია, რომ ეს ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტია. რეალური მიზეზი კი, როგორც ჩანს, წინა წლების მსგავსად ის არის, რომ პრეზიდენტს უბრალოდ არ სურს, მისი ნათქვამი მსჯელობის საგნად იმ დღესვე იქცეს. მეორე დღეს კი რა მოხდება და მსჯელობის საგნად რა შეიძლება იქცეს, კაცმა არ იცის.

საინტერესო კი ის არის, რომ ამჯერად პრეზიდენტმა ტრადიციის ის ნაწილი მაინც დაარღვია, რომელიც მის პარლამენტში მისვლას აუცილებლად პარასკევ საღამოს ითვალისწინებდა. საააკაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში პარლამენტში მუდმივად პარსკევ საღამოს მიდის და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, უქმეებზე მისი გამოსვლა დიდად არავის აინტერესებს, ორშაბათამდე კი აქტუალობას კარგავს.

ამიტომაც ახლა ამ ტრადიციის დარღვევა შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ პრეზიდენტი რაიმე განსაკუთრებულის თქმას აპირებს და ოპოზიციის ერთი ნაწილი მისი მოსვლისთვის განსაკუთრებულად ემზადება.   

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას პარლამენტის ბიურო ადგენს. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებული იყოს რეზოლუცია. 

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დაგეგმილი დებატები პოლიტიკური დებატების ფორმატით გაიმართება. კერძოდ, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას.  პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

დებატებისას გამომსვლელთა რიგითობაზე მსჯელობას კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური და მხიარულება მოჰყვა. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა, დებატებში პირველად მისი ფრაქცია გამოსულიყო. მისი თქმით, აქამდე არსებობდა ტრადიცია იმისა, რომ დებატებზე პირველი დამოუკიდებელი დეპუტატები გამოდიოდნენ და კარგი იქნება თუ ხვალ, პირველი დამოუკიდებელი ფრაქცია გამოვაო.

ლორთქიფანიძის ამ განცხადებას რეპლიკები მოჰყვა როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა ლორთქიფანიძეს „დამოუკდიებელი ფარქციის“ განმარტება მოსთხოვა. მაჭავარიანმა ისიც კი თქვა, მე მგონი, ლეიბორისტებისთვის ითხოვს სიტყვასო.

„პარლამენტში დღეს არის ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატი,  - ოთხი ლეიბორისტი, რომლებიც პარლამენტში ცოცხალი თავით არ შემოდიან და ბეჟან ხურციძე. გამაგებინე, მათთვის ითხოვ სიტყვას? გინდათ, რომ ნათელაშვილმა გახსნას დებატები?“ - ჰქკითხა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს. 

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ლორთქიფანიძე „დამოუკიდებელ ფრაქციაში“ საკუთარ ფრაქციას - „ერთობა სამართლიანობისთვის” გულისხმობდა. მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს განუმარტა, რომ ბიუროს უკვე მეორე სხდომაა, რაც ერთი და იგივე შეცდომას უშვებს, რადგან რეგლამენტს არ კითხულობს. 

„დიმიტრი ლორთქიფანიძე იურისტია, ან შეგნებულად არ კითხულობს რეგლამენტს, ან სურს, რომ რეგლამენტი დაგვარღვევინოს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

უმცირესობის წევრმა, ლევან ვეფხვაძემ კი პარლამენტს დებატების წარმართვა რეგლამენტში არსებული სპეციალური ჩანაწერის მიხედვით მოითხოვა.

კერძოდ, რეგლამენტში ნათქვამია, რომ დებატებისას სიტყვით გამოდიან უმრავლესობა და უმცირესობა 45-45 წუთით, ფრაქცია და პარლამენტის თავმჯდომარე - 15-15 წუთი და ა.შ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილი კი დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნის არსში ვერ გაერკვა და განაცხადა, რომ აქამდე ყოველთვის იყო სურვილი, რომ დეპუტატი გვიან გამოსულიყო, რათა მანამდე გაკეთებული განცხადებების შეფასების შესაძლებლობაც მისცემოდა. მისი თქმით, თუ ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ მაინცდამაინც სურს რომ პირველი გამოვიდეს, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიეკრიმიხეილ მაჭავარიანი კი ვერ გაერკვა, რატომ ითხოვს ხოლმე ლორთიფანიძე ისეთ საკითხებს, რომლებიც რეგლამენტით არ არის გათვალსიწნებული. 

„ვოცდები, ამ რეგლამენტს ან შეგნებულად არ კითხულობთ, ან ცდილობთ, რომ მუდმივად დაგვარღვევინოთ ის“, - მიმართა მაჭავარიანმა ლორთქიფანიძეს და დასძინა, რომ მისთვის სულ ერთია, ვინ პირველი გამოვა და ვინ მეორე, რადგან ლორთოფანიძის ფრაქცია და უმცირესობა, მისთვის ერთია. 

„ჩემთვის თქვენ და უმიცირესობა ერთნი ხართ. ჩემთვის ბაღათურია, მამრაძე და ვეფხვაძე, ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან“, - მიმართა მაჭავარიანმა ლორთიოფანიძეს.

მის ამ ნათქვამს კი უკვე ლევან ვეფხვაძის უკმაყოფილება მოჰყვა. 

„თქვენგან მეტს არც ველოდი“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ. 

ბიუროს სხდომაზე დებატების გახსნის რიგითობასთან დაკავშირებით ლორთქიფანიძის მოთხოვნის უგულვებელყოფის შემდეგ კი ლორთქფანიძემ ახლა უკვე ფრაქციების ნაწილში მოითხოვა პირველი გამოსვლა. ამ შემთხვევაში კი ბიურო ლორთქიფანიძეს აღარ შეეწინააღმდეგა და მეტიც, ამ განცხადებამ ბიუროს წევრები, მხიარულ განწყობაზე დააყენა. 

კამათი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა ლორთქიფანიძეს მიმართა, რომ თავად „ერთობა სამართლიანობისთვის“ გამოსვლის შემდეგ გამოვა სიტყვით.

ახვლედიანის ამ განცხადებამ ბიუროს წევრები გაამხიარულა. 

„ბარემ გადაეხვიეთ ერთმანეთს, ხომ ვამბობდი, ესენი შეკრულები არიან“, - იხუმრა მიხეილ მაჭავარიანმა. 

საბოლოდ, გადაწყდა, რომ პოლიტიკური დებატების დროს, ფრაქციების გამოსვლისას, პირველი ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ გამოვა.  ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის 15 წუთიანი გამოსვლით ისარგებლებს, აქედან 8 წუთის განმავლობაში გიორგი ცაგარეიშვილი გამოვა და „ქართული ოცნების“ იდეებზე ისაუბრებს, 7 წუთით კი ჯონდი ბაღათურია ისარგებლებს.

როგორც ბიუროს სხდომის შემდეგ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, „ერთობა სამართლიანობისთვის“ დებატებზე, ქვეყანაში არსებული პრობლემების გარდა, წინასაარჩევნოდ არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილებს ყურადღებას.

ამასთან, გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ფრაქცია დაინტერესდება, თუ რას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი მის გუნდთან ერთად იმისთვის, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩატარდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს. 

„ყველა იმ თემას შევეხები, რომელიც გასულ წელს და ამ წლის პირველ თვეებში განვითარდა“, - განაცხადა ფარქციის მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, მისი გამოსვლის მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული კატასტროფული მგომარეობა, წინასაარჩევნო სიტუაცია, ქართულ ბიზნესში, ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში არსებული პრობლემები და ხელისუფლების „გაშმაგებული ბრძოლა“ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რაც, ცაგარეიშვილის შეფასებით, უამრავ სფეროში გამოიხატა. 

„ქრისტიან-დემოკრატები“ კი დებატებზე კონკრეტული ალტერნატივებით გამოსვლას გეგმავენ. 

როგორც ჟურნალისტებს „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, დებატებს საპარლამენტო უმცირესობისა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, გიორგი თარგამაძე იწყებს, რომელსაც, ძირითადად, პოლიტიკური აქცენტები ექნება. 

ამასთან, თარგამაძე სააკაშვილისგან მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ კონკრეტული პასუხის მიღებას ელოდება.

ამასთან, თარგამაძე აცხადებს, რომ თავის გამოსვლაში მკაცრად გააკრიტიკებს ხელისუფლების იმ ქმედებას, რომლის მიხედვითაც გადასახადებით აკრეფილი თანხა არა გრძელვადიან შედეგზე და მოსახლეობის საჭიროებებზე, არამედ ხელისუფლების მოკლევადიან პიარ-ეფექტებზე და დროსტარებაზეა გათვლილი.

უმცირესობის ლიდერი საკუთარ გამოსვლის დრო ყურადღებას გაამახვილებს კომუნალური გადასახედებზე, საგადასახდო ტვირთზე, უმუშევართა დაზღვევაზე, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის ხელოვნური ბარიერების მოხსნაზე, ჯანდაცვის ხელსეწყობასა და ქართული სოფლის აღორძინებაზე.

ვეფხვაძის თქმით, პოლიტიკური აქცენტების შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატების“ გამოსვლებში საუბარი იქნება ჯანდაცვის, განათლების, დასაქმების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სფეროების იმ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას. 

„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენს ამომრჩეველს წინა წლებში პრეზიდენტის მობრძანებიდან თუ რაიმე ახსოვს, „ქრისტიან-დემოკრატების“ აქტიური გამოსვლები და კონკრეტული იდეების შეთავაზებაა. ამ შეხვედრაზეც კონკრეტული ალტერნატივები გვექნება“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობას კი ჯერჯერობით არ სურს იმაზე ლაპარაკი, თუ დებატებისას რაზე გაამახვილებენ ყურადღებას. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ელოდებიან, რას იტყვის ოპოზიცია და მათი გამოსვლები ოპოზიციისთვის პასუხის გაცემაზე იქნება აგებული.