"მთელი კვირის" მასალის მიხედვით
"შაბათს კიკვიძის პარკში "ქართული ოცნების" აქტივისტების დაკავებას ყოფილი "კმარელი" გოგა ონიანი ხელმძღვანელობდა. როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, მისი და მისი მეგობრების დაკავების დროს ონიანმა მათ თავი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსად წარუდგინა... თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რევაზ ჭარბაძე, შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი, ძალოვანი სტრუქტურებიდან იმერეთის გუბერნატორად გადაყვანილი ლაშა მაქაცარია, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსი გოგა ონიანი - ის ხალხია, რომლებიც 2003 წლის დასაწყისში "თავისუფლების ინსტიტუტის" მიერ ადამიანის უფლებების დასაცავად შექმნილი ახალგაზრდულ მოძრაობა "კმარას" აქტივისტების ძირითად და აქტიურ ნაწილს შეადგენდნენ", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით ყოფილი "კმარელები" პარლამენტში, მთავრობსა და პოლიციაში.
"აღსანიშნავია, რომ შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაცია "კმარას" დევიზი "კმარა უსამართლობა" იყო და რევოლუციის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებად მოვლენილ ამ აქტივისტებს ყოფილი თანამებრძოლების ნაწილი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს. ძალოვანის სტრუქტურების მაღალჩინოსნების გარდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ მაღალ თანამდებობებზე, სხვა აქტიური "კმარელებიც" აღმოჩნდნენ. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური კოორდინატორი გიგი უგულავაა. ასევე "კმარელები" იყვნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი, მისი მოადგილე გიორგი კადელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი.. "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "კმარელობის" გამო ყველა დანიშნეს რაღაც თანამდებობაზე, მაგრამ თანამდებობებით დაფასება "კმარელობის" გამო არ ხდებოდა - დააფასეს ის, ვინც უფრო მეტად იქნებოდა ამ სისტემის ნაწილი და ყველანაირი ბრძანების შემსრულებელი", - აღნიშნავს გამოცემა.
"მაგალითად, იგივე ლაშა ჩხარტიშვილსაც სთავაზობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მაგრამ უარი თქვა. შემდეგ ვინც ყველაზე მეტად მოერგო ამ სისტემას, ვინც გახდა უპრინციპო და ყველაფრის მკადრებელი, ის დაწინაურდა. თეა თუთბერიძესაც ექნებოდა რამე თანამდებობა, მაგრამ მან არ მონდომა. გიგა ონიანი მახსოვს. მის გარდა მახსოვს კიდევ იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, ასევე ნოდარ ხიზანიშვილი, გიგი უგულავას არ ვთვლი "კმარელებში" ის ბოლოს გამოჩნდა - ამ ორგანიზაციის კოორდინატორობა დაავალეს. ბაჩო ახალია იყო საკმაოდ აქტიური კმარელი. ორი დიადი დეპუტატი გვყავს - აკო მინაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი. სხვები და მათ შორის ეს ონიანი დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. გამორჩეულად სუსტი და უსახური იყო იმერეთის დღევანდელი გუბერნატორი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
"თეა თუთბერიძე არის ლევან რამიშვილის "ბრელოკის" თოჯინა. მინაშვილი, თაქთაქიშვილი, კანდელაკი, ასევე რევაზ ჭარბაძე, ლაშა მაქაცარია, რომელიც ახალაიას ხელის ბიჭი იყო, დღესაც ასეთად რჩება, ისინი იყვნენ და არიან ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას ფარული სახელმწიფო კლანის აქტიური წევრები და ისინი პირად თუ საერთო კორუფციულ ინტერესებს ემსახურებიან. ბაჩო ახალაია რომ გამორჩეული სადისტია და მისი ადგილი განსასჯელის სკამზეა, ამაში მგონი, ეჭვი არავის ეპარება. გოგა ონიანიც ერთ-ერთი დამნაშავეა, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში მრავალ უკანონო ქმედებაშია შემჩნეული - მაშინაც, როცა ახალაიას მოადგილე იყო და ახლაც, როცა მშვიდობიანი აქცია დაარბია და ჩვენ უკანონოდ დაგვაკავა. ეს ადამიანები არა მარტო პოლიტიკურად, სამართლებრივად უნდა გასამართლდნენ . ზოგი დანაშაულებრივ ბრძანებებს იძლევა, ზოგი ასრულებს და ყველას თავისი უნდა მიეზღოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილი.
1792
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85