საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიები მუდმივად ეძებენ სოციალურ თემებს, რათა ამომრჩევლის თვალში შესაფერისი ქულები ჩაიწერონ. საქართველოში ასეთ თემებს ძებნა არ ჭირდება, მუდმივად ზედაპირზე დევს. განსაკუთრებით ეს ეხება კომუნალურ გადასახადებს და მუდმივად მზარდ ტარიფებს. ასეა ამჯერადაც. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებისთვის მოთელვა, დენის ტარიფით დაიწყეს.
„ხელისუფლება გაუთავებელი ვაუჩერიზაციის აქციებით ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არსებული ენერგოტარიფები არარეალურია“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ინგა გრიგოლია. მისი თქმით, მოსახლეობა არსებულ გადასახადებს ვერ იხდის. ვაუჩერების დარიგებით კი, ხელისუფლება აღიარებს, რომ „ხალხს არარეალურ ტარიფებში აცხოვრებს“.
„ამიტომ, ხელისუფლებას უწევს სხვადასხვა ფონდებში მოიძიოს თანხები, რათა ზამთრის პერიოდში მოსახლეობა სიცივით არ დაიხოცოს“, - აღნიშნა გრიგოლიამ. დეპუტატმა მოითხოვა, საკრებულომ დასვას საკითხი გადასახადების ტარიფის გადახედვის პროცესის დასაწყებად.
ინგა გრიგოლიას განცხადებებს საკრებულოში უმრავლესობის წევრი, კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა. მან დადებითად შეაფასა ხელისუფლების გადაწყვეტილება, 1,200 მლნ აბონენტს ვაუჩერი დაურიგოს. ამასთან, დასძინა, რომ დედაქალაქში განხორციელდა იმ უბნების გაზიფიცირება, რომელთაც მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარება შეეძლოთ. ასეთი 10 ათასი აბონენტი იყო. ამავე პროგრამით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი გაზქურებიც გადაეცა. ასევე, იმ უბნებში, სადაც გაზიფიცირება შეუძლებელია, დედაქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას თანხით ეხმარება.
ლეიბორისტული პარტია კი ხელისულფების მიერ წამოწყებულ ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების პროგრამას წინასაარჩევნო ქრთამს უწოდებს და მათ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელის ამოქმედებას ითხოვს. ლეიბორისტების მოთხოვნაა დენის ტარიფი დედაქალაქში 11 თეთრამდე ჩამოვიდეს, ხოლო რეგიონებში - 7 თეთრამდე.
როგორც პარტიის გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი აცხადებს, პარტიამ 2002 წლის 3 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგო, რომლის თანახმადაც დენის ტარიფი არ უნდა გაზრდილიყო. სააკაშვილმა კი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
„მიხეილ სააკაშვილმა იგრძნო რა თავისი პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება, დაიწყო 20-ლარიანი წინასაარჩვენო ქრთამის დარიგება ვაუჩერების სახით. მსგავსი ფარისევლობის და ხრიკების ნაცვლად მოვუწოდებთ ხელისფლებას, დაუყოვნებლივ აღასრულოს ლეიბორისტული პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელი.
ხელისუფლება ბრალდებებს არ პასუხს, მაგრამ დენის გაიაფების პირობასაც ვერ იძლევა. ენერგეტიკის სამინისტროში ამჯერად ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშებელობებით მანიპულირებენ და ამტკიცებენ, რომ ახაილ ჰესების აშენების და ამოქმედების შემდეგ, ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდება.
უახლოეს მომავალში საქართველოში 15 ჰესის მშენებლობა იწყება. ჰესების პროექტებს ემატება ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება და მალე საქართველო რეგიონში დენის მსხვილ მწარმოებლად ჩამოყალიბდება.
ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობა ვარაუდობდა, რომ 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყებოდა, მაგრამ ახლა უკვე ლაპარაკია 15 ჰესის პროექტზე. რას მოუტანს ეს ქვეყნის მოსახლეობას და გამოიწვევს თუ არა ელექტროენერგიის საფასურის შემცირებას?
ენერგეტიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა დიდ დანახარჯებთან, დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული და, შესაბამისად, იქიდან მიღებული ენერგიაც უფრო ძვირია.
„ის კაპიტალური ხარჯები, რომლებიც იქნება დახარჯული, დააწვება ტარიფს. ეს, ერთი მხრივ, თითქოს გაძვირებაა და კარგია თუ არ მოხდება. მეორე მხრივ, ეს ჰესები საექსპორტოდ არის განსაზღვრული და ის გავლენას ვერ მოახდენს ძველ ტარიფზე“, - აცხადებს ექსპერტი დავით ებრალიძე.
სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ჰიდროენერგეტიკა გრძელვადიანი ბიზნესია და ინვესტორები ამ სფეროში კაპიტალის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი ტარიფის გარანტიას მოითხოვენ. შესაბამისად, საქართველოს ისღა რჩება, რომ ჰიდრორესურსების ათვისება ინვესტიციების მოსაზიდად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად გამოიყენოს.